ელზა პაპოშვილი
01.05.2019

 ორ დღეში დაშვებული ორი შეცდომა - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკისა" და "ტვიტერის" საკუთარ გვერდებზე განხორციელებული ქმედების შედეგად სკანდალში გაეხვია. პირველად საქართველოს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა და მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო და ის ამჟამად წაშლილია.

ასევე, პრეზიდენტმა ერთ-ერთი "ფეისბუკ" გვერდის - "ხელოვნება და ისტორიკოსების" პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის, ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული. პრეზიდენტი აღშფოთებული იყო და წერდა, რომ "ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ", თუმცა პოსტს თან ახლავს ანოტაცია, სადაც განმარტებულია, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნის.

გვერდიდან ეს პოსტი რამდენიმე წუთში, მას შემდეგ გაქრა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პრეზიდენტს მიუთითეს, რომ პროტესტი არასწორი იყო, რადგან გვერდი, რომელიც ნამუშევრებს აქვეყნებდა, პირდაპირ წერდა, რომ ნამუშევრები ქართველ მხატვარს ეკუთვნოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, ადმინისტრატორის გადაცდომას, თუმცა სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით არ გამოირიცხება კიბერშეტევაც.

საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ ქმედებებს კი ოპოზიცია "რეზონანსთან" აფასებს. ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მსგავსი გადაწყვეტილებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტების არ სჯერათ.

"ეს ადამიანი აკნინებს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს, არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს და რეალურად დამაზიანებელია ძალიან ბევრი მიმართულებით. ქალბატონ სალომეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები ვერ აზროვნებენ ან არ აზროვნებენ. ძალიან კარგად ვიცით, "ტვიტერი" როგორ მუშაობს, როგორ ხდება გაზიარება ინფორმაციის. ყველა გადასარევად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს უღირს პრეზიდენტთან", - აცხადებს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე.

ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ იგი ქვეყნის მთავარსარდალია და მისი ყოველი ნაბიჯი საქართველოს პოზიციას გამოხატავს. ამიტომაც დეკანოიძე ამბობს, რომ ის თავისი ქცევით ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს და პოლიტიკურად აზიანებს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები და აქტიურობა სახელმწიფებრივად დამაზიანებელია. მისი თქმით, სრულიად გაუგონარი და წარმოუდგენელი განმარტება გააკეთეს, რომ "ტვიტერზე" ტრამპის განცხადება სოციალურმა მენეჯერმა გააზიარა და ეს ტექნიკური შეცდომა იყო. ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ თანამშორომელი დაჰკითხეს და "ფრჩხილები დააძრეს", ხოლო როდესაც აღმოჩნდა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო, შემდეგ მოიფიქრეს, რომ ზურაბიშვილის შეცდომა კიბერთავდასხმად გაესაღებინათ.

"ერთი სიბრიყვიდან მეორეში გადადიან. ასეთი განცხადებებით საქმესა და სიტუაციას კიდევ უფრო ირთულებენ. დიაგნოზი ყოველთვის მარტივია. რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს კიბერშეტევა იყო და "ისლამური სახელმწიფო" დაესხათ, თავს უფრო სასაცილო სიტუაციაში იგდებენ.

"ბევრჯერ მითქვამს და ამაზე ხელისუფლებას ვაფრთხილებდი - ზურაბიშვილი ერთი დიდი გაუგებრობაა. რაც ახლა ხდება, ამაზე, სამწუხაროდ, არაერთხელ გვისაუბრია მეც და სხვებსაც. აქ ახლა სიბრიყვესთან გვაქვს საქმე თუ შეგნებულ ქცევასთან და პროვოკაციასთან, არ ვიცი, ამაზე კომენტარს დაზუსტებით ვერ გავაკეთებ. ან ერთია, ან - მეორე, შედეგისთვის კი ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

"ბევრად უფრო მძიმეა დავითგარეჯის ირგვლივ ატეხილი სკანდალი, რომლის პროვოცირება და სიტუაციის აფეთქება, ჯერ კიდევ ზურაბიშვილის განცხადებებით, მარტში დაიწყო. მან ეს პრობლემა გააცოცხლა. ამბობს, რომ თურმე ბერებთან შეუთნხმებია და ასე შემდეგ. ჩვენ მეზობელ და პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობა საკმაოდ საშიშ ფაზაში შეიყვანა. ეს პრობლემა ახალი არ არის და ზურაბიშვილმა თავისი რიტორიკით ეს დაკონსერვებული პრობლემატიკა პოლიტიკურ იწილო-ბიწილო საგნად გადააქცია", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ჩვენს სამეზობლოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც სერიოზული პრობლემები არ გვაქვს. დანარჩენ ყველა სხვა მეზობელთან პოტენციური პრობლემები გვაქვს. ამიტომ ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ აზერბაიჯანთანაც მოვახერხებთ და სიტუაცია გაგვირთულდება, მაშინ გეოპოლიტიკურ ფუნქციას დავკარგავთ და პირდაპირ რუსეთის ლუკმა გავხდებით.

"აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბვა პირდაპირ რუსული სცენარია და ამას ზურაბიშვილი შეგნებულად აკეთებს თუ თავისი სიბრიყვით, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

"შედეგი ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება. ეს ქალბატონი ასეთი რომაა, მე ეს ვიცოდი და ხელისუფლებასაც ვაფრთხილებდი. მას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია და არანაირი პოზიტიური ენერგიის მატარებელი არ არის.

"გამოვრიცხავ, რომ ეს ქალბატონი ოდესმე რამეს მიხვდეს, მან თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა, ორზე გაამრავლა, მერე სასახლეებიც ორზე გაამრავლა და პრეზიდენტობანას თამაშობს. ერთადერთი იმის იმედი მქონდა, რომ ის სისტემურად ქვეყანას ვერ დააზიანებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამასაც ახერხებს.

"ხელისუფლებას ერთადერთი რეკომენდაცია შემიძლია მივცე - დააკავონ და დააოკონ ეს ქალი და სახელმწიფო თემებში ასე ნებაზე ნუ მიუშვებენ. აგერ პასქის ცხობა სცოდნია, ერთ სასახლეშიც სამზარეულოა და მეორეშიც. აცხოს და იყოს, ჩვენ თავი დაგვანებოს", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".

"ასეთი სკანდალები თავიდან რომ ავიცილოთ, ჯობია, შინაურულად ყველას ვუთხრათ, რომ ეს ქალი დამოუკიდებლად მოქმედებს და ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს", - ასე აფასებს "რეზონანსთან" საერთაშორისო ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრეზიდენტის ირგვლივ ატეხილ სკანდალს.

მისი თქმით, სასაცილო და კომიკური იყო იმის თქმა, რომ ვითომდა "ტვიტერზე" გაზიარებული ტრამპის პოსტი სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო. შარაშენიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი, როდესაც თქვეს, რომ მათზე კიბერთავდასხმა მოხდა.

"ტრამპმა დაწერა რაღაც არასერიოზული და ზურაბიშვილმა გააზიარა. მართალია, ეს მხოლოდ ჩვენი პრეზიდენტის პრობლემა არ არის, ეს ტრამპის პრობლემაცაა, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი თავი გვაქვს სადარდებელი.

"გაცილებით უფრო სასაცილო და კომიკური იყო ის თავის მართლება, რომელიც ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთდა. ჯერ ტექნიკურ შეცდომად გაასაღეს, შემდეგ არიქა, ჰაკერებმა შემოგვიტიესო. სრული კომედია იყო. ყველაზე კარგად ჩუგოშვილმა თქვა და სიტუაციიდან ის გამოძვრა - ტრამპთან უნდა გქონდეთ პრეტენზია, მან დაწერა და მას მიაკითხეთო.

"შეიძლება, უცხოეთში ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ეს ქალი ჩვენს ქვეყანაში რაღაცას წყვეტს და მის უკან ქართველი ერი დგას. ჯობია, უცხოეთში ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს ქალი გასულია კონტროლიდან და თავის მოქმედებებს თუ განცხადებებს არავის უთანხმებს. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვისაც დიდი პრობლემაა და მმართველი გუნდისთვისაც, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ.

"არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი ოდესმე ადეკვატურად მოიქცევა. მეც და სხვა ბევრი ადამიანიც, ვინც მას იცნობდა, ვამბობდით, რომ მისი პრეზიდენტობა დაუშვებელი იყო და არავის როცა არ დაუჯერეს, ვხედავთ, რაც მოჰყვა ამ ყველაფერს", - აცახდებს შარაშენიძე "რეზონანსთან".

ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ ქვეყანამ დანაკარგის შესამცირებლად ყველას ჩუმად, შინაურულად უნდა გააგებინოს, რომ ზურაბიშვილი არ მოქმედებს ქართველ ხალხთან შეთანხმებით და მისი პოზიცია ჩვენს სახელმწიფოს პოზიციასთან თანხვედარში არ არის. მისი აზრით, ეს ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ სერიოზულ და მძიმე სკანდალებში არ გაეხვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×