რეზონანსი
02.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის თხოვნის არანაირი საფუძველი არა აქვთ, ამიტომ მათ დეპორტაცია ელოდებათ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში გადაადგილება უვიზოდ 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ.

საქართველოში არ არის ომი, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მისმა მოქალაქეებმა მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი. პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ ზოგადად დევნილები ან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ტიპის დევნას განიცდიან. შესაბამისად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთგვარად ხდებიან იმ ადამიანების მანიპულირების მსხვერპლნი, რომლებიც, შესაძლოა, მათ ჰპირდებიან რაღაცას, ან არ არიან ინფორმირებული, რომ მათ პოლიტიკური თავშესაფრის მოძიება გაუჭირდებათ საფრანგეთში", - განაცხადა მენიემ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის პირველი ადგილი უკავიათ. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი დაინტერესებულია, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს.

მან გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესების დარღვევისა და პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართვის შედეგების შესახებ.

საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ. სულ შევიდა დაახლოებით 18 ათასი განაცხადი, ანუ თავშესაფრის თხოვნის მიმართვების საერთო რაოდენობიდან 3%. ასეთია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" მონაცემები.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×