„თვითონ ქვეყნის შიგნით ეკონომიკის განვითარების ტემპების დაჩქარებით და სამუშაო ადგილების შექმნით გადაადგილება და თავშესაფრის მაძლიერებლთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია.
„სპეციალური ბარიერებით პროცესების შეჩერება ძალიან რთული იქნება. მითუმეტეს ჩვენ ასოცირებული წევრები ვართ, მომავალში იმედია ევროკავშირის წევრი გავხდებით და შესაბამისად, გადაადგილება უფრო მეტად ლიბერალიზებული იქნება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას აკადემიკოსი ავთო სილაგაძე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის განცხადებას, რომ ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკის შესამცირებლად სამინისტროს კონკრეტული გეგმები აქვს.
სილაგაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ქვეყნიდან ეკონომიკური პრობლემების გამო მიდის და სწორედ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მოსახელობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სხვაგვარად გადაადგილების შეჩერება, შეუძლებელია.
„თუ ქვეყანაში გარკვეული დოზით ახალი სამუშოა ადგილებს შევქმნით, მაგრამ არა იმ ტემპით, რა ტემპითაც მიმდინარეობს, არამედ გაცილებით მაღალი ტემპებით, ეს გადაადგილებას შეანელებს.
„ტენდენცია ადრინდელთან შედარებით, დღეს ქვეყნიდან გასულ მოსახლეობასა და ქვეყნიდან შემოსულ მოსახლეობას შორის, რადიკალურად შეცვლილია. მინიმალური რაოდენობა შემოდიოდა, ანუ გასულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ახლა ამის სანაცვლოდ სხვა ქვეყნებიდან შემოდის და წასული ადამიანების ადგილს იჭერენ.
„ჩვენ ქვეყანაში შემოსულთათვის პირობები როგორია, გარკვეულწილად ხომ არ არის გადასახედი, - პარალელურად ამაზეც უნდა ვიფიქროთ და ასევე განვითარებაზე," - განაცხადა ავთო სილაგაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ის დიდი მონაპოვარი შენარჩუნებული იყოს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გადაადგილებასთან დაკავშირებით გააჩნია.
„იყო გარკვეული ქვეყნების მხრიდან წუხილი თავშესაფრის მაძიებლის სტატისტიკის ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებებიც არის ადეკვატური. გუშინ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისრის წარმომადგენელთან, შეხვედრები გაიმართა ყველა იმ უწყებაში, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. კონკრეტული სამოქმედო გეგმები დავსახეთ.
„ამაზე მომავალში აუცილებლად გვექნება საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიწვევს და შედეგად მოჰყვება ის, რომ შემცირდება საგრძნობლად თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკა ევროპულ ქვეყნებში და არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.