"იგი შეყვარებულია საქართველოზე, მის ბუნებასა და ბიომრავალფეროვნებაზე"
მარი გოცირიძე
03.05.2019

 საქართველოს გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ომბუდსმენის ინსტიტუტი ჰყავს. ომბუდსმენად შეირჩა დევიდ მორისონი, რომელიც "კავკასიის ფონდის" ხელმძღვანელია. მის სახელს ჩვენს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკავშირდება. ინოვატორი ომბუდსმენი ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ ძალიან უყვარს საქართველო და ათეულ წელზე მეტია, რაც ქვეყანას ღირსეულად ემსახურება.

საქმიანი რეპუტაციით, გამოცდილებითა და საქართველოს სიყვარულით გამორჩეული ახალი ომბუდსმენი ამყარებს მოლოდინს, რომ დაცული ტერიტორიების ქომაგი და გულშემატკივარი უკვე მთელი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე იზრუნებს. სწორედ ამ ფაქტორს გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოსტზე დევიდ მორისონის წარდგენისას.

"მსურს, წარმოგიდგინოთ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის პოზიციაზე ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო. ის 10 წელზე მეტია, ჩართულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. დევიდი თანამშრომლობს ყველასთან, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაკავებული არიან გარემოსდაცვითი საქმიანობით. დარწმუნებული ვარ, ამ ახალი ინსტიტუტის შექმნით ჩვენ დავძლევთ ყველა გამოწვევას," - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ ახალი ინსტიტუტი დაეხმარება მთავრობას ეკოლოგიის მიმართულებით გამოწვევების დაძლევაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ომბუდსმენის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვანე პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საზოგადოების ჩართვა მნიშვნელოვანია.

"გარემოსდაცვითი საკითხები საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროა. შესაბამისად, ჩვენთვის მოსახლეობასთან კომუნიკაცია განსაკუთრებით პრიორიტეტულია. როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, მდგრადი განვითარების პრინციპებსა და მწვანე ეკონომიკას ვგულისხმობთ. ეს საკითხები ძალიან აქტუალურია საზოგადოებისთვის და პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის. სწორედ ამ პრიორიტეტულობის დამადასტურებელია ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დროს გმოთქვა და დღევანდელი გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საკითხებზე ვისაუბრეთ," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი შეფასებით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი საბჭო, სადაც ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელებენ.

ერთი შეხედვით, ის, რაც საზოგადოებისთვის საქმეს და პროფესიონალიზმს უკავშირდება, მორისონისთვის იმავდროულად არის მისიაც, რაზეც მან, უკვე გარემოსდაცვითმა ომბუდსმენმა, განაცხადა: "პროფესიით იურისტი ვარ და გარემო იქნება ჩემი კლიენტი. მე არ მივიჩნევ ამას სამუშაოდ, მე ეს მიმაჩნია მისიად. საქართველოს მომავალი არის მწვანე," - აღნიშნა დევიდ მორისონმა.

მისი საქართველოში მოღვაწეობის წლებზე, უანგაროდ გაწეულ ღვაწლსა და დამსახურებაზე "რეზონანსს" დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ უამბო:

"დევიდ მორისონი, დიდი ხანია, თანამშრომლობს გარემოს დაცვის სააგენტოსთან და არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული დაცული ტერიტორიების დაცვის მიმართულებით. მორისონის მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო 2008 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდის მეშვეობით, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ და დიდი წვლილი მიუძღვის ამ ორგანიზაციის განვითარებაში.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოხდა ბორჯომის ხეობაში ხანძრები, რა დროსაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა აღჭურვილობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. პირველი სწორედ დევიდ მორისონი იყო, რომელმაც შეგვიძინა ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა და მაღალი გამავლობის მანქანა. მისი ხელმძღვანელობით დაცულ ტერიტორიებზე არაერთი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დაზღვევა, რადგან ჩვენს რეინჯერებს არ ჰქონდათ სამსახურებრივი დაზღვევა. 2012 წელს მოხდა ტრაგიკული ფაქტი, ბრაკონიერების დაკავების დროს მოკლეს რეინჯერი, რომელსაც არ ჰქონდა დაზღვევა და მის ოჯახს ვერ ვეხმარებოდით. თუმცა მორისონმა ოჯახს 10 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია გადაუხადა და რეინჯერის მცირეწლოვან შვილებს 150 ლარი დაუნიშნა ყოველთვიურად, სანამ სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ. გასულ წელსაც მოხდა ტრაგედია, დაიღუპა რეინჯერი და ანალოგიურად აქაც დაეხმარა ოჯახს და მცირეწლოვან ბავშვს დაუნიშნა ხელფასის სახით 200 ევრომდე თანხა, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.

მორისონის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დაცვის ინფრასტრუქტურა, ე.წ. რეინჯერთა სადგურები, ხერგილები, მანქანები და სხვადასხვა აღჭურვილობა რეინჯერებისთვის, რაც მათ ეფექტური საქმიანობისთვის სჭირდებათ," - აღნიშნა თომა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, დევიდ მორისონი შექმნის შესაძლებლობას, რომ საქართველოში ბიომრავალფეროვნება კიდევ უფრო განვითარდეს.

"დევიდი შეყვარებულია საქართველოზე, მის ბუნებასა და ბიომრავალფეროვნებაზე. მისი ორგანიზაციის საშუალებით ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიებისთვის არაერთი გრანტი და ფულადი სახსრებია მოპოვებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი უზრუნველყოფს მეტ საერთაშორისო მხარდაჭერას დაცული ტერიტორიებისა და მთელი საქართველოს ბიომრავალფეროვნების სფეროში," - განაცხადა "რეზონანსთან" თომა დეკანოიძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც საკითხების განმხილველი სამდივნო ეყოლება და რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს საჯარო განხილვებში და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს გაუწევს.

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×