„პანკისში სიტუაცია როგორ განვითარდება, ეს გახარიას შემდეგ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული“ - უხუცესი
ელზა პაპოშვილი
01.05.2019

 პანკისში, 21 აპრილის მოვლენების შემდეგ, ადგილობრივები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას და შემდეგ ნაბიჯებს ელიან. სახალხო კრებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხეობაში სიტუაციის განმუხტვის და კრიზისის მოგვარების კუთხით მინისტრის დადებით და პოზიტიურ როლზე საუბრობენ.

უხუცესები ამბობენ,რომ ახლა ყველაფერი გახარიას შემდეგ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. თუ ის ჰუმანურობას გამოიჩენს და არ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასჯა, მაშინ ხეობაში სიმშვიდე იქნება. თუმცა მათ სჯერათ, რომ მინისტრმა სიტუაცია უკვე სწორად შეფასა და მისგან მოლაპარაკების სურვილი ჩანს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით კი პანკისის ხეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან კონკრეტული დავალებები გაიცა. როგორც გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე საკითხზე დეტალურად 2 მაისს, პარლამენტში ისაუბრებს.

„პანკისთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალება პრემიერისგან და ამ დავალებას შევასრულებთ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. უფრო დეტალურად პანკისთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტში ვისაუბრებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პანკისის სახალხო კრება კი ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავს. პანკისის სახალხო კრებამ, რომელიც უხუცესებისა და ახალგაზრდების ერთობაა, საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიმართა, მონაწილეობა მიიღონ პანკისის ხეობაში 21 აპრილს შექმნილი კრიზისის დაძლევაში და საკუთარი მანდატის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური ინტერვენცია საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში.

სახალხო კრება აღნიშნავს, რომ საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაშია და შიდა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ხშირად ექცევა ქვეყნის მტრების ყურადღების და ინტერესის ქვეშ: "შესაბამისად, ვაცნობიერებთ რა იმას, რომ 21 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეიძლება რისკები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ვგრძნობთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გამოვხატავთ მზაობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღონოთ ყველაფერი, რათა აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედებების განმეორება პანკისის ხეობაში და პროცესების შემდგომი ესკალაცია."-ნათქვამია განცხადებაში.

პანკისელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ "საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პროცესის დეესკალაციისთვის მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას." სახალხო კრების შეფასებით, "ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი. ასევე, გვჯერა რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას ხეობაში და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას." - წერენ პანკისელები.

პანკისის უხუცესი ხასან ხანგოშვილი „რეზონანსთან" საბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხეობაში სიმშვიდეა. მისი თქმით, ის სახალხო კრების განცხადებას სრულიად იზიარებს და ფიქრობს, რომ დიალოგს და მოლაპარაკებას წინ არაფერი უდგას. უხუცესი ამბობს, რომ რაც მოხდა, მოხდა, ახლა მთავარია, რომ პანკისში მშვიდობა იყოს და ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის ურთიერთობა დალაგდეს.

„ქეთევან ციხელაშვილის განცხადება მოვისმინე და მან მზადყოფნა გამოთქვა იმისთვის, რომ მოსახლეობას შეხვდეს. ასევე, ამ სიტუაციაში, გიორგი გახარიას როლი ძალიან დიდია და მე ვიტყოდი მთავარიც. მართალია, რომ ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა შეცდომა იყო, მაგრამ მან კრიზისის მოგვარება საბოლოოდ შეძლო და ძალიან ცუდი სიტუაციიდან გამოგვიყვანა.

"ახლა პანკისში შემდგომში ვითარება როგორ გაგრძელდება, გახარიაზეა დამოკიდებული. მაშინ გვახსოვს, რომ მინისტრმა მკაცრი განცხადებები გააკეთა, რომ ყველა დამნაშავე პირს დასჯიდა. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ გახარია რასაც გადაწყვეტს და მისი მოქმედებები როგორიც იქნება, ხეობაში სიტუაციაც ასე განვითარდება.

ჰუმანურ დამოკიდებულებას თუ გამოიჩენს, სიტუაცია არ გამწვავდება. მარტო ჩვენი ახლაგაზრდები როდის ტყუოდნენ. ეს იყო შეცდომა, როდესაც სპეცრაზმის ხეობაში შემოყვანა გადაწყდა. მივესალმები იმას, რომ თავად შს მინისტრიც მიხვდა, დიალოგი აუცილებელია და არავინ არავის მტერი არ არის. საერთო ენა უნდა გამოვნახოთ და ამისთვის ხეობის მოსახლეობა მის გადაწყვეტილებებს ელის",-აცხადებს ხასან ხანგოშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×