როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წმინდა სამების ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო მე-19 საუკუნის თბილისში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის მაცხოვრებელთა სულიერ ცხოვრებაში, მის კულუტურულ განვითარებასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციების შენარჩუნების საქმეში.
ამ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა, ექვითმე თაყაიშივილმა და ნინო პოლტარაცკაიამ. ივანე მაჩაბელმა და ანასტასია ბაგრატონ- დავითაშვილმა.
თბილისის წმინდა სამების ტაძარში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწერლის ლავრენტი არდაზიანის ვაჟი პეტრე არდაზიანი, რომელიც თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მეტად მიღებული პირი იყო ქალაქის იმდროინდელ საზოგადოებაში.
პლატონ იოსელიანის ცნობით, წმინდა სამების ეკლესია 1790 წელს პეტრე აღნიაშვილს მეტსახელად "ყარაულას" აუგია, რომელიც მეფე ერეკლე მეორის მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული და თბილისს დაღესტნელების შემოსევისგან იცავდა.
ეროვნულ არქივში დაცული, 1824 წლით დათარიღებულ დოკუმენტში წერია, რომ "1790 წლის სამების ეკლესიის ქვის ნაგებობის მღვდლად დასვეს 55 წლის სოლომონ აბრამიშვილი, ეკლესიას ჰყავდა 43 მრევლი" - ამ დოკუმენტს ხელს აწერს ანჩისხატის კანდელაკი, გაბრიელ მესხიშვილი.
1836 წელს პეტრე აღნიაშვილის შვილმა მღდელმა შიო აღნიაშვილმა ტაძარს დასავლეთის მხრიდან სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მოაშენა. 1850 წელს კარიბჭეზე სამრეკლო დააშენეს, მცირე ხნის შემდეგ კი ეკლესია განაახლეს. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში შემოწირულობითა და საკუთარი სახსრებით დეკანოზმა პეტრე არდაზიანმა ტაძარი არქიტექტურულად განაახლა და ჯვარ -გუმათოვანი ეკლესიის სახე მისცა. 1890-იან წლებში კი ტაძარი იტალიელმა მხატვარმა ლუდვიგ ლონგიმ მოხატა.
1863 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა სამების ტაძარაში საიდუმლოდ ჩატარდა. ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ "საქართველოს მოამბის" თანამშრომლები: დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე. ოლღას მხრიდან ფიგელ-ადიუტანტი, ვიცე პოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და "კოლეჟის ასესორი" სულხან თუმანიშივლი. ჯვარი დაწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა.
"1863 წლის 21 აპრილს, სასიძო თავადი ილია გრიგოლის - ძე ჭავჭავაძე, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებით 25 (წლისა). სასძლო თავად თადეოზ გურამიშვილის ქალი ოლგა. მართლმადიდებელ სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებით 20 (წლისა). თავსმდებნი იყვნენ თავადნი დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი და ნიკოლოზ დიმიტრი ძე ჭავჭავაძე. ფლიგელ- ადიუტანტი, პოდპოლკოვნიკი თავადი ილია ზაალის ძე ჩოლოყოვი და კოლუჟსკი ასესორი თავადი სულხან ნიკოლოზის ძე თუმანოვი. (აპრილს 21-ს ჯვარი დაწერა) მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა"- წერია ილია ჭავჭავაძის და ოლღა გურამიშივლის ჯვრისწერის დოკუმენტში, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება.
ექვითმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტარაცკაიას დაოჯახებაში დიდი წვლილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის, მეჯვარეები იყვნენ ილია წინაღმძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშივლი. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოუგზავნია. ჯვრისწერა სამების ეკლესიაში 1895 წლის 5 ივლისს ჩატარდა.
"სასიძო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი ექვთიმე თაყაიშივლი მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელი იქორწინა პირველი ქორწინებით სასძლო ივანე პალატარცკის ქალოშივილ ნინოზე"- წერია ეროვნულ არქივში დაცულ ცნობაში.
ჯვრისწერის დროს დანთებული კელაპტრები ნინო პოლტარაცკაიას შეუნახავს და 1918 წელს, თბილისის დატოვებისას, ემიგრაციაში, ამ კელაპტრების გარდა თან არც არაფერი წაუღია. როგორც ამბობენ, ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორეს ბედი კი უცნობია.
1891 წლის 26 დეკემებრს კი სამების ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს ივანე მაჩაბელმა და ანასტასია ბაგრატიონ- დავითაშვილმა.
ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტში წერია: "1891, 26 დეკემბერი, ქალაქ ტფილისში მცხოვრებნი თავადი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და სჯულიერი ცოლი მისი ანასტასია ალექსანდრეს ასული. ორივენი მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელი. თავმსდებნი იყვნენ ტფილისის პროტომარტვენი დავით ზქარიას ძე სარაჯევი და ოტსტავნი გენერალ-მაიორის თავად ივანე სულხანის ძის ჭავჭავაძის ცოლი დარია რამაზის ასული. კავკაზის ქალების ინსტიტუტის ეკლესიის დეკანოზის პეტრე კონჩუევის თანდასწრებით".