თამარ შუკვანი
25.04.2019

 დავით გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებსა და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მესამე დღეა არ უშვებენ, მისასვლელი ბილიკი გადაკეტილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი წერს.

„მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის სცენარით ვითარდება, რომელიც დღეისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელია.. აქაც, უდაბნოს მონასტერში, ამოყაჰვთ ბილიკი, (აზერ. მესაზღვრეებს) რათა სადღეღამისო მორიგეობა განახორციელონ.." - წერს ანანიაშვილი.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, კირიონი (ონიანი) „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას იგივეს ადასტურებს. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გზა გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ:

„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო.

„მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის ესაუბრა, აზერბაიჯანმელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?!

„საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ - მეგობრულ ურთიერთობაში.

„ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?" - აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

როგორც მან თქვა, სიტუაცია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.

„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას" ფარგლებში აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.

„შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს," - აღნიშნა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა, რასაც სწორედ ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება ემსახურება. „აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ასევე სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს.

შეგახსენებთ, გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.

საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×