დავითგარეჯის ირგვლივ პოლემიკა სულ უფრო საშიშ ტენდენციას იძენს. ამჯერად გარეჯში სასულიერო პირები ჩავიდნენ და ქადაგებისას მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი რელიგიური კონფლიქტით და სისხლისღვრით დაიმუქრა, თუკი გარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს არ გადაეცემა.
უფრო მეტიც, მან თქვა, რომ აზერბაიჯანს ჰერეთის დაბრუნებაც უნდა მოვთხოვოთ და რომ მუსლიმები ქრისტიანების ძმები ვერ იქნებიან, რადგან, ისტორიულად, სწორედ მუსლიმური ქვეყნებიდან ექმნება საქართველოს პრობლემები.
მიტროპოლიტის ამ განცხადებას პროვოკაციულს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ ექსპერტები.
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ამბობს, რომ "დიდი შარი მზადდება ქვეყანაში" და ურაპატრიოტები და კონფორმისტები ახდენენ მაქსიმალური დაპირისპირების პროვოცირებას.
"მეუფე იობის განცხადება არის პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი აზრის კულტივირების მცდელობა. ეს არის პირდაპირი წაქეზება," - მიიჩნევს მირცხულავა.
მისი თქმით, რეალურად, ახლა მიმდინარეობს უკანასკნელი ბრძოლა თავისუფალ საქართველოსა და ქართულ საბჭოთა ნარჩენებს შორის, რომლის ნაწილიცაა ეკლესიის ცალკეული ძალები - პირველ რიგში, საპატრიარქო.
"სწორედ ეს ძალები, ურაპატრიოტები და კონფორმისტები ახდენენ მაქსიმალური დაპირისპირების პროვოცირებას საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში. უფრო მეტიც, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მიზანმიმართული დაძაბულობის ინიცირების მცდელობა გახარიასა და ღარიბაშვილს შორისაც ამათი - ქართველი საბჭოელების - პროვოცირებულია. კიდევ უფრო შორს წავალ - ერთი მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღის დაგეგმვა და, მეორე მხრივ, უმცირესობების "წახალისება" რომ ერთი და იმავე პერსონის მიერ ხდება, ესეც ცნობილია და ის შედეგიც, რისთვისაც იწერება ეს სცენარი. მოკლედ, დიდი შარი მზადდება ქვეყანაში და ჩვენ უაზრო დღის წესრიგით ვცხოვრობთ," - წერს მირცხულავა "ფეისბუქში".
თეოლოგ გოჩა ბარნოვის შეფასებით, ასეთი განცხადება უპასუხისმგებლო და მიუღებელია, მით უმეტეს სასულიერო პირისგან.
"ეს განცხადება აშკარად გამომწვევია. ლაპარაკი, რომ აზერბაიჯანელები მტრები და ეშმაკები არიან, სასულიერო პირისგან, მით უმეტეს მაღალი იერარქისგან, არაქრისტიანულია. საზღვართან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პრობლემა არსებობს, წინა ხელისუფლების დროსაც იყო ეს პრობლემა, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად დარეგულირდა. გარეჯის მონასტრის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, მაგრამ რაღაც შეთანხმება მოხდა და ჩვენს მომლოცველებს არ უშლიდნენ მონასტერში შესვლას. ახლა რაც ხდება, ეს აშკარად პროვიცირებულია. ვინ დგას ამის უკან, ეს არ ვიცი, მაგრამ თავშეკავება გვმართებს. აზერბაიჯანთან ურთიერთობა არ უნდა გავიფუჭოთ. დავითგარეჯს ჩვენ არავინ გვართმევს.
სასულიერო პირს მსგავსი განცხადებები არ ეკადრება. უპასუხისმგებლო განცხადებები აქვთ და მარტო ამ კონკრეტულ თემაზე არა, ზოგადად, რაც ზიანს აყენებს ქართველი ერის იმიჯს. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გამო აკლდებათ მრევლი და ამაზე რატომ არ ფიქრობენ?! ქრისტიანობა სიყვარულისა და მეგობრობის აღმსარებლობაა და როგორ შეიძლება, ქრისტიანმა მღვდელმთავარმა სიძულვილით ილაპარაკოს მეზობელ, პარტნიორ ქვეყანაზე," - აღნიშნა "რეზონანსთან" ბარნოვმა.
მეუფე იობის განცხადებას უმაღლესი დონის პროვოკაცია და შუღლის გაღვივებისკენ მიმართული უწოდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
"მეუფე იობის ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია. ყველა აქცენტი, რაც მეუფე იობმა გააკეთა, არის მიმართული შუღლის გაღვივებაზე და არა - პრობლემის მოგვარებაზე. ნაცვლად საკუთარი უვარგისი მთავრობის პასუხისმგებლობისა (რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარა მეუფე იობმა), მოვისმინეთ გაკვირვებული მოწოდება - რატომ არ გადავიდნენ ჩვენი მესაზღვრეები იქეთ მხარეს. მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ, არაა პარტიოტიზმი. დღეს თქვენ საზოგადოებას მღვდელი გაპონი გაგვახსენეთ. სირცხვილია!" - წერს "ფეისბუქში" უგულავა.
ცნობისათვის, 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ ნაწილში - უდაბნოს მონასტერში - მომლოცველებსა და ტურისტებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ "პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია" და 5 მაისამდე მიმოსვლა თავისუფალი იქნება.
მაშინ არქიმანდრიტმა კირონმა და ოპოზიციის ნაწილმა თქვეს, რომ ეს შესაძლოა, დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირდებოდესო. პრეზიდენტო დავით გარეჯში 20 აპრილს იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ საზღვრის დემარკაცია უნდა დასრულდეს და გარეჯის პრობლემა უნდა გადაწყდეს.
2 მაისს, ოთხშაბათს, გარეჯში სასულიერო პირები ჩავიდნენ. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა. მან თქვა, რომ "ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს დღეს გვართმევენ".
"იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი," - განაცხადა ეპისკოპოსმა.
იგი ქართველი მესაზღვრეებითაც უკმაყოფილოა, რომ "ვერ შეძლეს, იქით გადასულიყვნენ და დაეცვათ ეს ტერიტორია."
მეუფე აცხადებს, რომ მუსლიმური ქვეყნები ჩვენი მეგობარი ვერ იქნებიან.
"თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს, იცით, რას ნიშნავს? რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის, ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა. ტაო-კლარჯეთი თურქეთში, ყარაის ველი და ჰერეთი აზერბაიჯანში, ლორე-ტაშირი სომხეთში, სოჭი, აფხაზეთი, ახლა სამაჩაბლო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია," - აღნიშნა მან.
უფრო მეტიც, მეუფე იობის თქმით, დავით გარეჯის უდაბნოში არსებული სადავო ტაძრის გარდა, საქართველომ უნდა მოითხოვოს ჰერეთის დაბრუნება და თუ საჭირო გახდება სისხლი, ამაზე სასულიერო პირები წავლენ, პირველ რიგში.
"ჩვენ იქით უნდა შევედავოთ, რომ დავიბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო. თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე, გონიერება ეყოფა როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენ წინაშე ასეთი გამოწვევა დადგა," - განაცხადა მეუფე იობმა.