პარლამენტმა კობახიძის კანონპროექტი მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, მესამე მოსმენით (87 მომხრე 33 წინააღმდეგი) მიიღო. უმრავლესობიდან კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა უკვე ყოფილმა "ოცნების" დეპუტატმა ლევან კობერიძემ, რის შემდეგაც მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ურავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ლევან კობერიძეს ყოველთვის ჰქონდა მმართველ პარტიაში განსხვავებული პოზიციები, რის დეკლარირებასაც მუდმივად ახდენდა.
არჩილ გამზარდია: ლევან კობერიძეს ვიცნობ, როგორც ღირსეულ ადამიანს, რომელიც თავისი ღირსეული და გონივრული მიდგომებით იშვიათი გამონაკლისი იყო მმართველ პარტიაში და მიკვირს, რომ აქამდე არ დატოვა "ოცნება" - იმდენი მიზეზის გამო შეიძლება დატოვოს ეს პარტია ღირსეულმა და მეტ-ნაკლებად ღირსეულმა წევრებმა, რომ მთელი ნუსხა შეიძლება ამ მიზეზების ჩამოწერო
კობერიძე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მმართველი პარტია მეტ-ნაკლებად ადეკვატურ პოზიციებამდე მიეყვანა ხოლმე, თუმცა, სრულიად უშედეგოდ და ამიტომ ძალიან ლოგიკურია, რომ დატოვა უმრავლესობა და მე პირადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ უკვე ძალიან საცოდაობაა მართველი პარტიის წევრის სტატუსი ჰქონდეს ამ ადამიანს.
ლევან კობერიძეს მმართველ პარტიაში განსხვავებული პოზიციები ყოველთვის ჰქონდა და ამის დეკლარირებას მუდმივად ახდენდა, მისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი მიზეზი იყო კითხვები სასამართლოსთან დაკავშირებით, თუმცა, წასვლის ბევრი მიზეზი ექნებოდა, თუნდაც რა პოლიტიკასაც "ქართული ოცნება" ატარებს ბოლო სამი წელია.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიამ უგულებელყო თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები?
ა.გ:ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია უგულებელყოფს უკვე ყველაფერს, რაც ერთპარტიული სივრციდან და მათში ძალაუფლების ცენტრების პოზიციებისგან განსხვავებულია.
იყო მუდმივად სხვადასხვა ორგანიზაციიდან რეკომენდაცია, რომ ცოტა უფრო სხვა კუთხით, უფრო ფაქიზად მოპყრობილიყო მმართველი პარტია კანონპროექტს სასამართლოების შესახებ და ამის გარდა, ძალიან დიდი ხაზგასმა იყო მუდმივად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ყოფილიყო ერთი სუბიექტის გადაწყვეტილება.
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ითხოვენ, რომ იყოს გარკვეული შეთანხმება საზოგადოებასთან და მმართველი გუნდი სამწუხაროდ, უარყოფს ოპონენტების,საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს და ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" ეტაპობრივად, თანმიმდევრულად მიდის აქტიური დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ და ნელნელა სახელმწიფო შეიძლება მოექცეს გარკვეული იზოლაციების რეჟიმში.
"რ":თქვენი აზრით, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტის მიღებამ, შეიძლება თუ არა შეიტანოს რყევები "ქართული ოცნების" მმართველობაში?
ა.გ: მე ქართული ოცნების დაშლის პერსპექტივებს ასე იოლად არ ვაფასებ, "ქართული ოცნების" ოპონენტებს მოვუწოდებ, რომ ასე მარტივად არ ისაუბრონ, რომ "ოცნება" დასრულდა და დაიშალა, ეს არის ძალიან მძლავრი რესურსებისა და გავლენებისა და ფინანსების მქონე სუბიექტების, ძალაუფლების მმართველობის ქვეშ მყოფი პარტია და მისი დაშლა და აქტიური თამაშის ველიდან გასვლა ასეთი მარტივი არ არის.
ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ ჩანს არანაირი პერსპექტივა საიმისოდ, რომ "ქართული ოცნების" ძალაუფლება შემცირდეს, რიცხოვნობის შემცირებას მათი ძალაუფლების შემცირებას არ ნიშნავს.