თამარ შუკვანი
26.04.2019

 დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ იყო გადაკეტილი, ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა გაიხსნა, რასაც ადგილობრივი მამათა მონასტრის არქიმანდრიტიც ადასტურებს. მისი თქმით, მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

ცნობისათვის, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და იქ არავის უშვებდნენ - არც სასულიერო პირებს, არ მლოცველებს და არც ტურისტებს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სასულიერო პირებმა არ ატეხეს განგაში - მხოლოდ მას შემდეგ ამუშავდა საგარეო უწყება და ბაქო საზღვრის გახსნაზე დაიყოლია.

გუშინ, დღის ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო.

თავად არქიმანდრიტი და ბევრი სხვაც აზერბაიჯანის ამ არც თუ მეგობრულ ნაბიჯს ადგილზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს, რომელმაც იქ ჩვეულებისამებრ ისეთი განცხადებები გააკეთა, რამაც აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში.

საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.

ბაქო მზად არის საქართველოსთან საზღვრის დადგენის საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, ის ყოველთვის თანახმა იყო ეს საკითხი დაჩქარებულიყო.

„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო. აზერბაიჯანი მზად არის უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი," - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ,

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×