"30 წელია ჩვენ მხოლოდ პიროვნული მმართველობა გვაქვს და მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა არასდროს ყოფილა შეფასების კრიტერიუმი. მივიღეთ კიდევ ერთი ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებამ გასირისა და ვხედავთ იმასაც, რომ იწყება უაზრო გადაადგილებები, რომლის შედეგიც იქნება ნული" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტისკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებაში" არ ადასტურებნ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო გუნდი მთლიანად შეიცვლება. თქვენ რა ცნობები გაქვთ?
დემურ გიორხელიძე: მე არ ვიცი რას ფიქრობენ იქ სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ მრავლობითი რიცხვი მგონი არასწორად გამოვიყენე, რადგან 30 წელია ჩვენ პიროვნული მმართველობა გვაქვს და ამ ხნის მანძილზე მთავრობის საქმიანობის ეფექტურობა არასდროს ყოფილა შეფსების კრიტერიუმი. ჩვენ, არ ვიცით რატომ ინიშნება ვინმე, ან რატომ თავისუფლდება. რა იყო გასაკეთებელი და რა ვერ გაკეთდა, რა პარამეტრებზე ვერ გავიდა მთავრობა და არც ეს პარამეტრები ვიცით, რა დავალება ჰქონდათ.
ხელისუფლება თითქმის 7 წელს ითვლის და გარღვევას ვერ აკეთებს, რადგან აქცენტები არასწორადაა განლაგებული. დღევანდელი მიმდინარე საკითხები დომინირებს და სტრატეგიულად ჩამოყალიბებული ხედვები არ არსებობს. უბრალოდ სისტემა არ მუშაობს და გადაწყვტილებები იმპულსურად და ჯგუფური ინტერესების დონეზე მიიღება. რაც შეეხება განვითარებას, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას, აქ ალტერანტივები ბევრი არ არის, ეს ჩამოყალიბებულია დოკუმენტის სახით 7 წლის წინათ და საერთო კონტექსტიდან ამოგდება და ფრაგმენტულად გაჟღერება რაღაცეების არ არის საქმიანი მიდგომა.
ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებამ გასრისა და ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იწყება უაზრო გადაადგილებები, რომლის შედეგიც, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იქნება ნული.
"რ": აქტიურდება ხმები იმის თაობაზეც, რომ უახლოეს დღეებში ივანიშვილი პრემიერის კანდიდატურას დაასახელებს და ეს თანამდებობა შეიძლება ისევ ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზოს.
დ.გ: კარგად არ მესმის, რატომ უნდა შეიცვალოს პრემიერ- მინსიტრი, როცა ის რასაც აყალიბებს დეკლარაციის დონეზე, სწორია, მაგრამ რატომ ვერ მიდის უკვე საქმემდე და რატომ ვერ ისახება სწორი მიგნებები, გაუგებარია. რაც შეეხება იმ პიროვნების მობრუნებას, რომელიც ადრე პრემიერი იყო, ეს შეიძლება გადაწყვიტოს მხოლოდ აგონიაში მყოფმა ადამიანმა, რომლის კრახიც გარდაუვალია. ამაზე დიდი უაზრობის მოფიქრება ძნელია, თუ ასე მოხდა. მაგრამ "ოცნება" რომ აგონიისკენ მიდის, ამის ყველა ნიშანი სახეზეა.
"რ": თუ ხელისუფლება დღეს აგონიაშია, მაშინ რა შედეგს დადებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
დ.გ: ეს იქნება ურთულესი არჩევნები და მე არ ვიცი, ხელისუფლებას ეყოფა თუ არა პოლიტიკური ხედვა, რომ ეს არჩევნები ცივილიზებულად გავიართო და არ დაემსგავსოს იმას, რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო, რადგან გაცილებით უფრო სასტიკ დაპირსიპირებას მივიღებთ. წლებია ვსაუბრობ იმაზე, რომ "ქართული ოცნება" არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი მოყვნენ ბიძინა ივანიშვილის მატარებელს და ეს მატარებელი ჩიხში შედის. არც მეისრე ჩანს და არც მემანქანე, რაც ძალზედ სამწუხაროა.
ქართული საზოგადოება კიდევ ერთი ფაქტის წინაშე დგება, ასე არჩეული ხელისუფლება, ანუ ბელადის მატარებელს მოყოლილი ხალხი ხელისუფლებას ყოველთვის ცუდად ამთავრებს. ეს არის უკვე დიაგნოზი, რომელიც ქართულ საზოგადოებას რაღაც შეხედულებების სისტემის ცვლილებებისკენ უნდა უბიძგებდეს. ჩვენ გვეყოლება კიდევ ერთი ბედნიერი ხელისუფლება და ქვეყნიდან გაქცეული ჩვენი მოქალაქეები, რადგან აქ არსებობის საშუალება ძალიან მცირეა. ეს არის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია 30 წელი, მხოლოდ ორი-სამი ათასი კაცისთვის, დანარჩენი სრული უპერსპექტივობის წინაშე დგას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.