თამარ შუკვანი
02.05.2019

 "საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერავინ შეზღუდავს," - ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან ასევე ოპონენტებს მოუწოდა, სენსიტიურ თემებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„არის გარკვეული მცდელობები შეზღუდონ პოლიციის არეალი, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები თუ სხვადასხვა სახის მცნებები, ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„სამწუხაროდ, სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციისა და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ და ამ საკითხში კიდევ ერთელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიცია ეკუთვნის თითეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა ერთად, რამე თუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში...

„მინდა, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის: საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს. ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფის, ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გახარიას კითხვები პანკისთან დაკავშირებით დაუსვა და დაინტერესდა, როგორ აპირებს უწყება ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას.

„სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ დღეს აქ თქვენი გამოსვლის ტონით. სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ საკუთარი, სრულიად არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით - მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართული პოლიციის რეპუტაციას და უზარმაზი წვლილი შეიტანეთ პოლიციასა და მოქალაქეთა ჯგუფის ჩხუბის ინსპირირებაში, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების მანძილზე. ასე რომ, ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს აქ, ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად კი თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან.

„დღეს, როდესაც შესული ხართ ჩიხურ ვითარებაში, ერთი მხრივ, არის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება, თუკი ხელისუფლება განახორციელებს კანონიერ ზომებს მათ წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დაისაჯონ მონაწილეები, რა არის გამოსავალი?! როგორ აპირებთ ჩიხიდან გამოსვლას? "- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×