„ოცნებას“ პარლამენტში უკვე 10 დეპუტატით ნაკლები ჰყავს, წამსვლელებს ისევ ელოდებიან
ეკატერინე ბასილაია
01.05.2019

 „ქართული ოცნება" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა. კობერიძე უკვე მე-9 დეპუტატია, ვინც 2019 წელს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წავიდა. ვინ იქნება შემდეგი? საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ რიგში კიდევ 2 დეპუტატი დგას, ვინც შეიძლება „ოცნება" დატოვოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ კობერიძე ბოლო ნამდვილად არ არის და „ოცნებიდან" სხვებიც წამოვლენ.

„კმაყოფილების რა გითხრათ, ალბათ, გამბედაობა კიდევ ვის ეყოფა, ის წამოვა. თუმცა ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. „ქართული ოცნება" პრაქტიკულად განწირულია. უბრალოდ ძალიან მძიმე საყურებელია, ვისაც ოდნავ მაინც ხედვა გააჩნდა და რამე ეთქმოდა, პრაქტიკულად ყველამ დატოვა „ოცნება".

"ახლა კოლექტიური ზარდიაშვილები და ქუცნაშვილები რას იტყვიან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ერთ ტიპად მოჭრილი უპრინციპო ადამიანები არიან. კობერიძემ, როგორც შეეძლო, პრაქტიკულად ბოლომდე იბრძოლა. „ოცნებაშიც" ცდილობდნენ, რომ ასეთი კადრი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ღირებულებებში საკმაოდ დიდი ცდომილება იყო და ლევანმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ მის გზას ძალიან ბევრი გაჰყვება,"- ამბობს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, მაგალითად ალექსანდრე ერქვანია ძალიან პრინციპული ადამიანია და თავს საკმაოდ დისკომფორტულად გრძნობს უმრავლესობაში.

„ასევე ვხედავთ, რომ ბიძინა გეგიძეც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ხოლმე. მაგრამ ერქვანია და გეგიძე ჯერ იბრძვიან შიგნით, იქნებ ამ ბრძოლით შედეგს მიაღწიოს. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას ეგენიც მიიღებენ, როცა ჩათვლიან, რომ ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ამ ქუცნაშვილებთან და ზარდიაშვილებთან და ამ გაუგებარ წარმონაქმნებთან ჯდომა.

"მე ვფიქრობ, რომ ვინც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აიღო დაპირებებით, რომელიც დღეს არ სრულდება, ვისაც ღირებულებები გააჩნია, მათ „ოცნება" უნდა დატოვონ. „ქართულ ოცნებაში" ყოფნა უკვე სირცხვილია. მერე კი ისეთი დაგვიანებული იქნება წამოსვლაც, ჩაძირული გემებიდან გაქცევას დაემსგავსება,"- აცხადებს ჭიჭინაძე.

ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსვლის მიზეზად მოსამართლეების შესახებ მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტი დაასახელა. კანონპროექტი პარლამენტმა ოთხშაბათს, 1-ელ მაისს 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ დაამტკიცა და ის არ მოსწონს არავის, თავად „ოცნებაში" დარჩენილების გარდა.

კობერიძის თქმით, ეს კანონი და მოსამართლეებთან დაკავშირებული მთელი პროცესი მისთვის წყალგამყოფია და დღეიდან პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

„ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის", - განაცხადა კობერიძემ.

კობერიძის წასვლის შემდეგ ჯერჯერობით, „ოცნებაში" 106 დეპუტატია, 10-ით ნაკლები, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და 116 მანდატით შევიდა პარლამენტში.

„ქართული ოცნებიდან" პირველი დიდი წასვლა იყო 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეების 2025 წლამდე დანიშვნის გადავადებაზე ჩავარდა. „ოცნება" დატოვა 4-მა დეპუტატმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე დღეში მათ შეუერთდა ზვიად კვაჭანტირაძე.

„ოცნება" ასევე დატოვეს ფრაქცია „სოციალისტების" 4-მა წევრმა. მათგან ლაშა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით არიან, და აცხადებენ, რომ არავისთან გაერთიანებას არ გეგმავენ. კიდევ 2 „სოციალისტი", გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური კი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს" შეურთდნენ.

ახლა, უკვე მაისის პირველივე დღეს „ოცნება" დატოვა ლევან კობერიძემ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტი მოსამართლეების თემაზე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას" 116 დეპუტატი ჰყავდა. პარტიას პირველი გამოაკლდა დავით ჭიჭინაძე, ის ირაკლი კობახიძის და ე.წ. ახლების მწვავე კრიტიკის გამო პარტიიდან გარიცხეს გასულ წლის ზაფხულში. 2017 წლის ბოლოს კი „ოცნების" ლიდერებს ურთიერთობა რამდენიმე დეპუტატთანაც დაეძაბათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხის გამო. სწორედ ამის შემდეგ მძაფრდება დიდი დაპირისპირება პარტიაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა მოჰყვა. ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას" პარლამენტში 106 დეპუტატი ჰყავს. მათგან 5 მოსამართლეების თემის გამო წავიდა პარტიიდან, 4 კი - განსხვავებული სოციალური პოლიტიკის მიზეზით.

ოცნების კულუარებში არ გამორიცხავენ რომ კიდევ 2-მა დეპუტატმა დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა და „ოცნება" შემოდგომისთვის 104 დეპუტატით დარჩეს. სავარაუდო წამსვლელებად ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე განიხილებიან. ეს დეპუტატები მოსამართლეების თემაზე კრიტიკული გამოსვლებით გამოირჩეოდნენ, თუმცა უმრავლესობის დატოვებას არ ჩქარობენ.

„რეზონანსთან" საუბრისას ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ „ოცნების" დეპუტატებიდან მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის პირველივე მოსმენიდან წინააღმდეგნი იყვნენ თვითონ, კობერიძე და ალექსანდრე ერქვანია. სხვა არ იცის.

გეგიძის თქმით, მისთვის წყალგამყოფი იქნება, თუ ისეთ მოსამართლეებს დანიშნავენ უზენაეს სასამართლოში, ვის მიმართაც საზოგადოებაში კითხვები და მიუღებლობა იქნება და თუკი ასეთი რამ მოხდება, ამის შემდეგ დატოვებს პარტიას.

„კობერიძის წასვლა უმრავლესობისთვის დანაკლისია, ის ერთ-ერთი საინტერესო დეპუტატია. მისი წასვლის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ, პოლიტიკოსს ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაუჭირდეს.

"კანონპროექტს მხარს არც მე ვუჭერ, პირველ და მეორე მოსმენაზე წინააღმდეგი წავედი, დღეს მიწერ-მოწერაში ვიყავი და ამიტომ არ ვარ მოწინააღმდეგეების სიაში. ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი არ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, მთავარი კრიტიკული პროცესი ახლა იწყება - უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის. წასვლაზე ბევრჯერ მკითხეს და ვთქვი, რომ გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, როგორ დასრულდება პროცესი. ყველა მოქალაქისთვის მთავარია, ვინ დაინიშნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლე. დეკემბერში იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი 10-კაციანი სია მიუღებელი იყო ჩემთვის.

"კითხვები არ უნდა გაჩნდეს მოსამართლეების რეპუტაციაზე და ბიოგრაფიაზე. მე საჯაროდ ჩემს თავს მაღალი თამასა დავუწესე და ჩემთვის ამ სიის ხელახალი წარდგენა მიუღებელი იქნება,"- ამბობს გეგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×