თამთა ჩაჩანიძე
25.04.2019

 რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მაცხოვრებლები რუსეთის პასპორტებს გამარტივებული წესით მიიღებენ. პრეზიდენტმა განკარგულებას სწრაფი წესით მოაწერა ხელი და ის დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

დოკუმეტში, რომლის მიღებასაც რუსეთის ულტრანაციონალისტური და რეაქციული ძალები დიდი ხანია ითხოვდნენ, ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მიიღეს და იცავს მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს.

უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მოსკოვს სურს, უკრაინის აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია მოახდინოს და სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის სცენარი გაიმეოროს.

"პასპორტების უკანონო გაცემის მცდელობა დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის სცენარის გამეორება და რუსეთის სამხედროების შემოყვანის გამართლებაა,"აცხადებს პოროშენკო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში პასპორტების გაცემის წესის გამარტივება რუსული აგრესიის გაგრძელებაა.

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასპორტების გაცემის შესახებ აგრესიის გაგრძელება და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს დონბასის ოკუპაციის ახალი „საპასპორტო" ეტაპია, რუსეთმა ჩვენ აწმყო წაგვართა და ახლა ჩვენს მომავალს ესხმის თავს" - წერს პაველ კლიმკინი.

რუსეთის ფედერეციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი ნორმალურია და მასში ცუდს ვერაფერს ხედავს, რადგან დონბასში მცხოვრებლებს რუსეთთან სურს კავშირი სხვადასხვა გარემოებების გამო.

"დონბასში მცხოვრებ ხალხებს - რუსებს, რუმინელებს, პოლონელებს და უნგრელებს, ასევე უკრაინელებს სურთ რუსეთთან კავშირი სხვადასხვა გარემოებების გამო, ეს იქნება ნათესაობა, შერეული ქორწინება თუ სხვა და მე აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ნიკა ჩიტაძის აზრით, პუტინის ეს ნაბიჯი "ირიბი აგრესიის" გააქტიურებაა. ექსპერტის თქმით მსგავსი სიტუაცია 2008 წელს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც იყო, რაც შემდეგ რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა.

"იგივე ხდებოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, როდესაც ამ რეგიონების მაცხოვრებლებს ენიჭებოდათ რუსეთის მოქალაქეობა და შემდგომში რუსეთმა აღნიშნული გამოიყენა რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით 2008 წელს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ეს უკრაინაშიც გამოიყენოს. თუ უკრაინა გადაწყვეტს, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო გზით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით შეიყვანს ჯარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.

რატომ გაკეთდა აღნიშნული განცხადება დღეს? უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც ასევე ამბობს, რომ უკრაინა მომავალშიც არ შეიცვლის საკუთარ საგარეო პოლიტიკურ კურსს და მგონია, რომ ეს განცხადება რუსეთისთვის მიუღებელია და ხდება რუსეთის მხრიდან სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა," - აცხადებს ჩიტაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×