თამარ შუკვანი
02.05.2019

 რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ გივი ჩეჩელაშვილს სახლი დაუცხრილეს, თუმცა დამნაშავეები ჯერ ვერ იპოვნეს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო; ნიშანი იმისა, რომ გაჩერებულიყო და გამოძიებისთვის „ხელი არ შეეშალა."

გამოძიების დიდი იმედი არა აქვს. "შესაძლოა რომელიმე პროკურორი ნამუსმა შეაწუხოს, თუმცა პროკურორი რა ნამუსმა უნდა შეაწუხოს? ვინც პროკურატურაში მუშაობს, ყველა ყოფილი თანაშემწე და ყოფილი მოადგილეა იმ ადამიანის, ვინც მებრძვის, - გიორგი ლაცაბიძის."

ამბობს, რომ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, სასამართლოში სამოქალაქო დავის მოგების ეშინია. „გენერალი ქუთათელაძე წილის გამო რუსთავის ბაზრობაზე მოკლეს. სამოქალაქო სასამართლო რომ არის ჩანიშნული, ნეტავ გადაიწიოს და გადაიდოს... მოგების მეშინია. ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ერთადერთი გამოსავალია, გავყიდო სახლი და წავიდე ქვეყნიდან, პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვო სადმე. იქაც არ ღებულობენ არავის..."

მოკლედ ამ ამბის შესახებ: 2008 წელს ჩეჩელაშვილი შპს "შევარდენს" შეუერთდა, როგორც დამფუძნებელი პარტნიორი. კომპანიას ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებები შემოჰქონდა და მთელი ქვეყნის მაშტაბით მის დისტრიბუციას ახდენდა. ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ მისი წილი 60% იყო.

მისი თქმით, პარტნიორებმა მალევე უთხრეს, რომ ე.წ. წილი სააკაშვილის ოჯახისთვისუნდა მიეტანათ, იმისათვის რომ მუშაობაში ხელი არ შეშლოდათ - თვეში 10 ათასი ალასანიების ოჯახში მიდიოდა, აცხადებს ბიზნესმენი.

„იყო ვინმე მამუკა (გვარი არ მახსოვს). ჩვენთან მოდიოდა-ხოლმე ოფისში, ფირმაში არ იყო რაიმე თანამდებობაზე გაფორმებული. არც წესდებაში არ ფიგურირებდა და არც ახლა ფიგურირებს, არც დამფუძნებელია არც წილის მფლობელი. შესაბამისად, გადასახადების გადახდა მის მიერ გატანილ თანხებზე ვერ ხდებოდა. გადაუხდელი გადასახადების რაოდენობა ჯამურად 500 000 ლარია, რაც შეგვატყობინა თავის დროზე ჩვენმა აუდიტმა, თუმცა ჩემმა პარტნიორებმა თავი აარიდეს გადასახადს იმ მოტივით, რომ სააკაშვილის ოჯახში წასულ თანხებს არავინ შეამოწმებდა. ამ მამუკას ყოველდღე მიჰქონდა ფული ბუღალტრული აღრიცხვის გარეშე, მხოლოდ ე.წ. შავ ბუღალტერიაში ჩანს ეს ფაქტი, მაგრამ ყველგან ხელმოწერებით და გვარებით.

"უნდა გითხრათ ისიც, რომ რამდენჯერმე მეც მაქვს მათთვის ფული მიტანილი. ვაზუსტებ, ვეძისში, გივი ალასანიასთან, რომლის გარდაცვალების მერეც ასე გრძელდებოდა და ამის დამადასტურებელია ხსენებული ე.წ. „შავი ბუღალტერია", რომლებიც რვეულების სახით დღემდე ჩემთან ინახება," - აცხადებს ჩეჩელაშვილი.

პარტნიორების ინიციატივით და ჩეჩელაშვილის თანხმობით, იურისტი აიყვანეს - იუსტიციის ექსმინისტრ ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე გამოდგა, რომლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, აცხადებს ჩეჩელაშვილი 2020-სთან.

მას შემდეგ, ოთხი დამფუძვნებლიდან ერთ-ერთმა, ჯემალ ბეჟაშვილმა, რომელიც დირექტორი გახლდათ, თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. შემცვლელად გიორგი სირაძე მოიყვანა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა სწორედ ჯემალ ბეჟაშვილის სიძე და გიორგი ლაცაბიძის ცოლის ძმაა. ჩეჩელაშვილის თქმით, სწორედ ამ ორ პირს ჰქონდა განზრახული კომპანიიდან მისი მოცილება.

ამბობს, რომ პროკურატურას და სხვა უწყებებს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

„ჩემი ადვოკატი გამომძიებელს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ოფიციალური პასუხი გამოეგზავნა, მაგრამ ფოსტიდან წერილი ვერ ავიღე, რადგან ჩემი სახელი შეცდომით წერია. დამპირდნენ, რომ ორი კვირის მერე შესწორებულს გამომიგზავნიდნენ, თუმცა მას შემდეგ უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა და პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია.

„განმიცხადეს, რომ ვერ აღმოაჩინეს სს ნიშნები. დანაშაულის ჩამდენი, ვინც არის, ის დაბარებული ჰყავდათ; იმას აჩვენეს, გაესაუბრნენ და ამით დაამთავრეს. მე თუ არ მკითხა ადამიანმა, იმ რვეულში რას და რომელ პუნქტს ვგულისხმობ, თვითონ დამნაშავე ამას არ ეტყოდა.

