"შეიძლება პურპროდუქტების ფასის შემცირებაზეც ვიფიქროთ, ეს სავსებით შესაძლებელია"
მარი ჩიტაია
25.04.2019

 მაისის ბოლოდან საქართველოში, შესაძლოა, ფქვილი გაიაფდეს, რაც პურის ფასს შეამცირებს. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ ბაზარი დასტაბილურდება, რაზეც გავლენას მოახდენს ყაზახური ხორბლის იმპორტი. დიდი გაურკვევლობის შემდეგ მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მოხდეს და რუსული ხორბლის იმპორტი შემცირდეს. ყაზახური წარმოების 1 ტონა ხორბლის ფასი 90 დოლარია. სატარიფო ცვლილების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი დაახლოებით 70 დოლარამდე დავიდეს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრისას ყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხი განიხილა და განაცხადა, რომ ხორბალი ხელმისაწვდომ ფასად შემოვა.

"ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დასწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ," - აცხადებს თურნავა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა უკვე მომზადებულია, თუმცა ყაზახური ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ყაზახეთში მომავალი ვიზიტის ფარგლებში იქნება მიღებული.

"ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის, ხორბლის, მიწოდება დივერსიფიცირებული იყოს. დღეს ბაზარზე დომინირებს რუსული ხორბალი. მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახეთი თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს ყაზახური ხორბლის მიწოდებას საქართველოს ბაზარზე და ტარიფებს 50%-მდე დასწევს. რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში მივიღოთ ყაზახური ხორბალი და ეს პრობლემა კარდინალურად გადავწყვიტოთ," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება გადასახადის კომპონენტს, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ ხარჯი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდება. ტარიფის დაკლება ყოველთვის აისახება პროდუქტის ფასზე აისახება, თუმცა საბოლოოდ როგორ შეიძლება დაკორექტირდეს ფასი, პროგნოზი უჭირს.

"ხორბლის გაიაფება პარალელურად გამოიწვევს ფქვილისა და პურის ფასების კლებას, თუმცა მაინც დეტალებს ველოდებით, როცა ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და დეტალები გაირკვევა. ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. პირველი, ეს არის რკინიგზა და სადგურის მომსახურება, მეორე - ქვეყნები. როდესაც ხორბალი ყაზახეთიდან მოდის საქართველოში, მან უნდა გაიაროს შიდა ტერიტორია, რუსეთი, აზერბაიჯანი და ასე შემოვიდეს საქართველოში.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რაზეა საუბარი ტარიფთან დაკავშირებით, მთლიანი ტარიფია თუ ის, რომელსაც აწესებს ყაზახეთი. აქედან გამომდინარე, სწორად უნდა ვიცოდეთ, სინამდვილეში რომელ კომპონენტზეა საუბარი. დღესდღეობით ყაზახეთიდან აღნიშნული 4 ტერიტორიის გავლით 1 ტონა ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვა ჯდება 60 დოლარი. შესაბამისად, 50% არის ყაზახური გზის ხარჯის ნახევარი, რაც ფასში დაახლოებით 25-30 დოლარამდეა. ცხადია, საკმაოდ კარგი სუბსიდირებაა და დადებითი ეფექტიც ექნება. ველოდებით, რომ 1 ტონა ხორბლის ფასი, ჯამში, 70-75 დოლარამდე ჩამოვა," - აღნიშნა სილაგავამ და დასძინა, რომ სამომავლოდ მოსალოდნელია, ფქვილი გაიაფდეს.

"ხორბალი დაბალი ფასით თუ შემოვა, ფქვილის ფასზე დადებითად აისახება, კონკურენცია მოიმატებს და ფასიც დასტაბილურდება. გარდა ამისა, ივნისში ახალი მოსავალი გვექნება. სტატისტიკურად, ყოველი მესამე წელი მსოფლიოში მოუსავლიანია. ჩვენ ადგილობრივი მარაგიც უნდა გვქონდეს და ჰექტარზე მოსავლის რაოდენობის ზრდა შევძლოთ. მნიშვნელოვანია, რომ მოხმარების 30%-ზე ავიდეთ ქართული ხორბლის მხრივ, რაც დღესდღეობით 10%-ია. მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომ გარდამავალი მარაგი არსებობდეს ქვეყანაში, რაც კრიზისულ სიტუაციაში დაგვეხმარება," - აღნიშნა სილაგავამ "რეზონანსთან" საუბრისას.

ბაზრის სტაბილურობის მოლოდინი გაუჩნდათ პურპროდუქტების მწარმოებლებსაც, რომელთა ვარაუდითაც, ნომერ პირველი მოთხოვნილების პროდუქტი მაისის ბოლოს ან ივნისიდან შეიძლება მცირედით გაიაფდეს.

"ყაზახური ხორბლის იმპორტი შექმნის სტაბილური ფასის განცდას. როცა იცი, რომ ყოველდღე არ იცვლება ფასი ფქვილსა და ხორბალზე, დიდი შვებაა. კარგია, რომ ამაზე მთავრობა დაფიქრდა. ვერ გეტყვით, აქამდეც რატომ არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რატომ არ იზრუნეს სათანადოდ, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოეხდინათ.

სამომავლოდ როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, არც რუსეთის ფაქტორი უნდა გამოირიცხოს. როცა მეტია კონკურენცია და ეკონომიკის პრინციპები ჯანსაღად მუშაობს, ჩვენთვის მით უკეთესია. საბოლოოდ ხარისხიც გაუმჯობესდება, რადგან კუპაჟის (შერევის) საშუალება გვექნება. ამით შესაძლებელია, უკეთესი პროდუქტი მივიღოთ. ხარისხობრივად ხორბალი არის მაღალი, დაბალი და საშუალო, მათი შერევით კი კარგი პროდუქტი მიიღება.

რაც შეეხება პურის ფასს, მნიშვნელოვანია, რომ რყევა არ იყოს და თუკი სტაბილურობაც იქნება, ვიღაცამ შეიძლება ფასის შემცირებაზეც იფიქროს, რაც სავსებით შესაძლებელია," - განაცხადა "რეზონანსთან" მალხაზ დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×