იანვარში, თებერვალსა და მარტში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 9%-ით შემცირდა. ასეთია სასტუმროების ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მატულობს მაღალი კლასის სასტუმროების რიცხვი, ვიზიტორთა შემცირებამ გავლენა ფასზეც იქონია და წლის დასაწყისიდან იკლებს მომსახურების საშუალო ფასიც. ტურისტთა კლება კი განსაკუთრებით ირანიდან ნაკადის შეწყვეტამ გამოიწვია.
2019 წლის გაზაფხულამდე საქართველოს სასტუმროებში მომსახურების საშუალო ფასი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ორგანიზაცია "პიემსიჯიმ" საქართველოს სასტუმროებში ფასების კვლევა გამოაქვეყნა.
2019 წლის მარტში საქართველოს 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში მომსახურების საშუალო ფასმა 125 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 227 ლარი. მათივე ინფორმაციით, როგორც 3-ვარსკვლავიან, ასევე 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი მომსახურების ღირებულება 2019 წლის იანვრიდან მცხეთა-მთიანეთში აღინიშნება.
"საოჯახო ტიპის სასტუმროებში მომსახურების საშუალო ფასმა მარტში 73 ლარი შეადგინა, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 486 ლარი. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 599 ლარი შეადგინა, აჭარაში - 471 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 385 ლარი, ხოლო კახეთში - 355 ლარი", - ნათქვამია კვლევაში.
საქართველოს სატუმროებში მომსახურების საშუალო ფასის ზრდას მაღალი კლასის ობიექტების მაღალი ტემპით მატებაც განაპირობებს. გარდა ამის, ვიზიტორებისა და საკუთრივ ტურისტთა დიდი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ხარისხისაგან განსხვავებით, ფასები ნამდვილად ევროპის დონისაა და საქართველო სამოგზაუროდ ძვირი ქვეყნების სიაშია.
სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი ბოლო პერიოდში ქართულ სასტუმროებში ფასებისა და ტურისტების შემცირების ტენდენციაზე საუბრობს. მისი თქმით, შეიძლება საქართველოს სხვა რეგიონებში ნამდვილად არის ფასის მატება, მაგრამ თბილისში იკლებს განთავსების ღირებულებაც და სტუმართა ოდენობაც.
"ვინც საქართველოში სასტუმროების მაღალ ფასებს აკრიტიკებდა, შეგიძლიათ, ამოისუნთქოთ, სასტუმროების ფასი იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში თითქმის განახევრდა. ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობაც განახევრებულია.
საქართველოს მასშტაბით სტატისტიკა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვისაუბრო დედაქალაქზე. იანვარში, ფასი, საშუალოდ, 16 დოლარით შემცირდა, თებერვალში - 18 დოლარით, მარტში კი - 3 დოლარით.
სამწუხაროდ, იკლებს ვიზიტორთა რაოდენობაც. მაგალითად, ძალიან დიდი ვარდნა გვაქვს ირანიდან. შეიძლება ითქვას, რომ აღარ შემოდიან ირანიდან სტუმრები. მატება გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან, ძირითადად გერმანიიდან. დიდ ნაკადს ველოდებით კორეიდან, თუმცა ეს ვერ აბალანსებს იმ დანაკლისს, რაც საქართველოსათვის ირანული ტურიზმი იყო. იანვარში, თებერვალსა და მარტში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 9%-ით შემცირდა," - აღნიშნა "რეზონანსთან" ალავერდაშვილმა.
სასტუმროების მენეჯმენტის სამსახურისგან განსხვავებულია სპეციალისტების პოზიცია. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ, ზოგადად, ქვეყანაში დაბინავების ფასი იზრდება და მას ვერ ეწევა ხარისხი. შედეგად, დისბალანსი მატულობს და სწორედ ამით არის განპირობებული სტუმართა უკმაყოფილება.
"თბილისი არის ძვირი ქალაქი. როცა საქართველოში ჩამოსვლის მსურველს აქვს ინფორმაცია, რომ იგი განვითარებადი ქვეყანაა, დაბალ ფასს ელის, რაც უმეტესად არ უმართლდებათ. ღარიბ ქვეყანაში მოგზაურობის ხიბლი სწორედ სიიაფეა, ჩვენთან კი ასე არ არის არც საოჯახო და არც ბრენდ სასტუმროებში.
ევროპასთან და განსაკუთრებით ამერიკასთან შედარებით, გაცილებით ძვირია მომსახურება, რაც, სამწუხაროდ, ნაკარნახევია ბაზრით, ანუ განთავსების ობიექტების სიმცირით.
გასაგებია, რომ დაბალკონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნა სრულიად სუბიექტურია. ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებით სჭირდება 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროები და არა მხოლოდ ფეშენებელური. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ფასს ვერა და ვერ ეწევა ხარისხი. დისბალანსი ფასის ზრდასთან ერთად მატულობს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კვარაცხელიამ.