თამარ შუკვანი
25.04.2019

 „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპული საქართველოს" შორის დაპირისპირება გრძელდება; ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც, შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში „ნაცმოძრაობას" უნდა დაეყენებინა კანდიდატი, 6-ში კი „ევროპულ საქართველოს."

ბობოხიძე აცხადებს, რომ ეს შეთანხმება „ნაცმოძრაობამ" ჯერ მარნეულში, შემდეგ კი ჭიათურაში დაარღვია.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამოა აუცილებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

„ამიტომ მივმართეთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 19 მაისის შუალედური არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმს და 6 საარჩევნო ერთეულში ევროპული საქართველოს შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ენმს ხელმძღვანელობამ ჯერ მარნეულში ხოლო შემდგომ ჭიათურაში დაარღვია.

„ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ ევროპული საქართველოს ამომრჩეველს (ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში), სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ასევე იმედი გვაქვს, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მხარდაჭერის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში," - განაცხადა ბობოხიძემ.

ამ განცხადებას „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი შეთანხმება არ დარღვეულა და ახლა ერთმანეთთან ბრიფინგებით საუბრის დრო არ არის.

„ბრიფინგის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. მიუღებელი და გაუმართლებელია "გაერთიანებული ოპოზიციისა" და სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც კონსულტაციების შედეგად იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ზესტაფონსა და მარნეულში გაერთიანებული ოპოზიცია თავის კანდიდატურას დააყენებდა.

„რაც შეეხება ჭიათურას - შეთანხმებისამებრ, საკრებულოს წევრის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა მოხდა. მერობის არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიცია" და ენმ არ ღებულობენ მონაწილეობას. ჩვენთვის მთავარია და ამომრჩეველსაც მოვუწოდებთ, კონცენტრაცია მოვახდინოთ მთავარ იდეაზე, რომელიც საზოგადოების დაკვეთაა - ეს არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ამომრჩეველთან, რომლის მთავარი მიზანიც "ქართული ოცნების" ჩამოშორებაა.

„კონსულტაციების დროს წინასწარ ცნობილი იყო, მარნეულსა და ზესტაფონში "გაერთიანებული ოპოზიცია" ენმ -სთან ერთად დააყენებდა თავის კანდიდატურას. რაც შეეხება ჭიათურის საარჩევნო ოლქს - დაპირებისამებრ, კანდიდატის წარდგენა არ მომხდარა. ყველას მოვუწოდებ, კონცენტრირდეს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბობოხიძის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ბუნებრივი მოკავშირეები არიან და თუ ერთმანეთში რამე უთანხმოება აქვთ, ამან დიდი გავლენა ან რაიმე სკანდალური ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს.

„იქ ხანდახან რაღაც გაუგებრობებია, რომელიც გარეთ გამოდის, მაგრამ ამ ორივე პარტიის არსი ძირითადად ერთი და იგივეა, დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და დანაშაულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ასე რომ, აქ ცოტა წაკინკლავება არაფერს განაპირობებს.

„ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან ხალხი, რომელსაც გული შესტკივა, პატრიოტული განწყობების არიან და რაც მთავარია, პროფესიონალური მონაცემები გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ოპონენტებს," - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, შუალედური არჩევნები საქართველოში 19 მაისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×