დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ, მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანული მხარე არ გამორიცხავს, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტოს. გარდა ამისა, გიორგობაზე შესაძლოა, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიამდე მიმავალი გზაც ჩაიკეტოს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში მდებარეობს. მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ამის შესახებ მას დავითგარეჯთან მდგარმა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უთხრეს.
ქაცარავა "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დავითგარეჯში არსებულ სიტუაციას ის ადგილზე გაეცნო და ჯერჯერობით სიტუაცია მშვიდია, თუმცა ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რიცხვი ბევრად გაზრდილია. ქაცარავას თქმით, მესაზღვრეები ღია ტექსტებით საუბრობენ და ამბობენ, რომ 5 მაისიდან ქურმუხსა და დავითგარეჯში მისასვლელი გზები კვლავ ჩაიკეტება.
მისივე შეფასებით, ხელისუფლების პასიურობა და ამ საკითხზე ოფიციალურ პირთა დუმილი ბადებს ეჭვს, რომ მთავრობა ამ ტერიტორიის დათმობას აპირებს. ქაცარავა მოუწოდებს ხელისუფლებას, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამ გზის ჩაკეტვა მოხდება, აქციები დაიწყება და მოსახლეობა ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად თავად იბრძოლებს.
"შექმნილ სიტუაციას ადგილზე გავეცანი. ჯერჯერობით სიმშვიდეა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ 5 მაისიდან ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ ჩაკეტავენ. ისინი ამაზე ღია ტექსტებით საუბრობენ და აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან პირდაპირი მითითება აქვთ.
"საქართველოს მთავრობიდან ამ კუთხით ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ. არც ადგილზე და არც ჩვენ, არავის არ აქვს ინფორმაცია, ამ ეტაპზე რა ტიპის მოლაპარაკებები მიდის იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს. ეს არის რუსული სცენარი და მათ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა სრულიად გეოპოლიტიკურ ვაკუუმში მოხვდეს და ყველა მეზობელთან სიტუაცია გაგვიფუჭდეს.
"ჩვენი ხელისუფლების ქმედება გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებასა და ეჭვს, რომ რაღაცის დათმობას აპირებენ. ასევე მოვითხოვთ საპატრიარქოსა და უწმინდესის მხრიდან მკაცრი და მკვეთრი განცხადების გაკეთებას. ასე ყველაფრის მიჩუმათება არ შეიძლება. თუ 5 მაისს ჩაიკეტება გარეჯის გზა, რისი მლოდინიც ნამდვილად გვაქვს, მაშინ ჩვენ კოლონებად დავიძრებით გარეჯის მიმართულებით და ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად ჩვენვე ვიბრძოლებთ", - აცხადებს ქაცარავა "რეზონანსთან".
სასულიერო პირებიც იმავე ინფორმაციას ავრცელებენ და ამბობენ, რომ დავითგარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელ გზას კვლავ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ. გზა ჩაკეტილი აღარ არის, თუმცა სამხედროები ტერიტორიაზე იმყოფებიან. სასულიერო პირები ამბობენ, რომ მონასტერში შეიარაღებული პირების დგომა სწორი არ არის და აქ გასაკონტროლებელი არაფერია.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გაკეთდეს, რათა აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარი ისე მონიშნოს, რომ საქართველოს ინტერესები არ დაზიანდეს. მათი მოთხოვნაა, დროულად გაეცეს პასუხი ყველა იმ პროვოკაციულ ქმედებას, რომლებსაც ადგილი აქვს დავითგარეჯში.
"მეზობლობა ცალმხრივი არ არის, ამასთან გავითვალისწინოთ, რომ რა თანადგომასაც საქართველო იჩენს თუნდაც საქართველოში ჩვენივე მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან, იგივე არ ხდება ჰერეთში. ერთ მღვდელმსახურს, სანამ არ გახდა აზერბაიჯანის მოქალაქე, მღვდელმსახურების უფლება არ მიეცა, ხოლო აქეთა მხარეს ყოველგვარი მოქალაქეობის გარეშე საზღვარზე ბრმა კონტროლით მათი რელიგიური ლიდერები მიდიან-მოდიან.
"საკმაოდ დიდი დიპლომატიაა ამისთვის საჭირო, რომ კეთილინებოს აზერბაიჯანმა და დაფიქრდეს ამაზე. დღემდე საქართველოს საზღვრის დამცველი ამ ზოლში საქართველოს ეკლესიაა", - აცხადებს დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი.
დავითგარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტარების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას ითხოვს. "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანის თქმით, მასაც აქვს ინფორმაცია, რომ დავითგარეჯთან მისასვლელი გზა შეიძლება, გიორგობისთვის ჩაიკეტოს.
"ფაქტი ერთია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთეს საზღვარი და პასუხი არავინ არ გასცა. მე მაინტერესებს, რა წესდებით ხელმძღვანელობენ დღევანდელი ჩვენი მესაზღვრეები, რატომ ხდება ეს? ხომ არ არის რამე ფარული, ზურგს უკან გარიგება მათთან. თუ ეს ასე ხდება, ესე იგი, ჩვენთვის ეს ტერიტორიაც დაკარგული იქნება მალე. ამიტომ ვფიქრობ, რომ დავუძახოთ ან შინაგან საქმეთა მინისტრს, ან სასაზღვრო დეპარტამენტი ჰქვია თუ რაც ჰქვია, მის ხელმძღვანელს, რომ აგვიხსნას, რა ხდება იქ", - აცხადებს ემზარ კვიციანი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელები გვპირდებიან, რომ 5 მაისს გზას ისევ დაკეტავენ, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო რეგირება უნდა მოხდეს და ასევე აუხსნან საზოგადოებას, რა სახის მოლაპარაკებები მიდის, რომ ეს ასე არ მოხდეს.