თბილისის მერიის მხრიდან სამშენებლო კომპანიებზე რეიდების ჩატარებამ შეიძლება, ზოგიერთი ობიექტის დემონტაჟი გამოიწვიოს. მერია შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლის გაძლიერებას იწყებს. სპეციალისტების შეფასებით, დარღვევები იმდენად მასშტაბურია, რომ რეიდები მასობრივ დაჯარიმებას გამოიწვევს. სამშენებლო პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესს ხარვეზის გამოსწორების ვადა უნდა მიეცეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ნორმების შემოწმებას იწყებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. საჭიროა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ და აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ეს უნდა გაითავისოს როგორც დამსაქმებელმა და დამკვეთმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე არიან დასაქმებული", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო ობიექტები ისედაც კონტროლდებოდა, თუმცა რეიდების საშუალებით ეს პროცესი გააქტიურდება და მასშტაბურ სახეს მიიღებს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონის ინფორმაციით, ნებისმიერი დარღვევის მიმართ მკაცრი სანქციები დაწესდება, რიგ შემთხვევაში კი შესაძლოა, ობიექტის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღონ.
"წინასწარ დავგეგმავთ, თუ რომელ რაიონსა და რომელ ობიექტში შევალთ და შევამოწმებთ ობიექტებს, კონკრეტული გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებთ. კომპანიებს სპეციალური ჯგუფები შეამოწმებენ. აუცილებელია, რომ ჩვენს წარმომადგენელს თან ჰქონდეს პროექტი, რომელიც არის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული. აუცილებელია, რომ ჯგუფის ერთი წევრი არქიტექტორი იყოს.
რეიდების დაწყების კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, ჩვენ ისედაც ვამოწმებთ ყველა სამშენებლო ობიექტს, მაგრამ სამომავლოდ გეგმას დავსახავთ და ვიმოქმედებთ. კონკრეტულ ობიექტს დაკომპლექტებული ჯგუფები შეამოწმებენ. თითო ობიექტზე, სავარაუდოდ, 4 ადამიანი შევა. გამოვლენილ ფაქტებზე კომპანიებს ჯარიმები დაუწესდებათ. სანქციები ისედაც არის და მომავალშიც გაგრძელდება.
ამ ეტაპზე კონტროლი მკაცრად ჩატარდება, ჩვენი მიზანია, უსაფრთხოების პირობების ნორმაზე მოყვანა, რასაც რეიდები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, დემონტაჟიც განხორციელდეს", - აცხადებს "რეზონანსთან" ბაგრატიონი.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეიდების საფუძველზე სამშენებლო სფეროში ჯარიმების რაოდენობა მოიმატებს, რადგან რეალურად ბევრი კანონდარღვევა ფიქსირდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი საგანგებო სიტუაციების მართვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ომარ ლანჩავა ამბობს, რომ სამშენებლო ნორმა უმეტეს შემთხვევაში დაუცველია და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება მუდმივად საფრთხეშია. მისი აზრით, კონტროლის გაძლიერება მდგომარეობას გამოასწორებს.
"აბსოლუტურად ყველაფერი შესამოწმებელია, მათ შორის - შრომისა და დასვენების პირობები, სახელფასო ანაზღაურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შრომის უსაფრთხოება ერთიანი დისციპლინაა, ეს ყველაფერი გაწერილია დოკუმენტებსა და კანონებში. სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. ადამიანი როცა იღლება, მერე იწყება მისთვის პრობლემა, იკლებს მისი შრომისუნარიანობა, ამიტომ დასვენების ნორმალური პირობა უნდა ჰქონდეს. სხვანაირად შეუძლებელია შრომის უსაფრთხოების დაცვა. ჩვენთან შრომის ინსპექცია გააუქმეს და ამით დიდი შეცდომა დაუშვეს.
მიჭირს თქმა, ამ შემთხვევაში რეიდებს რა შედეგი შეიძლება, მოჰყვეს, შედეგი კამპანიურობით არ მიიღწევა, თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც მივესალმები. არანორმირებული სამუშაო დღე არის დიდი დარღვევა, უამრავი ნიუანსია, არასათანადო შრომის პირობები, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არასაკმარისი ანაზღაურება და სხვა, რომლებიც უბედური შემთხვევების გამომწვევია. ამ საკითხებზე დგას უსაფრთხოება, სხვანაირად არაფერი გამოვა", - ამბობს "რეზონანსთან" ლანჩავა და დასძენს, რომ კონტროლის გაძლიერებისას სამშენებლო კომპანიებს შესაძლოა, დიდი სანქციები დაეკისროთ.
"კომპანიები სანამ არ გამოასწორებენ ვითარებას, უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ, ეს არის ჩემი პოზიცია. დასავლეთის ქვეყნებში დაქირავებულების უკან უძლიერესი პროფკავშირები დგანან. ჩვენთან მუშაკი რომ გაიფიცოს, ვერავინ აუნაზღაურებს დანაკარგს, სრული ქაოსია. ახლა მოქმედი კოდექსი, წინა, საბჭოური ვარიანტისგან განსხვავებით, არის ნაბიჯი უკან, მონურ პირობებში ამყოფებს დასაქმებულს. მხარეები გათანაბრებულია ერთმანეთთან, რაც იგივეა, რომ მგელი და ცხვარი გაათანაბრო ხორცის ჭამის უფლებით. ცხადია, ამ შემთხვევაში ვერაფერ სარგებელს ვერ მიიღებს ცხვარი, დაახლოებით ასეთი ვითარებაა.
შრომის ინსპექცია და მსგავსი ინსპექციები უნდა აიძულებდნენ დამქირავებელს, სათანადო შრომის პირობები შექმნან და დაიცვან დასაქმებულები. ამ თვალსაზრისით, კალაძის ინიციატივა კარგია, თუნდაც კამპანიური სახე ჰქონდეს. ჩემი აზრით, ობიექტების დახურვაზე საუბარი არ უნდა იყოს, მაგრამ კომპანიებს გამოსწორების ვადა უნდა მიეცეთ, საჭიროების შემთხვევაში, მკაცრი სანქციები დაუწესდეთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" ომარ ლანჩავამ.