საზარელი მკვლელობა სოფელ ყანდაურაში - 85 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, 4 ადამიანი სანადირო თოფით მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა. ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძეა, რომელიც სამართალდამცველებმა გურჯაანის რაიონულ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს. ის დანაშაულის ადგილზე, სოფელ ყანდაურაში, საკუთარ სახლში დააკავეს. სასტიკი მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ორი გადაცვლილი დაკავებული მამაკაცის შვილი და რძალია. დანარჩენი ორი კი დედა-შვილია, მისი მეზობლები.
როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ეჭვმიტანილს შვილთან ადრე კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ, თუმცა ბოლო დროს მათი ურთიერთობა გამოსწორდა. მამაკაცს შვილი უვლიდა და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
ეჭვმიტანილის ცოლი კი დაჭრილია და მძიმე მდგომარეობაშია. ის საწოლს იყო მიჯაჭვული და ქმარმა, სავარაუდოდ, სახლში საკუთარ საწოლში დაჭრა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბრალდებული აგრესიულობით გამოირჩეოდა და მოკვლით დანარჩენ მეზობლებსაც ემუქრებოდა. ამიტომაც სანამ ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი არ მივიდა, მანამდე მისი დაკავება ვერ შეძლეს.
„85 წლის კაცია, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს. მან შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დაჭრილია მისი ლოგინად ჩავარდნილი მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. კაცმა არ იცის რეალურად რა მოხდა და რაზე დაიწყეს კონფლიქტი. სამი წელია აღარ უჩხუბიათ.
ადრე კი ნამდვილად კამათობდნენ, მაგრამ რაზე და რის გამო არავინ არ ვიცით. ეს თუ ამას იზამდა ვინ წარმოიდგენდა. თავდაპირველად სანადირო თოფიდან შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი დასახმარებლად შესულ დედა-შვილიც მოკლა, რომლებიც კარის მეზობლები არიან. ხმაურზე ჩვენ სანამ მივედით ყველა დაუხოცია. სახლიდან ყვიროდა, რომ ახლოს არავინ მივსულიყავით, თორემ ყველას გვესროდა.
ამიტომ პოლიცია მოვიდა და სპეციალური დანიშნულების რაზმი მოიყვანეს. მათ მოახერხეს მისი დაკავება. იმხელა უბედრურება ტრიალებს, ვერ წარმოვიდგენთ, ეს ალალ-მართალი დედაშვილი რაღა შუაში იყვნენ. მისახმარებლად შეცვივდნენ და ისინიც იქვე დახოცა. მოკლულ ცოლ-ქმარს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. კაცი 54 წლის იყო, ქალი კი 44-ის. მოკლული მეზობლის ბიჭი 37 წლის იყო. დედას დაუძახია მოდი, ჩქარა რაღაც ხდებაო და ორივე მკვდარია“, – უთხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა გ.ნ-მ “რეზონანსს“.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა მიჯრით, რამდენჯერმე ისროლა. მათივე ცნობით, ის მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.