შს მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში, როგორც მოსალოდნელი იყო, პოზიცია-ოპოზიციას შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ყველაზე მწვავე კამათი ნაციონალ ნიკა მელიასა და "ოცნების" ლიდერებს შორის გაიმართა.
„შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობისა და რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ პარტიების მიერ, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში," - უთხრა გია ვოლსკიმ მელიას.
„როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტებას, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრვალჯერ დაგიფიქსირებთ," - ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რასაც დარბაზში უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა.
მელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი თავად უწყობს ხელს პოლიციის დისკრედიტებას. მისი თქმით, გიორგი გახარია იმ გუნდის თვალსაჩინო ლიდერია, რომლის რიგებშია კახა კალაძე.
„თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას" აეროპორტში ხვდება, იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ლავას ოღლის ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი. რომლის რიგებში გახლავთ კალაძე, თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც თბილი ურთიერთობა არ გაქვთ, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა, რომელიც ამაყობს რვა სული ქურდით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტებას, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრვალჯერ დაგიფიქსირებთ.
„თქვენ ბრძანეთ, რომ მეხუთეჯერ წარვსდექი თქვენს წინაშე საპარლამენტო ტრიბუნასთან, მეხუთეჯერ მომიწია გამოსვლაო და ეს საპარლამენტო დემოკრატიის პლუსად აქცენტირებულად თქვით. გასაგებია, რომ მეხუთეჯერ მობრძანდით პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დადგებით, არამედ რას ამბობთ და რას საუბრობთ.
„თქვენ ბრძანეთ დასაწყისში ძალიან უცნაური რამ, თითქოს ჩვენ და ჩვენზე იყო აქ აქცენტი გაკეთებული, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტების კამპანიას აწარმოებს. მე გეტყვით საპირისპიროს - თუ ვინმე დისკრედიტებას უწყობს ხელს პოლიციისას, ბრძანდებით პირადად თქვენ, ბატონო გახარია, ადამიანი, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან და ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც კი. მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი - ხვიჩა ცხაკაია საკმარისია. თქვენ ასე ვთქვათ, თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ უბრალოდ არ გსმენიათ, არადა, პირადად ხართ ამ ადამიანთან შეხვედრილი," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ნიკა მელიას გამოსვლა საპრლამენტო უმრავლესობის წევრებმა გააპროტესტეს. ამის შემდეგ მელიამ უშუალოდ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა:
„უნამუსოა ადამიანი, ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას გარდაცვალებაზე, უნამუსოა ადამიანი, ვინც სპეცრაზმს შეიყვანს პანკისში," - განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა: „ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას," - მიმართა კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს საქციელი დაუწუნა და საპასუხოდ განაცხადა, რომ ოპოზიციას სხვა რესურსი არ აქვს;
„შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობისა და რაც მთავარია, ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ პარტიების მიერ, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შს მინისტრისადმი შეტევის საქმეში.
„კიდევ კარგი, რომ უზრდელობის გარდა, დღეს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, ეს რესურსი კიდევ მოხვდეს მათ ხელში ოდესმე," - განაცხადა გია ვოლსკიმ.