„ეს საკითხი ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთბებში ქრონიკულად დგას და ვერ მოენახა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილება, რადგან მხარეთა მიდგომები ერთმანეთისაგან ძალიან პრინციპულად განსხვავდება. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკურ მოტივებს, ისე კულტურულ და ისტორიულ კომპონენტს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე დავით გარეჯში არსებულ ვითარებას.
დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმ ტვიტის გაზიარებაზე, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ზაალ ანჯაფარიძე: გარკვეულწილად ეს უკავშირდება იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისი ბაქოში ვიზიტის დროს ეს საკითხი აზერბაიჯანულ მხარესთან ხისტად დააყენა. აზერბაიჯანის მხარის ისეთი ქმედებები, რომელსაც ისინი ახლა ახორციელებენ, შესაძლოა იყოს ერთგვარი თავდაცვითი რეაქცია - საქართველოს ხელისუფლებას აჩვენოს, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხში პრინციპული იქნება.
„რეზონანსი": რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მისასვლელი გზაც ჩაკეტონ და გიორგობისთვის ვითარება უფრო მეტად დაიძაბოს?
ზ.ა.: ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობა აზერბაიჯანთან თუ რამდენად აქტიურად იმუშავებს, რამდენად დაარწმუნებს იმაში, რომ ასეთი ქმედებები ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაუმჯობესებას ნამდვილად არ უწყობს ხელს.
გარკვეულ გარე ძალებს, რომელთაც სურთ, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დაიძაბოს, შესაძლოა აწყობდეთ კიდევაც დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენონ და საქართველოში ანტიაზერბაიჯანული განწყობები ააგორონ, მერე ხალხს მისცენ შესაბამისი დესტრუქციული კალაპოტი.
ვხედავთ სოციალურ ქსელში როგორ ხდება ანტიაზერბაიჯანული განწყობების აგორება - აქედან წარმოიშვება-ხოლმე კონფლიქტი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი საქმიან კალაპოტში გადავიდეს და რეალურად საუბარი საზღვრის დელიმიტაციით დაიწყოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის თანახმაა მალე დაიწყოს ასეთი მოლაპარაკებები. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურების მოქნილ და პროფესიულ ქმედებებზე, თუკი შეუძლიათ ასეთი რამ.
„რ": პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმ ტვიტის გაზიარებას, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს, როგორ შეაფასებთ?
ზ.ა.: არ მგონია, რომ ზურაბიშვილის „ტვიტერზე" ცოტა ხნით გამოქვეყნებულმმა ინფორმაციამ რამე ზეგავლენა მოახდინოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და არც ეს საკითხი მგონია მაინცდამაინც ასეთი აქტიური განხილვის თემა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა თუ კიბერშეტევა, რაც არ მჯერა.
თუ პრეზიდენტის გვერდზე უნდოდათ კიბერშეტევა, უფრო სერიოზულ რამეზე მოახდენდა კიბერშეტევას და არა ტრამპის ნახევრად ხუმრობით ნათქვამ განცხადებაზე. არ მგონია, ამ საკითხს შემდგომში განვითარება მიეცეს.
„რ": უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებებზე რას გვეტყვით? თქვენ პირადად როგორ გესახებათ ამ ორი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობა?
ზ.ა.: პუტინმა გარკვეულწილად მიანიშნა უკრაინული მხარეს, რომ მათ არ იფიქრონ ახალი პრეზიდენტის პირობებში სეპარატისტულ რეგიონებზე კონტოლის აღდგენაზე ძალის გამოყენებით. რადგან იქ უკვე რუსეთის მოქალაქეები იქნებიან, რუსეთს, მისი კანონმდებლობის ფარგლებში, ლეგალური უფლება ექნება, რომ იქ ისინი სამხედრო ძალით დაიცვას.
პუტინი შეეცადა ამ დემარშით ზელენსკი კუთხეში მიეყენებინა. იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია სეპარატისტულ რეგიონებში ძალიან რთულია და უკრაინას კიდევ უფრო რთული პრობლემები აქვს სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, შესაძლოა მოსკოვში ფიქრობდნენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ზელენსკი უკან დაიხევს და შეეცდება მოსკოვთან მისაღებ პირობებზე მოლაპარაკება დაიწყოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა ტიპის პასპორტები დაურიგდნებათ იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ვგულისხმობ დონბასსა და ლუგანსკს. ეს იგივე იქნება, რაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში დარიგდა, თუ რუსეთის შიდა პასპორტები?
რუსეთის კანონდებლობის მიხედვით, რუსეთის შიდა პასპორტების მიღება შეუძლიათ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ხუთწლიანი უწყვეტად ცხოვრების შემდეგ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი აქვთ და იციან რუსული ენა. თუ ისინი რუსეთი შიდა პასპორტებს გასცემენ, მაშინ მათ კანონდებლობაში ცვლილების შეტანა მოუწევთ, რადგან რუსული საზღვარგარეთული პასპორტების დარიგება ამ რეგიონების მოსახლეობაზე, რუსეთისთვის იურიდიული საფუძველი ვერ გახდება, რომ ისინი ჩაერიონ, თუკი ჩათვალეს, რომ მათ მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ, რადგანაც ეს არ იქნება რუსული შიდა პასპორტი.