“საპატრიარქოს წარმომადგენლები შემხვდნენ და მითხრეს, რომ ჩემი ძმის შეწყალების თემა თითქმის გადაწყვეტილი იყო. თუმცა, აღმოჩნდა ტყუილი”
ეკატერინე ბასილაია
29.04.2019

 პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძის ოჯახი პარასკევს აქციების განახლებას გეგმავს საპატრიარქოსა და მთავრობის ადმინისტრაციის წინ. როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, საპატრიარქოდან თებერვალში პირობა მიიღო, რომ აღდგომის წინ მის ძმას შეიწყალებდნენ და საპატრიარქომ ის მოატყუა.

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მათი მხრიდან არანაირი პირობა არ ყოფილა.

„ჩემთვის ცნობილი არ არის, ვინ შეჰპირდა და რას შეჰპირდა. მე არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი ამ საკითხზე, საპატრიარქოს არხზეც დეტალურად განვმარტე, რაში მდგომარეობს პრობლემა.

"მათ აირჩიეს ასეთი გზა, რომ მამა გიორგის გამართლება ან შეწყალება პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქომ დაგეგმა ეს მზაკვრობა და უდანაშაულო მღვდელი ჩასვა ციხეში. ასეთი ტაქტიკა აირჩიეს. პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს ამ ბრალდებებზე. ვერც ადასტურებენ ვერაფერს და ვერც ხსნიან, რატომ მოხდა ასეთ მძიმე დანაშაულებებში საპატრიარქოს ბრალდება.

"სანამ ამას არ მოეფინება ნათელი, ძალიან რთულია საუბარი ყოველგვარ შუამდგომლობაზე. საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და ვინც საპატრიარქოს წარმომადგენლებს ბრალდებას უყენებდა, თუ ეხლა შეწყალებაზე შუამდგომლობას ითხოვენ, კეთილი ინებონ და ნათელი მოჰფინონ ამ ბინდოვანებას. ასე პასუხგაუცემელი ვერ დარჩება ეს კითხვები. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ საპატრიარქოს მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ არის და ძალიან მარტივი ლოგიკაა.

"ან უნდა დაასაბუთონ ის ბრალდებები, ან უნდა ახსნან სხვაგვარად - თქვან, რომ ტყუილი იყო და არასწორ ტაქტიკაში იყო საქმე, ან თქვან სხვა მიზეზი, რატომ მოხდა ასეთი მძიმე ბრალდებების წამოყენება საპატრიარქოს მიმართ. რა ლოგიკაა ითხოვდე შეწყალებას მათგან, ვისაც უმძიმეს დანაშულებებში სდებ ბრალს?! ეს როგორ შეიძლება,"- ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახის წევრებმა კარავი საპატრიარქოს წინ 4 თებერვალს გაშალეს. მაშინ თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ კარავში დარჩებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ისინი დეკანოზის ზიარებას და შეწყალებას ითხოვდნენ.

კარვის გაშლიდან რამდენიმე დღეში დეკანოზი მისმა ბათუმელმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა. ხოლო შეწყალებას აღდგომისთვის ელოდნენ და კარავიც ამ დრომდე გაშლილია.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ თებერვალში ის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უთხრეს, რომ მისი ძმის შეწყალება უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა და ახლა პარასკევს 17.00 საათზე ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას გამართავენ მსჯავრდებულის გათავისუფლების მოთხოვნით, როგორც საპატრიარქოს წინ, ასევე კანცელარიის შენობასთან რუსთაველზე.

მისივე თქმით, მამა გიორგის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში კარავი არ აგვიღია და იქ ვცხოვრობთ. პარასკევს კი მთელი ოჯახი ვგეგმავთ აქციებს. ქობულეთიდან ჩამოვლენ ჩემი ძმის ოჯახის წევრები. ვნახოთ, ეყოფათ თუ არა გონიერება და გადადგამენ თუ არა ნაბიჯს.

"თებერვალში საპატრიარქოს წარმომადგენლები შემხვდნენ და მითხრეს, რომ ჩემი ძმის შეწყალების თემა თითქმის გადაწყვეტილი იყო და შემეძლო საპატრიარქოს წინ გაშლილი კარვების აღება. თუმცა აღმოჩნდა ტყუილი. ისინი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები.

"ამ კვირაში ოჯახის წევრები ვგეგმავთ ისევ და ისევ ამჯერად საპატრიარქოსთან აქციის გამართვას ჩემი უდანაშაულო პარალიზებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგანაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არაერთი ექსპერტი საუბრობს ამაზე,"- ამბობს მამალაძე.

თორნიკე მამალაძე კვლავ თვლის, რომ მისი ძმა უდანაშაულოა და მამა გიორგის გათავისუფლება ხელს არ აძლევს საპატრიარქოს.

„იმიტომ არ უნდათ ჩემი ძმის თავისუფლება, რომ ჩემი ძმა ფლობს იმ ინფორმაციებს, რისი გასაჯაროვებაც საპატრიარქოს არ აწყობს. აქიდან გამომდინარე ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩემი ძმა არ გათავისუფლდეს.

"მე მითხრეს კიდეც, რომ თუ ჩემი ძმა დაწერდა, რომ მის დაჭერაში საპატრიარქო არაფერ შუაში არ არის, რომ საპატრიარქოში კორუფცია არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ამის შემდეგ მოხდებოდა ჩემი ძმის 100%-ით გათავისუფლება. ამას გვთავაზობდნენ. ამაზე ჩემმა ძმამ უარი თქვა. ამიტომაცაა, რომ ჩემი ძმა ისევ ციხეში რჩება,"- დასძენს მამალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×