"კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობისგან უნდა მიიღონ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა დღეს ბიზნესთან მიმართებაში - არის თუ არა ბიზნესი თავისუფალი და ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე ბიზნესოპერაციებში ჩართულ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და მერე გამოიტანონ დასკვნა.
"ამის შემდეგ კანონროექტმა უნდა მოიპოვოს კონგრესმენთა უმრავლესობის მხარდაჭერა" - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს კონგრესში "რესპულიკელი" კონგრესმენის მაკვეინ მალინის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას შეიძლება სანქციები დაუწესდეს.
ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას სანქციები დაუწესდება, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედება საფრთხეს უქმნის ბიზნესპროცესში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებას და მათ წინაშე ნაკირს ვალდებულებას.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დადგა. იმ მოვლენების, რომლებიც "თიბისი ბანკს" და ანაკლიის პორტს უკავშირდება.
მათი აზრით, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ამერიკელი კონგრესმენები ამ კანონპროექტს, მისი არსებობა უკიდურესად დამაზიანებელი იქნება საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებენ "ქართულ ოცნებაში" და აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელისუფლების ოპონენტებს სტარტეგიული პარტნიორები შეცდომაში შეჰყავთ და არასწორ ინოფრმაციას აწვდიან.
"თავად კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ საქართველოს მთავრობას იმ შემთხვევაში დაუწესდება სანქციები, თუ დადგინდება, რომ ბიზნესი თავისუფალი არ არის, ხდება შევიწროვება, ან რაიმე საფრთხე ემუქრება ბიზენსოპერაციებში ჩართულ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
"ამიტომ, ჯერ კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობისგან უნდა მიიღონ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა დღეს ბიზნესთან დაკავშირებით და შემდეგ გამოიტანონ დასკვნა. თანაც, კანონპროექტმა კონგრესმენთა უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. დაუჭერს თუ არა მხარს კონგრესმენთა უმრავლესობა კანონპროექტს ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ფაქტი სასურველი არ არის.
"რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, შემიძლია მხოლოდ ასე შევაფასო - "როგორც ქუხს ისე არ წვიმს. და არც ისაა ახალი, რომ არსამათავრობო ორგანიზაციები ცდილობენ გააბუქონ და მუქ ფერებში წარმოაჩინონ სურათი"- განაცხადა "რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.