პანკისის ხეობაში 21 აპრილს მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, 24 აპრილს მოსახლეობამ ხეობაში საგანგებო თათბირი ჩაატარა. ადგილობრივების თქმით, ხეობა ერთსულოვანია და დაძაბულობა არავის სურს.
თათბირზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სახალხო კრება დაწერს ტექსტს. კრება პანკისის ყველა სოფლიდან სამ-სამი წარმომადგენლით დაკომპლექტდება. დაძაბულობის ასაცილებლად მთავრობის სახელზე განცხადებით გამოვლენ, სადაც ხეობაში პოლიციელებთან მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მოსალოდნელი დაკავების შესახებ იქნება საუბარი.
ასევე, ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენების შემდეგ დროებითი საგუშაგოების მონტაჟი დაიწყო. სოფელ ძიბახევის ტერიტორია, სადაც ორი დღის წინ სპეცრაზმელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა, ახლა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და იქ 50-მდე პოლიციელი იმყოფება.
ამონტაჟებენ დროებითი განთავსების პუნქტებს, სადაც დაცვის პოლიცია ჩადგება. ადგილობრივები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ ჯერჯერობით მათთვის არავის არაფერი აუხსნია, რატომ ხდება ადგილზე დაცვის პოლიციის განთავსება, ან რა არის დასაცავი.
მათი თქმით, დასმულ კითხვაზე - რატომ ჩადგეს ჯიხურები სოფელ ძიბახევში, მათ უპასუხეს, რომ სკვერის გაშენებას აპირებენ.
პანკისელები ამბობენ, რომ მათთვის სამართალდამცველებთან დაპირისპირების ის ფორმა, რაც კვირას მოხდა, მიუღებელია, თუმცა თუ პოლიცია ინციდენტში მონაწილეების დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს.
მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, პოლიციას ჩაბარდეს, რადგან მათთვის რომელიმე თანასოფლელის გამორჩევა და დაკავება მიუღებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ რაც ხეობაში კვირას მოხდა, სადამსჯელო ღონისძიება იყო.
ერთი რამ უკვე ცნობილია, პანკისელები არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც კვირას მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე თანასოფლელების დაკავებას.
"გაუგებარია, როგორ უნდა შეარჩიონ ადამიანები, ვის დაკავებასაც გადაწყვეტენ. ერთმა თუ ისროლა, ამ ხეობის ნასროლია, გუნდური ნასროლია. მთელი პანკისი აგებს პასუხს და მზად ვართ, დასმულ კითხვაზე პასუხი გავცეთ. ეს იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიება და ჩვენი შეშინება უნდოდათ.
"ჰესის მშენებლობის საკითხი საერთოდ დაიხურა და ამით საქმე კიდევ უფრო გააფუჭეს," - ამბობს ადგილობრივი ემზარ ტოხოსაშვილი.
როგორც ადგილობრივები "რეზონანსთან" ჰყვებიან, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არც ერთი ადგილობრივი ჯერჯერობით სამართალდამცველებს დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. გამოძიება დაწყებულია, თუმცა პანკისელები ამბობენ, რომ საქმეში მხოლოდ სპეცრაზმელებისა და პოლიციის ჩვენებები დევს.
ადგილობრივების შეფასებით, დაპირისპირება სამართალდამცველებთან მათთვის პროტესტის მისაღები ფორმა არ არის, თუმცა თუ პოლიცია მათ დაკავებას დაიწყებს, მაშინ სანქციები მთელი სოფლის მოსახლეობაზე უნდა გავრცელდეს, რადგან წინააღმდეგობა სპეცრაზმს ყველა მცხოვრებმა გაუწია.
როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი ამბობს, მათ არ უთქვამთ, რომ ხეობაში ჰესის აშენების მომხრეები არიან. არ ყოფილა მოსახლეობის სრული თანხმობა და გაუგებარია, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება და მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ხეობაში ვინმე მშენებლობას ეთანხმებოდა.
"ხეობის არც ერთ მოსახლეს არ უთქვამს, რომ თანახმანი არიან. თანხმობის არც ერთი სიტყვა არ არის ამოსული პირიდან. რასაც გვაბრალებენ, ჩემთვის ეს უცნობია.
"ჩვენ ზოგიერთი ხალხი ბრალს გვდებს, ვითომ ჩვენ ვართ ამაში დამნაშავე, ჩვენ შევაცდინეთ ხალხი, რომ ვითომ ჩვენ ვართ თანახმა, აშენდეს ჰესი. ამისთვისაც გვინდა, ხალხს შევხვდეთ. სამოქმედო გეგმაზე იქნება საუბარი, კომპრომისი იყოს, მოლაპარაკება ჩატარდეს და იყოს მშვიდობა. არეულობა არ გვინდა. არეულობას უნდა ვერიდოთ," - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.
კომპანია "ფერის" დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ ჰესის ასაშენებლად ყველა საჭირო პროცედურა გავლილი აქვთ და მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. იგი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს იმ ჯგუფებს, რომლებიც ჰესის მშენებლობის შემდეგ რეგიონში შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ.
"ჩვენ ვართ შოკირებული ამ მოვლენებიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე დღეები გადავიარეთ, მოგეხსენებათ. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ინვესტორი კომპანიის გადასაწყვეტი, როგორ გაგრძელდეს იქ მოლაპარაკება იქნება, ჰესის საერთოდ გაჩერება იქნება, გაგრძელება იქნება თუ როგორ იქნება. ეს იქნება ალბათ ერთიანი პოზიცია სახელმწიფოსი," - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.