ტატა შოშიაშვილი
30.04.2019

 ვენესუელას ოპოზიციონერმა ლიდერმა, ხუან გუაიდომ გამოაქვეყნა სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა „ლა კარლოტაზე" გადაღებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს ოპერაცია „თავისუფლების" ბოლომდე მიყვანასა და ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს პოსტიდან გადაგდებას. გუაიდოს თქმით, ეს არის ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ფინალური ეტაპი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბი-ბი-სი" იუწყება.

ვიდეოში ხუან გუაიდო აცხადებს, რომ კარაკასში მას მხარს უჭერენ „მამაცი ჯარისკაცები". კადრში ჩანს, რომ გუაიდოს გვერდით დგას ლეოპოლდო ლოპესი -ერთერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც 2009 წელს გუაიდოსთან ერთად მემარცხენე ცენტრისტული პარტია „ერის ნება" დააარსა. შემდგომში ლოპესი დააპატიმრეს და ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი თქმით, იგი პატიმრობიდან ხუან გუაიდოს მხარდამჭერმა სამხედროებმა გაათავისუფლეს.

„ლა კარლოტას" ავიაბაზიდან გუაიდომ სხვა სამხედროებსაც მოუწოდა, რომ მას მხარი დაუჭირონ და მივიდნენ სამხედრო ბაზაზე, რათა, მისი თქმით, უზურპატორი მადუროს მმართველობას ბოლო მოუღონ.

„ახლა მე ვხვდები ჩვენი შეიარაღებული ძალების ძირითადი დანაყოფების მეთაურებს, რათა სათავე დავუდოთ ოპერაცია „თავისუფლების" ფინალურ სტადიას", - წერს გუაიდო თავისი „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

თავის მხრივ, ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობას უწევენ ამბოხებულ სამხედროებს:

„ერს ვაცნობებთ, რომ ახლა წინააღმდეგობას ვუწევთ და ვცდილობთ იმ მოღალატე სამხედრო მოსამსახურეების მცირე ჯგუფის ნეიტრალიზებას, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ცდილობენ", - დაწერა „ტვიტერში" როდრიგესმა.

ამჟამად ვენესულაში შეზღუდულია „ფეისბუქთან", „ტვიტერთან" და სხვა სოციალურ ქსელებთან წვდომა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მაიკელ მორენომ განაცხადა, რომ სასამართლო ყველა ზომას მიიღებს საიმისოდ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს ჩადენილისთვის.

კარაკასში სამხედროებმა გადაკეტეს გზები, სადაც სამხედრო ავტომობილები დგას და ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგის დაშლა დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×