აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისსა დანიშნული და მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ცესკოში „პრეზიდენტობის" მსურველთა რეგისტრაცია 22 მაისიდან იწყება, სავარაუდო კანდიდატების განხილვა აქტიურად დიდი ხანია დაწყებულია და თან, განხილვის პარალელურად ინტრიგაც მოხდა - დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური გაერთიანება „ამცახარას" ლიდერი ასლან ბჟანია მოულოდნელად კომაში ჩავარდა და ჯერ სოჭის და შემდეგ მოსკოვის საავადმყოფოში მოხვდა, რის გამოც დაიწყო საუბარი, რომ ბჟანია მოწამლეს.
ჯერჯერობით, მხოლოდ აფხაზეთის „პრეზიდენტობის" მსურველი 4 სავარაუდო კანდიდატია ცნობილი: ერთი, თავად დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, მეორეა - „ამცახარას" ლიდერი ასლან ბჟანია, მესამე - ალმას ჯაპუა და მეოთხე - ასტამურ ტარბა.
აფხაზურ მედიაში დე ფაქტო პრეზიდენტობის სურვილი პირველმა ასტამურ ტარბამ გამოთქვა 27 მარტს, რომელმაც 15 წლის წინ დატოვა საჯარო სამსახური და ამ ხნის განმავლობაში საჯაროდ არსად გამოჩენილა.
როგორც ტარბამ აღნიშნა, ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში ცხოვრობდა და ქვეყანა არასდროს დაუტოვებია. ის თვლის, რომ ადამიანი, რომელიც პარტიული არ იქნება და იქნება საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი,საზოგადოების კონსოლიდაციას ადვილად შეძლებს.
ასევე მარტის ბოლოს ერთი ინტრიგაც გაჩნდა. კერძოდ, ითქვა, რომ „საპრეზიდენტო" კანდიდატად დასახელებას გეგმავს სასულიერო პირი დოროთე დბარი, რომელიც აფხაზეთში განხეთქილებაში მყოფი დაჯგუფების, ე.წ. წმინდა მიტროპოლიის მეთაურია, რომელიც ახალი ათონის მონასტერშია შექმნილი. მედიაში ამაზე საუბრის შემდეგ თავად დბარმა „ფეისბუქში" დაწერა რომ უარს ამბობს „პრეზიდენტობის" სურვილზე. დბარმა უარის თქმის მოტივად დაასახელა ის ფაქტი, რომ ადამიანებმა, რომლებიც ადრე არწმუნებდნენ მას ეს ნაბიჯი გადაედგა, ბოლო დროს მისგან დისტანცირება დაიწყეს.
რამდენიმე დღის წინ კი საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საერთო საქმემ" აფხაზურ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 აპრილს გაფართოებულ სხდომაზე კენჭისყრა ჩაატარეს თუ ვის წარადგენდნენ „პრეზიდენტობის" კანდიდატად და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ორგანიზაციის სახელით კანდიდატად დასახელდება ალმაზ ჯაპუა, რომელიც მე-5 და მე-6 მოწევის აფხაზური დე ფაქტო პარლამენტის წევრია. როგორც ადგილობრივი მედია ამბობს, ამ შეკრებას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ, თუმცა კონფიდენციალური წყაროს ცნობით, კრებაში მონაწილეობა 70-მა ადამიანმა მიიღო, მათ ფურცლებზე უნდა დაეწერათ სასურველი კანდიდატის სახელი და გვარი და ჩაეგდოთ ყუთში. ყუთის გახსნისას კი ყველაზე მეტი ხმა ალმას ჯოპუამ დააგროვა, მეორე და მესამე ადგილზე კი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვადიმ სმირი და ორგანიზაციის წევრი თენგიზ ჯოპუა გავიდნენ.
„საერთო საქმე" აფხაზეთში ე.წ. მესამე ძალად მიიჩნევა, თუმცა ამ ე.წ. არჩევნებში ეს გაერთიანება პირველად მიიღებს მონაწილეობას.
მედიაში დაისვა კითხვები, 5 აპრილს გადაწყვეტილი საკითხი რატომ გასაჯაროვდა ასე გვიან - 24 აპრილს. ორგანიზაციის წევრების თქმით, კენჭისყრის შემდეგ ალმას ჯოპუასთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომ დაეთანხმებინათ და როცა თანხმობა მიიღეს, მხოლოდ შემდეგ გადაწყდა გასაჯაროვება.
აფხაზური მედიის ცნობით, ალმას ჯაპუა არჩევნების წინა დღეს ხდება 40 წლის. აფხაზური მედიის თქმით, აფხაზეთის ომის დროს ვინ რას აკეთებდა, ეს „წინასაარჩევნოდ" ყოველთვის მთავარი თემა ხდება, მაგრამ ჯაპუასთან მიმართებაში ეს ვერ იმუშავებს, რადგან ჯაპუა მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო. ის პოლიტიკური პარტიის "აინარის" წევრი და 2014 წლიდან აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატია.
გარდა ამისა, აფხაზეთის მედიის ყურადღების ცენტრშია „პარლამენტარი"და ოპოზიციური პარტია „ამცხარას" ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება და რომელიც 18 აპრილს მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში, კომაში მყოფი ჯერ სოჭში მიიყვანეს, სადაც ექიმებმა მას მოწამვლა დაუდგინეს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც ბჟანია საბოლოოდ მოსკოვში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ოფიციალური ცნობით, მას ვირუსული პნევმონია აქვს.
„ფეისბუქში" გავრცელდა ცნობა, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს. შესაძლო მოწამვლის შესახებ გაჩენილი ეჭვი უფრო მეტად გამყარდა, როცა მოსკოვის საავადმყოფოში გამოკვლევაზე იგივე სიმპტომებით ბჟანიას პირადი დაცვის ორი წევრი გადაიყვანეს. თუმცა მედიაში ასევე დაიწერა ის, რომ ვირუსული პნევმონია გადამდები დაავადებაა და ამიტომ დაცვის წევრების საავადმყოფოში მიყვანაში გასაოცარი არაფერია.
ბჟანიას პარტიის წევრმა თეიმურაზ ხიშბამ გაავრცელა განცხადება, რომ ოპოზიცია გადადის მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე და ელოდებიან მათი ლიდერის დაბრუნებას, რის შემდეგაც უფრო აქტიურად დაიწყებენ „წინასაარჩევნო" კამპანიას.
ასლაბ ბჟანიას, 2010-2014 წლებში, „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" თავმჯდომარის პოსტი ეჭირა. ის ამ თანამდებობაზე სერგეი ბაღაფშმა დანიშნა, უფლებამოსილება ალექსანდრე ანქვაბმა გაუგრძელა, თანამდებობიდან კი სწორედ რაულ ხაჯიმბამ გადააყენა.
ასლან ბჟანია „საპრეზიდენტო" არჩევნებში 2014 წელსაც მონაწილეობდა და მაშინ მან ხმების 32% დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა აფხაზეთის ახლანდელი „პრეზიდენტის" ხაჯიმბას შემდეგ. 2014 წლიდან მოყოლებული ჯაპუა ხაჯიმბას წინააღმდეგ აქტიურად გამოდის. განსაკუთრებით აქტიური საპროტესტო გამოსვლები იყო 2016 წელს, როცა ბჟანია ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდა. მაშინ ბჟანია 2-ჯერ დააკავეს კიდეც, ერთხელ იარაღის უკანონო შენახვის გამო, მეორეჯერ როცა რუსეთიდან აფხაზეთში შედიოდა და მაშინ პირდაპირ უთხრეს, რომ „რუსეთის და აფხაზეთის მტერია." მეორე დაკავებისას, 2016 წლის დეკემბერში ოპოზიციამ მაშინ ხაჯიმბას რეჟიმი „პოლიტიკური ოპონენტების დევნაში" დაადანაშაულა, ხოლო ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში, 500-მდე ადამიანმა, სოხუმი-გალის საავტომობილო გზაც კი გადაკეტა. შედეგად, ხაჯიმბა იძულებული გახდა ბჟანია გაეთავისუფლებინა და ამით საპროტესტო ტალღა დაეცხრო. სწორედ ხაჯიმბასთან დიდი დაპირისპირების გამო ითვლება ბჟანია ხაჯიმბას მთავარ ოპონენტად.