მარიამ ბოლქვაძე
22 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამხრეთ ბოსნიის ქალაქ ტებინეს მახლობლად, რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის 3 წლის ბავშვიც, ლითონის გალიაშია მოთავსებული. მათი მტკიცებით, ისინი ერაყიდან ბოსნიაში ჩასული 2 ოჯახის წარმომადგენლები არიან. მათ შორისაა: 7 მოზრდილი და 5 ბავშვი.
ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მიგრანტებს მონტენეგროში აბრუნებს, არ აძლევს მათ თავშესაფარს, რაც მისი სიტყვებით, ეწინააღმდეგება შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობას.
ბოსნიის სასაზღვრო პოლიციამ, თავის მხრივ, 23 აპრილს, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს ადამიანები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ, რაც მათი მონტენეგროში უკან დაბრუნების მიზეზი გახდა.
"მიგრანტებს თან საიდენტიფიკაციო დოკუმენტი არ ჰქონიათ, ჰქონდათ მხოლოდ ერთი საბუთი, რომელიც ადასტურებდა, რომ ისინი თავშესაფარს ითხოვდნენ. პოლიციამ მათ საკვები და წყალი გადასცა, რის შემდეგაც, ისინი მოსაცდელ ოთახებში გადანაწილდნენ."- განაცხადა ბოსნიის სასაზღვრო პოლიციამ.
მათ მიგრანტების მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები უარყვეს და დაამატეს, რომ დაწესებულება ევროკავშირის ფონდების დახმარებით აშენდა, რის გამოც, შენობაში სტანდარტული მოსაცდელი ოთახები არ არის და რომ ისინი ერთმანეთისგან ლითონის ბარიერებითაა გაყოფილი, რომლებიც კარგად ნიავდება, აღწევს მზის შუქი, დამონტაჟებულია გათბობა და შენობის ტერიტორიაზე სანიტარული ობიექტებიცაა განთავსებული.
მათ ასევე დაამატეს, რომ მიგრანტები ოთახეში ჩაკეტილები არ იყვნენ და რომ ისინი იქ, მხოლოდ 2 საათს გაჩერდნენ, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, მათ გალიაში, მთელი ღამე დაჰყვეს.
ბოსნიის სასაზღვრო პოლიციის განცხადებას ეწინააღმდეგება მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ ცენტრებში, რომლებშიც მიგრანტები დეპორტამდე თავსდებიან, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები დაცული არაა: არ არის ცხელი წყალი, საკვების მისაღებად დიდ რიგში ჩადგომაა საჭირო და სამედიცნო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის.
"ნუთუ ეს კოლექტიური გადაწყვეტილებაა და სტანდარტია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო უნდა იყენებდეს დედამიწაზე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან, ლტოლვილებთან ურთიერთობისას?! ნუთუ ამის შესახებ, ხმას არავინ ამოიღებს და ადამიანთა უფლებების დასაცავად რაიმეს გაუმჯობესებას არ მოითხოვს"? - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის პოსტში.