"ამ ეტაპზე პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს, რადგან წლებია, ვერც ერთი მხარე კომპრომისზე ვერ მიდის, კარგი ურთიერთობა კი ორივე ქვეყნისთვის ძვირფასია. ამიტომ ეცდებიან, რომ ამ საკითხის გამო ეს ურთიერთობა არ წახდეს, მით უმეტეს საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს" - ასე ეხმიანება ექსპერტი პეტრე მამრაძე დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებს.
"პრობლემა დაიწყო საბჭოური წლებიდან. მოსკოვის დეკრეტების შედეგად საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა მეზობელ რესპუბლიკებს და რუსეთის ფედერაციას; ასეთი იყო მაშინ ცენტრის დამოკიდებულება რესპუბლიკების საზღვრების მიმართ. მაგრამ მოსკოვში, როდესაც უზენაესი საბჭო ამტკიცებდა რესპუბლიკების საზღვრებს, ჩვენი კომისიები სამთავრობო დონზე, მიუხედავად წნეხისა, ხელს არ აწერდნენ იმაზე, რომ რაიმე დაეთმოთ. ასე მოვედით დამოუკიდებლობამდე. 25 წელზე მეტია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რესპუბლიკებს ჯერ კიდევ არ აქვთ მოგვარებული ერთმანეთთან საზღვრების საკითხი. საქართველოს მხოლოდ თურქეთთან აქვს საზღვრის საკითხი მოგვარებული, არც ერთ სხვა მეზობელთან ეს ვერ გაკეთდა, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით.
როდესაც მე გახლდით სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, მიწევდა მრავალ თათბირზე დასწრება, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მთავრობასა და უშიშროების საბჭოს ახსენებდნენ ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთან, საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული მოლაპარკების მიმდინარეობას. მიუხედავად ალიევისა და შევარდნაძის განსაკუთრებული, მტკიცე მეგობრობისა და ნდობისა, რომლებიც სრული გაგებით ეკიდებოდნენ ამ საკითხს, ვერ შეძლეს კომპრომისის მიღწევა. ალიევს კარგად ესმოდა, რომ შევარდნაძე ვერ წავიდოდა კომპრომისზე, შევარდნაძესაც ესმოდა, რომ ვერც ალიევი წავიდოდა კომპრომისზე, თუნდაც ლაპარაკი ყოფილიყო უმნიშვნელო ფართობზე, რადგან ამ კომპრომისს ორივე ქვეყნის მოსახლეობა მაინც ღალატად ჩაუთვლიდა თავის მთავრობას.
ამ ეტაპზეც ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები არ ჩანს, აზერბაიჯანის მხარეს აქვს გარკვეული პრეტენზიები იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ გვწამს, რომ ჩვენია. ეს ჩვენი მრწამსი აზერბაიჯანის მხარის მიერ აღიქმება, როგორც პრეტენზია, ამიტომ, 25 წელზე მეტია, ეს საკითხი, პრაქტიკულად, არ იძვრის მკვდარი წერტილიდან. როგორც ჩანს, დიპლომატიის ხელოვნებაც ესაა, რომ ორივე მხარე თანხმდება, არ გამწვავდეს ეს საკითხი, რადგან კარგი ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის ძვირფასია, ამიტომ ეცდებიან, ეს ურთიერთობა არ წახდეს, მით უმეტეს საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.