„სისხლიანი დანა რომ კრიმინალურ პოლიციას მიუტანო და უთხრა, „ამით კაცია მოკლული," - თუ არ გასინჯეს ანაბეჭდი, დეენემი და სისხლის ჯგუფი, ისე ხომ არ გამოვა? ის დანა ხომ არ უნდა აჩვენო მკვლელს და ჰკითხო, „შენია? ამით შენ მოკალი კაცი?" - გეტყვის, რომ „არა" და ამით დამთავრდება," - განუცხადა „რეზონანსს" გივი ჩეჩელაშვილმა.

იგი ბოლო თავდასხმას იხსენებს, აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს. შიშობს, რომ თავდასხმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, კვლავ განმეორდება. ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ამოღებული ტყვია რა იარაღს ეკუთვნოდა, როდის იყო გასროლილი და ა.შ. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მიპასუხეს, რომ პასუხს შეგატყობინებთო. "

ძველ ამბავსაც იხსენებს, როცა, როგორც ამბობს „ქურდული სამაყაროს" "ვიღაც გაუგებარი პირები" მივიდნენ და საჩივრის გამოტანა მოთხოვეს.

"ძიება მაშინაც ასე დაიწყეს და არაფერი გაუკეთებიათ. ეს საქმე საბურთალოდან დიდუბეში, წერეთლის გამზირზე პოლიციას გადაეცა, იქიდან ქალბატონმა მიპასუხა, - „ჯერ არ ვგეგმავ თქვენს დაკითხვას და ნუ მაწუხებთო." იქიდან დუშეთის რაიონს გადასცეს, რომელმაც თბილისს გადასცა და ახლა მცხეთაშია. რაც მოხდა, იმის ჩვენებას ვაძლევ და მეტი არაფერი, შემდეგ თავიდან იწყება. ოთხი თვის თავზე მცხეთაში გამომძიებელმა მითხრა, ძალიან ბევრი ზარია შესამოწმებელი, ამას რა შეამოწმებსო.

„ერთი წლის შემდეგ, ფინანსურ საკითხებზე სარჩელი განმეორებით შევიტანე. ახლა უკვე აღარ მომაკითხეს, ფანჯრებში მესროლეს. ვფიქრობ, რომ ეს გასროლა შესაშინებლად იყო. მოკვლა რომ სდომოდათ, სახლში კი არ მესროდნენ, არამედ ეზოში. ლაპარაკით ვერ გამაჩერეს, ვერ შემაშინეს, ადგნენ და მესროლეს.

„სანამ წილს არ გადავუფორმებ, თავს არ დამანებებენ. შესაბამისი უწყება კი ასე იძიებს. „შავი ბუღალტერია," რაც ჩემ სიმართლეს ამტკიცებს, იმას არ იძიებენ. სს საქმეში ისეთი მდგომარეობაა, რომ ძალიან ცუდად დამთავრება. უარყოფითი პროგრესი მიდის; მოვიდნენ დამემუქრნენ, მერე ფანჯრებში მესროლეს. სამოქალაქო სასამართლოს მოგების მეშინია, - მერე ალბათ თავში მესვრიან.

„გენერალი ქუთათელაძე წილის გამო რუსთავის ბაზრობაზე მოკლეს. სამოქალაქო სასამართლო რომ არის ჩანიშნული, ნეტავ გადაიწიოს და გადაიდოს, - შესაძლოა ამ პერიოდში რომელიმე პროკურორი ნამუსმა შეაწუხოს, თუმცა პროკურორი რა ნამუსმა უნდა შეაწუხოს? ვინც პროკურატურაში მუშაობს, ყველა ყოფილი თანაშემწე და ყოფილი მოადგილეა იმ ადამიანის, ვინც მებრძვის, - გიორგი ლაცაბიძის. პირადად მას უნდა ჩემი წილი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ნამეცადინებია სხვისი წილების წართმევაზე და ახლაც იგივეს აგრძელებს.

„ბოლო სტადია იქნება ალბათ პროკურატურის წინ საშიმშილოთ თუ დავჯდები, მაგრამ რა აზრი აქვს?! მეტი რა უნდა გავაკეთო?! სამოქალაქო სასამართლოს მოგების მეშინია. ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ერთადერთი გამოსავალია, გავყიდო სახლი და წავიდე ქვეყნიდან, პოლიტიკური თავშესაფარი ვითხოვო სადმე. იქაც არ ღებულობენ არავის. ალბათ ვიეტნამს ვთხოვ. სადმე წავალ, ისეთ ქვეყანაში, სადაც ადვილია დარჩენა და უკან არ გამომაგდებენ," - განაცხადა გივი ჩეჩელაშვილმა.

ამ ბრალდებების საპასუხოდ „რეზონანსი" ჩეჩელაშვილის ბიზნესპარტნიორებს დაუკავშირდა, რომლემაც საუბარი არ ისურვეს:

„სასამართლოშია საქმე და იქ გაეცამა ყველა კითხვას პასუხი. ვერაფერს გეტყვით, ადვოკატს დაუკავშირდით," - განგვიცხადა გიორგი ჭყონიამ.

„არაადეკვატურ ადამიანებთან არ მინდა საუბარი. სასამართლოში მივიდეს და ადვოკატთან გაარკვიოს," - აღნიშნა კიდევ ერთმა ბიზნეს-პარტნიორმა ქეთევან ციმაკურიძემ.

კომენტარის მოცემა არ ისურვა ასევე ჯემალ ბეჟანიშვილმაც, ასევე ბიზნესპარტიორმა.

(გამოყენებულია 2020News-ის ინფორმაცია)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×