მარი გოცირიძე
26.04.2019

 "თიბისი ბანკის" ინიციატივით, მაკროეკონომიკური მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან და მომხმარებლებთან შეხვედრა "ჰოლიდეი ინ"-ში მოეწყო. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მაკროეკონომიკის მიმართულებით არსებული ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზთან დაკავშირებით.

პრეზენტაციაზე განხილული საკითხები ძირითადად მოიცავს საერთაშორისო გარემოს ანალიზს საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით; ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის შეფასებას; ეკონომიკური ზრდისა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს; დაკრედიტების ტენდენციებსა და პროგნოზს და სხვა აქტუალურ საკითხებს.

"თიბისი ბანკის" მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს მნიშვნელოვანი საგარეო შემოდინებები 2019 წელს ზომიერად ძლიერი იქნება. საერთაშორისო პროგნოზების შესაბამისად, ამ მხრივ წლის მეორე ნახევარი შედარებით მეტი აქტიურობით დახასიათდება. ამასთან, მართალია, დაკრედიტების მხრივ შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა სოლიდური ფისკალური ხარჯი მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, საბაზო სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია ლარის გამყარება, განსაკუთრებით აშშ დოლარის მიმართ.

პრეზენტაციას "თიბისი ბანკის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია უძღვებოდა, რომელმაც ქვეყანაში მაკროეკონომიკის მიმართულებით არსებული ძირითადი მაჩვენებლების, დინამიკისა და პროგნოზების შესახებ ისაუბრა.

"საქართველოს მცირედ ზრდადი ეკონომიკა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საგარეო შემოდინებები - ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლის წილი დაახლოებით 70%-ია ჩვენს ეკონომიკაში. ამ მხრივ 2019 წელი ზომიერად ძლიერი იქნება, თუმცა განსაკუთრებით მეორე ნახევარში ველოდებით მეტ აქტიურობას, მეტ შემოდინებებს, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო პარტნიორებთან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას საქართველოში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი მარეგულიერებელი ჩარჩოს გამო დაკრედიტების მაჩვენებელი შემცირდება, მაგრამ 2018 წლისგან განსხვავებით, ფისკალური სტიმული იქნება ძალიან ძლიერი და ეს ფაქტორი შედარებით ნაკლებ დაკრედიტებას დააბალანსებს.

საბაზო სცენარით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ლარი გამყარდება, რისი საკმაოდ ძლიერი არგუმენტები არსებობს, თუმცა საშუალოვადიანი შეფასებებიდან გამომდინარე, ლარი უფრო დოლარის მიმართ გამყარდება, ვიდრე ევროს მიმართ. როგორც წესი, ძლიერი ევრო ძლიერ ლარს ემთხვევა, მაგრამ არა 100%-ით. "თიბისი ბანკი", როგორც ქვეყნის ნომერ პირველი ბანკი, აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე არის სესხი და ტრადიციული საბანკო პროდუქტები. ეს პრაქტიკა ჩვენ დავნერგეთ, ინდივიდუალურადაც ვხვდებით კლიენტებს და ყველა მათგანს განსაკუთრებით აინტერესებს მაკროეკონომიკური გარემო, რომ გაითვალისწინონ და ასახონ თავიანთ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში და საშუალოვადიან პერსპექტივებში, რაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

"თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ტრადიციულ ელფერს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

"ჩვენი მიზანია, შევაჯეროთ 2018 წელი, 2019 წლის პირველი კვარტალი და ვაცნობოთ საზოგადოებას ჩვენი პროგნოზები მიმდინარე წელთან დაკავშირებით. ჩვენ მოვიწვიეთ როგორც "თიბისი ბანკის" კორპორაციული კლიენტები, ასევე ფიზიკური პირები, მომხმარებლები და გვინდა, რომ ასეთი შეხვედრები ტრადიციად ვაქციოთ. წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ მაინც მოვაწყოთ ამ ტიპის შეხვედრები, სადაც მაკროეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს ხედვას და პროგნოზებს გავუზიარებთ მომხმარებლებს. მოლოდინი გვაქვს, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2019 წელს 4,7-5,4 %-ის ფარგლებშია. რაც შეეხება "თიბისი ბანკის" პორტფელს, ჩვენი პროგნოზია, რომ 2019 წელს ზრდა 12-15%-ის ფარგლებში იქნება.

მოლოდინი გამართლდა და პირველ კვარტალში იპოთეკურ სესხებზე საკმაოდ აქტიური ზრდა დაფიქსირდა, თუმცა სამომხარებლო სესხებზე ტრენდი კლებისკენ არის მიმართული, რისი მოლოდინიც არსებობდა," - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"თიბისი ბანკის" კორპორაციული კლიენტები აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკური მიმოხილვა მნიშვნელოვნად დაეხმარებათ, რათა თავიანთ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ კვლევებით იხელმძღვანელონ.

"მაკროეკონომიკური ანგარიშის მომზადება ბანკის მხრიდან, რომელიც ფარავს საქართველოს მომხმარებლებისა და კომპანიების ნახევარს, ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა საინტერესო მონაცემთან ერთად, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, მოცემული იყო ორი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო ურთიერთობა არის ევროში, რაც პირადად ჩემთვის სიახლე იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ლარის პროგნოზი, ჩვენი ეკონომიკური ზრდიდან მომდინარე, რაც გადაწყვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ზრდის ტემპს ინარჩუნებს. ჩვენ ვაფართოებთ წარმოებას დაახლოებით 35%-ით, ხოლო რამდენიმე თვეში გავხსნით წარმომადგენლობას აზერბაიჯანში, რომელიც გაყიდვით დაკავდება. იქიდან გამომდინარე, რა მოთხოვნებიც იქნება ბაზარზე, ინვესტიციების საკითხსაც გადავწყვეტთ," - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ, კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელმა.

პრეზენტაცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მაკროეკონომიკურ საკითხებზე მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ პასუხი.

 (ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×