ია აბულაშვილი
02.05.2019

 "ოცნება" პირწმინდად თუ მოიგებს შუალედური არჩევნების პირველ ტურებს, წელგამართული მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის. თუ წააგებს, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იქნება "ოცნების" რღვევის" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, უახლოეს მომავალში უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს. თქვენ როგორ შეაფასებდით "ქართუი ოცნების" დაშლის პერსპექტივას?

პაატა ზაქარეიშვილი: ქართული "ოცნებიდან" წავიდა ის, ვისაც ჰქონდა იმიჯი, სახელი, ისტორია და კარგად იცოდნენ, რომ დისკრედიტირებული "ოცნებიდან" წასვლა დიდი დანაკრაგი არ არის. დღეს "ოცნების" სახე არის ჩინჩალაძე, მურუსიძე და ისინი, ვინ ერთმანეთზე ხელჩაკიდებულნი და თვალდახუჭულები გემის ჩაძირვას ელოდებიან. ეს არის რღვევის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი აუცილებლად იქნება, როცა დაიწყება მუშაობა საარჩევნო სიებზე და მაშინ ხმას ამოიღებს ის ხალხიც, ვინც დღეს გაჩუმებულია, მაგრამ გვიან იქნება.

"ოცნებაში", რომელიც თავდაღმართში მიდის, ეტყობა გათვალეს, რომ არ დათმონ არაფერი და სიჯიუტით გაიტანონ ყველაფერი, მაგრამ სწორი გათვლა არ არის და ეს სიჯიუტე შეიწირავს "ოცნებას." არც ბიძინა ივანიშვილი უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად და გამარჯვებაზე იყოს ორიენტირებული. იგი ჩაკეტილია და მხოლოდ წერილებით ესაუბრება ხალხს. მგონი, ხვდება თავის შეცდომებს, მაგრამ უჭირს აღიარება. ანუ მძევალია მის მიერ დაშვებული შეცდომების და არა მგონია რომ კარგ ხასიათზე იყოს.

"რ": 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ტარდება, გამარჯვების რა შანსები აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას?

პ.ზ: შუალედური არჩევნები იქნება კარგი ტესტი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. თუ "ოცნება" პირწმინდად მოიგებს არჩევნების პირველ ტურებს მაშინ წელგამართული მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის, თუ წააგებს ეს კიდევ ერთი დაამატებითი ფაქტორი იქნება "ოცნების" რღვევის. რაც შეეხება ოპოზიციას, არც ოპოზიციური სპექტრია იდეალური და მათთვისაც შუალედური არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი. თუ წააგებენ არჩევნების პირველ ტურებს, მაშინ სათქმელი აღარაფერი ექნებათ და მოუწევთ გადახედონ თავის სტრატეგიას, რათა სერიოზულად მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

"რ": გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, მართველი პარტიას საარჩევნო გეგმებში კორექტირება შეაქვს და შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. ფიქრობთ, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას?

პ.ზ: იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება, არაფერი მსმენია და ჩემს პოზიციას ამ ინფორმაციაზე ვერ ავაგებ. ისე დღეს თუ ვინმეს ვადამადელი არჩევნები აწყობს, ეს "ოცნებაა", მაგრამ უნდა დაასაბუთოს, რატომ მიდის ამ გადაწყვეტილებაზე, ქვეყანაში კრიზისი არ არის, კრიზისი არის "ოცნებაში". მეორე ვარიანტია, თვითონ დაძაბონ სიტუაცია შუალედური არჩევნების შემდეგ, ანუ მთელი ენერგია მიმართონ არჩევნების შემდეგ დაძაბულობაზე, რომ მერე თქვან, ღრმა კრიზისია და იძულებულნი ვართ ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთო. ამიტომ ოპოზიცია უნდა დაირაზმოს და არ დაუშვას დაძაბულობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×