„რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, რადგან ეს ამერიკის შიდა საქმეა. პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ტექსტის გაზიარება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ის დღევანდელი პრეზიდენტის აზრს იზიარებს. საქართველოს იმის ძალა და უნარი არ აქვს, რომ ამერიკის შიდა საქმეებში ჩაერიოს, მაგრამ არც არავინ აკეთებს ასეთ განცხადებას," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვატხანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმ ტვიტის გაზიარებას, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს.
ძაბირაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი პოზიციის დაფიქსირება, მიუღებელია, რადგან ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ეს თავის კვალს დატოვებს.
„ჩვენ ხომ არ ვიცით წინასწარ, პრეზიდენტად ტრამპი დარჩება თუ სხვა მოვა. ამიტომ ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ყველა სახელმწიფო და მათ შორის ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ სიმპათიები ღიად არ გამოვხატოთ არც ერთი და არც მეორე მხარის მიმართ, ასეთი სიმპათიები რომც გაგვაჩნდეს.
„რატომ აქვს ასეთი სიმპატიები საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, ნამდვილად არ მესმის. ჩვენი მომავალი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ასეთი გაზიარება საგარეო პოლიტიკაში უხეში შეცდომაა.
„არ მგონია, რომ ამას რაიმე სერიოზული ნაბიჯები მოყვეს თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი გახდება პრეზიდენტი. ასეთი ფაქტებს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ეძლევა, როდესაც ასეთი სტრატეგიულ პარტნორობაზეა საუბარი, როგორიც ჩვენსა და აშშ-ს შორის არსებობს, მაგრამ სხვადასხვა მხარე შეეცდება ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენოს და რატომ უნდა გადავიდეთ თავის მართლების რეჟიმში?" - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.