ელზა პაპოშვილი
02.05.2019

 შეცდომების აღიარება, შედერებით ადეკვატური და პოლიტიკაში ახალი სტილის დანერგვის მცდელობა - ანალიტიკოსები  „რეზონანსთან“გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აფასებენ.   

შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია და  ახლა უკვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც,  პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში სიტყვით რამდენიმე საათის განმავლობაში გამოდიოდა. 

მწვავე კამათი 12 საათიდან დაიწყო და საღმოს რვის ნახევარზე დაასრულა. მინისტრს  კითხვებს როგორც ოპოზიციის ასევე, მმართველი გუნდის დეპუტატები უსვამდნენ. ძირითადი კითხვები შეეხებოდა პანკისში 21 აპრილს მომხდარ ინციდენტს, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს, კახეთში ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებას, რომელიც  კაჭრეთის პოლიციის თანამშრომლებმა 24 მარტს ოჯახში ძალადობის საბაბით დააკავეს და ნათესავების განცხადებით მასზე იძალადეს. კითხვები დაისვა ასევე დავით კირკიტაძის დაკავებაზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე. მინისტრს მმართველი გუნდიდან წასულმა ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზეც ჰკითხა და დაინტერესდა გამოძიება რა ეტაპზე იმყოფება. 

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პანკისის ხეობასთან მიმართებით სახელმწიფო სტრუქტურებმა დაუშვეს შეცდომა - რისკები არასათანადოდ შეფასდა; არ იყო ამოწურული ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი; გასარკვევია - სად და როგორ მოხდა შეცდომის დაშვება; პანკისის ხეობაში გამოვლინდა სოციალური პროტესტი და დაუშვებელია საკითხის პოლიტიზება; ჩიხიდან შს სამინისტრო „მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით" გამოვა; ხოლო პანკისელების დაჭერასთან მიმართებით შსს გადაწყვეტილებას ქვეყნის, საზოგადოების ინტერესების მიხედვით მიიღებს.

გახარიას თქმით, შეცდომა დაშვებული იყო იმ უწყებების მხრიდან, რომლებიც ჩართული იყვნენ პროცესში ჰესის მშენებლობის საკითხთან მიმართებით. მან დაასახელა შს, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, თუმცა ასევე თქვა, რომ ეს საკითხი კიდევ ბევრი სხვა უწყების პასუხისმგებლობის საგანია.

მან პროვოკაციულად შეაფასა კითხვა, „როგორ გამოხვალთ ამ ჩიხიდან?“ 

„დაგვაკვირდით და ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან - მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს - გადაცდომის ფარგლები სად იყო და რა მოხდა,“ - აღნიშნა მინისტრმა. 

გახარიას თქმით, შსს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში „ახორციელებს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის ეფექტური დაძლევა“. მან მოუწოდა დეპუტატებს მხარდაჭერისკენ და უთხრა, რომ შეუძლიათ სრულად აკონტროლონ ეს პროცესი.

მინისტრი კითხვაზე, დაიჭერს თუ არა პანკისში მონაწილე ყველა აქციის მონაწილეს, ამბობს: “მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც არის საჭირო ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის“.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს ურთიერთობებში შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის.

გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მამუკა ჩიქოვანის კითხვა უპასუხოდ დატოვა, რომელმაც დავით კირკიტაძე შს მინისტრის პირადი პატიმრად მოიხსენია. ასევე არ ისაუბრა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

მინისტრმა ოპონენტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ საქმესთან წვდომა არ აქვს და დეპუტატების მიერ მსგავს საკითხებზე ყურადღების გამახვილება საკანონმდებლო ორგანოს ზედამხედველობის ფასს დაბლა წევს. გახარიას განცხადებით, ის პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო, გულგატეხილია.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელია კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებით დაინტერესდა. ეკა ბესელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე სამი თვეა მიმდინარეობს, არ არსებობს კითხვაზე პასუხები, ვინ დგას მომხდარის უკან. გახარიამ განაცხადა, რომ ფარული ვიდეო კადრების გავრცელების პირველწყაროს უწყება უახლოეს პერიოდში იპოვის. 

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა არ იყო რაიმეთი გამორჩეული და განსხვავებული, გარდა იმისა, რაც პანკისზე ისაუბრა. ის ქართულ პოლიტიკაში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს და  არის მინისტრი, რომელიც საკუთარ დანაშაულს საჯაროდ აღიარებს და ბოდიშის მოხდაც შეუძლია. ეს კი მის ღირსებასა და გონიერებაზე მიუთითებს, რაც როგოც ქვეყანას ასევე, მას წაადგება. 

თუმცა ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ის არის სამიზნე, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლებაში მას იმიტომ ერჩიან, რომ არცერთ დაჯგუფებას არ ეკუთვნის, სრულიად მარტოა და ივანიშვილის ნდობით სარგებლობს. ხოლო ოპოზიციას მთავრობაში მისი მსგავსი ადეკავტურად მოაზროვნე ადამიანი არაფერში აწყობს და მასზე თავდასხმას მუდმივად ახორციელებს. 

„მე თავიდანვე ვაკეთებდი ამაზე კომენტარს და პარლამენტში ფაქტობრივად ჩემი ეჭვი გახარიამ დაადასტურა, რომ პანკისში მიმდინარე მოვლენებში თავდაპირველად ის არ მონაწილეობდა. საკითხის მნიშვნელობა ჩანდა, რომ სათანადოდ შეფასებული არ იყო და სიტუაციის  მართვა საკმაოდ დაბალ დონეზე დაიწყო და ფუქსავატური მიდგომა დავინახეთ. მან აუცილებლად უნად გაარკვიოს, რა მოხდა, რადგანაც მაინც მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ეს იყო პირადად მის წინააღმდეგ დადგეგმილი შეგნებული პროვოკაცია. 

"რაც შეეხება პანკისში მოსახლეობის დასჯას და პასუხისგებაში მიცემას, აქ გარკვეული შუალედის მოძებნაა საჭირო. თავის მხრივ პანკისელებმაც უნდა აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს. სამომავლოდ სახელმწიფომ გარკვეული გარანტიები უნდა მიიღოს, რომ სახელმწიო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემა ექნებათ და ამ კუთხით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ. შუალედური გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. ის რომ საერთოდ რეგირება არ მოხდეს სწორი არ იქნება. ერთი კონსენსუსია მისაღები,“ -აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.  

ხუხაშვილი ამბობს, რომ მინისტრი აღმოსავლეთ ექსპრესში ზის და სრულიად მარტოა. ფიქრობს, რომ ის თვალში ივანიშვილსაც დიდად არ მოსდის, მაგრამ მას მიაჩნია, რომ გახარიას  გარეშე უფრო მეტი პრობლემები ექნება და უბრალოდ სხვა გზა არა აქვს. მინისტრის  წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები გაგრძელდება. მართალია მან კრიზისი განმუხტა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ უბეში შენახულ ქვებს აღარ ისვრიან, უბრალოდ დაელოდებიან მას ფეხი კიდევ როდის დაუცდება,  ამბობს ხუხაშვილი.   

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×