პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების აშენება რეკომენდირებული არ არის, რადგან „არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული". პრეზიდენტის მიერ „ამერიკის ხმასთან" გაკეთებულმა ამ განცხადებამ თბილისში ექსპერტების უდიდესი ნაწილისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
„ქართული ოცნების" დეპუტატები კი ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებენ, რომ დღეს ამერიკული ბაზების განთავსებაზე საუბარი არ მიმდინარეობს, მაგრამ მაინცდამაინც არავის უცდია თავად პრეზიდენტის შეხედულების გამართლება, რომ ამერიკული ბაზები არარეკომენდირებულია.
უფრო მეტიც, „ოცნებიდან" ხისტი იყო პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და შესაბამისად, მის განცხადებებს „პარტიასთან ნუ გავაიგივებთ", რითაც ერთგვარად გაემიჯნა პრეზიდენტის განცხადებას.
ამასთან, კალაძემ თქვა, რომ მას არ უნახავს ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადება, თუმცა აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.
საგულისხმოა, რომ ბოლო დღეებია პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამონათქვამები და ქმედებები სკანდალისა და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი ხდება და „ოცნებას" უწევს პრეზიდენტის ნაბიჯების ახსნა და გამართლება.
ამჯერად საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი სკანდალური განცხადება „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა, როდესაც მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა საქართველოში ამერიკული ბაზების აშენებაზე.
„არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, „ეს არის სწორედ ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, საქართველოში არ უნდა იდგნენ მეგობარი სახელმწიფოს დამცველი შეიარაღებული ძალები და ეს ქვეყანა უნდა იყოს მხოლოდ ოკუპანტი რუსის ჯარის ამარა".
„მე მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებას საქართველოს მთავრობისგან, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სამომავლო ნატო-ში გაწევრიანების ვალდებულებას და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში,"-განაცხადა ბაქარაძემ.
საერთო კრიტიკის ფონზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შეეცადა აეხსნა, თუ რა შეიძლება ეგულისხმა პრეზიდენტს.
მისი თქმით, ალბათ, ზურაბიშვილმა იგულისხმა ის, რომ ბაზების მშენებლობას ფუნდამენტური მომზადება სჭირდება და დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს. პრეზიდენტს შეიძლება, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს, თუმცა არ მგონია, გრძელვადიან პერიოდში სალომე ზურაბიშვილს იგივე აზრი ჰქონდეს. ალბათ ფუნდამენტურად მომზადება იმ საკითხების, რასაც ჰქვია ბაზის მშენებლობა, ნატო-ს წევრობა, ეს იგულისხმა. თუ არადა, დამატებითი შეკითხვები მას უნდა მისცეთ,"- ამბობს ვოლსკი და დასძენს, რომ ზურაბიშვილის ამ განცხადებას არ გაშიფრავდა ისე, რომ რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ხელისუფლების საგარეო კურსსა და მის ამ განცხადებას შორის.
პარლამენტის მეორე ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ დღეს ბაზების საკითხის დასმა დღის წესრიგში საერთოდ არ იყო საჭირო.
„ამ საკითხის დასმა დღის წესრიგში საერთოდ არ იყო საჭირო. ბაზების შემოყვანა დღის წესრიგში არ დგას, შესაბამისად, რატომ და როგორ აღმოჩნდა საერთოდ დღევანდელ განსახილველ საკითხებში ეს თემა, ვერ გეტყვით და არ მგონია, რომ ეს კარგია," - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის მამუკა მდინარაძე.
„მე კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა რატომ თქვა მაინცდამაინც ეს დღეს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე შემიძლია ისევ გაგიმეოროთ, რომ ეს საკითხი არ დგას დღეს დღის წესრიგში. არანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არც ერთ დონეზე, არც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არ ყოფილა. აქიდან გამომდინარე ამ ლოგიკას ვერ განვავრცობ. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ რომ აშშ-ს წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან დიდი. ის არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი," - ამბობს მდინარაძე.
პოლიტილოგი, „ჯიპას" პროფესორი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვერაფერში ვერ ერკვევა და მსგავსი მავნებლური განცხადებები მომავალშიც გველოდება.
„ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ ეს ქალი აცდენილია ყველაფერს, რეალურად ვერაფერში ვერ ერკვევა, არ იცის სად და როგორ უნდა ილაპარაკოს. გასულია მომსახურების ზონიდან. ზურაბიშვილმა ძალიან კარგი დიპლომატის მითი შეიქმნა, რაც დაიჯერა სააკაშვილმა და დანიშნა საგარეოს მინისტრად. არაფერი კარგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი არ არის. უბრალოდ თავისი თავის გაყიდვა შეუძლია კარგად. ფრანგული აქცენტი, გარეგნობა, რომელიც აქვს, ეს არის, მეტი არაფერი გააჩნია.
„იმედი მაქვს, რომ მსოფლიოში ყველა, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, მალე გაიგებს, რომ ეს ქალბატონი საქართველოს მოსახლეობის პოზიციას არ გამოხატავს. გამოსავალია, რომ ყველამ, მედიამ, ექსპერტებმა, რიგითმა ადამიანებმა ვთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც გახადეს ეს ქალბატონი პრეზიდენტი, ამიტომ ის არის არალეგიტიმური და ამიტომ მის განცხადებებს ფასი არ აქვს, არ გამოხატავს არა მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებს, არამედ მთავრობაც კი ვერ ეთანხმება მის განცხადებებს. ამ ეტაპზე ჩვენი გამოსავალი ესაა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ის არ გაჩერდება, მსგავსი სისულელეების ლაპარაკს გააგრძელებს,"- ამბობს შარაშენიძე.