ელზა პაპოშვილი
26.04.2019

 უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი, რომელიც საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა, ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული. ის ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გვიან ღამით დააკავეს, თუმცა ახლა თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ბრალდება 14-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა", — აცხადებს შსს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ქალმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ბრალდებულის შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის ეჭვი.

"მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შსს-ს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება", — აცხადებენ უწყებაში.

გამოძიების ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებით ასევე ირკვევა, რომ ბრალდებული, შესაძლოა, არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე მიმდინარეობს. ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში).

დაკავებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქალი ბავშვებთან ერთად თბილისში აპირებდა წასვლას, და ბინა წყნეთში ჰქონდა ნაქირავები.

„ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ამ დილით უნდა ჩამოსულიყო წყნეთში, სახლი მქონდა დაქირავებული მისთვის. საავადმყოფოდან გამოსვლის წინ დამირეკა 9 საათზე. შემდეგ რა მოხდა, ინფორმაცია არ მაქვს. წუხელ 9 საათზე უნდა გამოსულიყო , ელოდებოდა სამარშრუტო ტაქსი, წყნეთში ელოდებოდა სახლი, ფულიც გადახდილი მქონდა. შემიშვებენ მის სანახავად და დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი.“

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ზოგიერთი ბავშვი თავად გააჩინა, ზოგი კი სუროგატი დედის დახმარებით. მისი ინფორმაციით, იულია სუსლიაკის მეუღლე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და წყვილი ტრადიციის გაგრძელებას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც ქალმა შვილების გაჩენა ვეღარ შეძლო, მათ სუროგაციას მიმართეს. თუმცა 10 ბავშვიდან ბოლო ჩვილი იულია სუსლიაკმა თავად გააჩინა ამერიკაში, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„სუსლიაკის მეუღლე უკრაინაში ბიზნესით იყო დაკავებული, ვიდრე ხელისუფლებამ პრობლემები არ შეუქმნა. მას სდევნიდნენ, თავშესაფარი რუსეთს სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. შემდეგ ქმარი ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა საცხოვრებლად. იულია სუსლიაკი ათ შვილთან ერთად აფხაზეთში ქმართან მიდიოდა, ისინი ერთმანეთს ენგურის ხიდზე უნდა შეხვედროდნენ. ის მოსკოვიდან პირდაპირ აფხაზეთში მხოლოდ იმიტომ არ ჩავიდა, რომ არ სურდა ოკუპაციის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონი დაერღვია. ბავშვებზე ძალადობას გამოვრიცხავ,“ -აცხადებს ადვოკატი. 

ფაქტი კი გასულ კვირას ზუგდიდში მოხდა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ერთ-ერთი კორპუსის ბინიდან 10 მცირეწლოვანი საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით გადაიყვანეს.  10 ბავშვიდან 8 სოციალური დაცვის სამსახურმა თბილისში გადაიყვანა. ორი კი საავადმყოფოში რჩება.  სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის განმარტებით, კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია.

„მკურნალობას აგრძელებს ორი ბავშვი - შვიდი თვის და ერთი წლის. მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, დინამიკა სტაბილურია და ალბათ, რამდნიმე დღეში დატოვებენ კლინიკას. სავარაუდოდ ეს უკავშირდება კვებას, მაგრამ კონკრეტულად რა და როგორ ეს დამოკიდებულია ლაბორატორიულ კვლევებზე,“ - ამბობს ექიმი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×