ლუგარის კვლევითი ცნეტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, რუსეთის ბრალდებების მორიგ ტალღას "სისულელეს" უწოდებს. როგორც ამბობს, ლაბორატორიას აქვს გაეროს დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ცენტრში არ ხორციელდება ისეთი რამ, რაც არ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებთან.
"შეიძლება, რომ ფაროსანა და ვირუსები არიონ ერთმანეთში? - ან ფაროსანაზე ილაპარაკონ, ან ვირუსებზე. მერამდენედ შეიძლება მსგავსი სისულელეები თქვან? ვურჩევდი, რომ კარგი კონსულტანტები აიყვანონ, რომ ცოტა სიმართლესთან ახლოს იყვნენ და მსგავსი სისულელეები არ თქვან, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება პირველი არ არის.
სიმართლე არის ერთი, რომ საქართველომ ნოემბერში მოიწვია გაეროდან შესაბამისი კონვენციის ფარგლებში 17 ქვეყნის 22 ექსპერტი, რომლებმაც ლუგარის ლაბორატორიაში ყველაფერი დაათვალიერეს, ყველაფერი ნახეს, ყველგან შევიდნენ, დოკუმენტაციაც ნახეს, შიდა ლაბორატორიებიც ნახეს და დადეს დასკვნა, რომ არაფერი, რაც არ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებთან და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან კვლევებთან, არ კეთდება ლუგარის ცენტრში. ეს არის საერთაშორისო კომისიის დასკვნა," - აცხადებს პაატა იმნაძე
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, მათ სოციალურ ეკონომიკური განვითარების საკითხებზე თათბირი გამართეს.
მათი საუბრის თემა ძირითადად შეეხებოდა, სამხრეთ ოსეთში გავრცელებულ ეპიდემიებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაროსანას გავრცელების საფრთხეს.
ნურგალიევმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეისწავლა აღნიშნული პრობლემები და "არ გამორიცხა", ფაროსანას გავრცელებაში საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის ბრალი.
"ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული პრობლემები და არ გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნული (მიკროორგანიზმების) შტამი შემოსული იყოს ლუგარის ლაბორატორიიდან. ვვარაუდობთ, რომ ეს არის ვირუსების ნაირსახეობა და აუცილებელია შესაბამისი ზომების გატარება," - აცხადებს რაშიდ ნურგალიევი. (ციტატა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "სპუტნიკიდან" არის მოყვანილი).
აღსანიშნავია, რომ ფაროსანა არის მავნებელი მწერი, ხოლო ლუგარის ლაბორატორია მიკროორგანიზმებთან მუშაობს. რა კავშირს ხედავს ამ ორს შორის ბ-ნი ნურგალიევი, უცნობია.
რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პენტაგონის სამედიცინო ბიოლოგიური ლაბორატორიის "რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განთავსების თაობაზე". მოსკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ამერიკის ხელისუფლებები ცდილობენ დამალონ ლაბორატორიის ნამდვილი შინაარსი, რომელიც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შესწავლაში მდგომარეობს.
ლუგარის ლაბორატორია თბილისის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს და მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს წარმოადგენს. კვლევითი ცენტრი საქართველოში ამერიკის მთავრობის დახმარებით შეიქმნა და ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელს ატარებს. ის მთლიანად საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია.