რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სწრაფი წესით ხელი მოაწერა განკარგულებას რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ დონბასში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოსახლეობა რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით აიღებს.
ამ საკითხზე რეზონანსთან საუბარში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აღნიშნავს რომ ჩნდება ეჭვი იმისა, რომ პუტინი დონეცკსა და ლუგანსკის ოლქში ამ ქმედებით ფაქტიურად საქართველოს 2008 წლის აგვისტოს სცენარის გამეორებას აპირებს
"რეზონანსი": თქვენი აზრით რა აქვს ჩაფიქრებული ვლადიმერ პუტინს?
ვახტანგ მაისაია: პუტინმა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონშიც იგივე გააკეთა, ფაქტიურად, მთელი ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა გახდა რუსეთის მოქალაქე და უკრაინაშიც იგივე მისწრაფება გააჩნია.
როგორც ჩანს, დონბასში მათ უნდათ მოახდინონ მცოცავი ოკუპაცია და ანექსია და შესაბამისად ჰქონდეს საფუძველი, რომ ამ რეგიონში შეიყვანონ თავიანთი შეიარაღებული ძალები, როგორც ეს განახორციელეს პირდაპირი ინტერვენციის სახით საქართველოში 2008 წლის აგვისტოში .
აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო იმის საბაბით, რომ თურმე, ცხინვალის რეგიონში არსებობს რუსეთის მოქალაქეების ინტერესები და ჰქონდა ადგილი მათი ინტერესების შებღალვას და მათი დაცვა იყო საჭირო და ზუსტად ასეთი თითიდან გამოწოვილი აბსურდული საბაბებით რუსეთი ამზადებს ინტერვენციას დონბასში.
"რ" რატომ მოაწერა სასწრაფო წესით პუტინმა განკარგულებას ხელი, ეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ხომ არ უკავშირდება?
ვ.მ: დიახ,ბრძანებას სასწრაფო წესით იმიტომ მოაწერა ხელი, ჰგონიათ, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი მოახდენს დონბასში სიტუაციის ესკალაციას და მეორე მხრივ, პუტინმა ფაქტიურად მოაწერა ხელი იმის გამო, რომ ეთქვა უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის რომ - "ეს ჩვენი ტერიტორიაა" და ნებისმიერი ფორმით დაიცავენ ამ ტერიტორიაზე თავის ინტერესებს.
ეს არის სწორედ ზელენსკისა და მისი გუნდისათვის გზავნილი, რომ ეს არის რუსეთის განუყოფელი ტერიტორია.