მოსამართლეების თემაზე ყველაზე ხმაურიანი კანონპროექტის გამო ქვეყნის შიგნით არასამთავრობოების, ოპოზიციისა და ექსპერტების უკმაყოფილებას ახლა უკვე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან გამოხატული უკმაყოფილებაც დაემატა.
„სასამართლო რეფორმის თემაზე მიღებული კანონით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ", - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გააკეთა, რასაც თბილისში დიდი შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან „ქართულმა ოცნებამ" ღია უკმაყოფილება და საყვედური მიიღო და ამაზე ხისტად დიპლომატები, როგრც წესი არ საუბრობენ.
თავად „ოცნების" წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თარგმანით სპეკულირებს და ელჩმა არა იმედგაცრუება, არამედ წუხილი, სინანული გამოთქვა და თავადაც წუხს, რომ მათი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია ერთმანეთს ვერ დაემთხვა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, აშშ-ის ელჩის განცხადება, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების გამოხატვა იყო იმის გამო, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისწინეს.
„ამჯერად საჯაროდ საყვედური გამოუცხადეს ხელისუფლებას და რეალურად, დარწმუნებული ვარ, უფრო მძიმე საუბარი იქნებოდა კულუარებში, ვიდრე ეს ელჩმა საჯაროდ გააკეთა,"- ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, ამერიკელი დიპლომატის განცხადებიდან ჩანს, რომ ვაშინგტონში არ აქვთ იმედი, რომ ასეთი შერჩევით მიღებული სასამართლო სისტემა იქნება საქართველოს მოსახლების ნდობის გამომხატველი.
იმედი არ აქვთ, რომ სასამართლოსადმი ნდობა მოსახლეობაში გაიზრდება. ამიტომ ლაპარაკობენ ამას... ხელისუფლება რომ სტრატეგიული პარტნიორის რჩევებს არ ითვალისწინებს, ეს კრიტიკულ და კრიზისულ ვითარებაში ყოველთვის ცუდად მთავრდება. ახლა სასამართლოსადმი ნდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ როცა წინ გვიდგას საკმაოდ რთული 2020 წლის არჩევნები. როგორც ჩანს, უფრო ამ კონტექსტში განიხილავენ ამერიკელები და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილიც სასამართლოსადმი ნდობას და არა მხოლოდ რაღაც კერძო სასამართლო დავებში.
"უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას აკისრებენ. თუ სასამართლოს გადასაწყვეტი გახდა რა და როგორ მოხდა არჩევნებში და სასამართლოსადმი ნდომა იქნება დაბალი, ეს ნიშნავს, რომ პროცესები გადავა ქუჩაში. სწორედ ესაა პრობლემა,"- აცხადებს ძაბირაძე.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ განწესების თაობაზე კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ" კვირას მეორე მოსმენით მიიღო. მმართველმა პარტიამ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა, ის, რომ კანდიდატისათვის მოსამართლეთა გამოცდები სავალდებულო არ არის და მეორე, რაც ინტერესთა კონფლიქტს ეხება, თუ იუსტიციის საბჭოს წევრი კანდიდატად დასახელდება, ის შეფასებისას კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის დიდი მოთხოვნის მიუხედავად „ოცნებამ" არ გაითვალისწინა კიდევ 2 რეკომენდაცია, ერთი, რომ მოსამართლეების ნაწილი მომდევნო პარლამენტმა დაამტკიცოს და მეორე - კენჭისყრა უნდა იყოს ღია, უარის თქმა უნდა დასაბუთდეს და კანდიდატს გასაჩივრების უფლება მიეცეს.
კანონპროექტი „ოცნების" გარდა ყველასთვის მიუღებელია და კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ თმობს.
ქვეყნის შიგნით კანონპროექტით უკმაყოფილებას ახლა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაც დაერთო.
ამერიკელი დიპლომატი როს უილსონი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარუდგინეს.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია და აუცილებელია უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ მოსამართლეებით, ვისაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება.
„იმედი გვაქვს ამ რეკომენდაციებს განიხილავენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს გამჭვირვალედ მოსამართლეთა დასახლების დროს. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტიც სრულად შეასრულებს ნაკისრ პასუხისმგებლობას და წარდგენილ კანდიდატებს გამჭვირვალედ და კრიტიკული თვალითაც განიხილავს. ეს აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს უზენაესი სასამართლოს ისეთი მოსამართლეები, როგორებიც სჭირდება დემოკრატიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის,"-განაცხადა როს იულსონმა.
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სალომე სამადაშვილის განცხადებით, როს უილსონის მიერ გამოთქმული წუხილი საყვედურია ხელისუფლებისადმი.
„შეიძლება, ითქვას, რომ ამერიკის ელჩის შეფასება საყვედურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მართული სასამართლოს სახით დააყენა და ამას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით აქვს აღებული", - განაცხადა სამადაშვილმა.
„ოცნებიდან" წამოსული გედევან ფოფხაძის შეფასებით, ეს არის ღია უკმაყოფილება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან.
„მე მგონი, აშშ-ს ელჩის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები არ არიან კმაყოფილი სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესებით. ვენეციის დასკვნა რომ უარყოფითია და არ არის გაზიარებული, აშშ-ს საელჩომ ეს მკაფიოდ დააფიქსირა. შეიძლება ვიღაც ადგეს და მაინც თქვას, რომ მადლობა აშშ-ს ელჩს მხარდაჭერისთვისო, მაგრამ ეს სირაქლემას პოზიციას ჰგავს...
"ეს საკანონმდებლო პროცესი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება. თუ ჩვენ წავალთ იმ გზით რა გზითაც მივდივართ, ყველა ჩვენ პარტნიორთან დავკარგავთ ნდობას და მივიღებთ მართლმსაჯულებას, რომელიც პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული",- ამბობს ფოფხაძე.
მისი თანამოაზრე ეკა ბესელიას თქმით, ამერიკელი დიპლომატის განცხადება იყო ძალიან მკვეთრი, რომელმაც თქვა, რომ ის არის იმედგაცრუებული, რომ რეკომენდაციები, რომელიც ერთობლივად შემუშავდა, არ გაიზიარა პარლამენტის უმრავლესობამ.
მისივე თქმით, კიდევ არის შანსი დარჩენილი, რომ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს კანონპროექტი.
„თუ ეს ასე არ მოხდება და არ იქნება რეკომენდაციები გაზიარებული, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება, გარწმუნებთ. თუ ჩვენს კოლეგებს კეთილგონიერება შერჩენიათ, უნდა მიხვდნენ, რომ ეს სიჯიუტე არ ვარგა,"- ამბობს ბესელია.
ოპონენტების შეფასებებს არ ეთანხმება გია ვოლსკი.
„პირდაპირ თარგმანში არის, რომ როს უილსონი გულდაწყვეტილია. სინანულს გამოთქვამს, რომ ჩვენი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვა. ამ თარგმანით პოლიტიკურ წრეებში გარკვეული სპეკულირება მიმდინარეობს. თუმცა რეალობა შემდეგია - ჩვენც წუხილს გამოვთქვამთ, რომ ყველა პოზიცია ვერ დაემთხვა," - აღნიშნავს ვოლსკი.
ის გამორიცხავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს. ვოლსკი აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.