თამარ შუკვანი
03.05.2019

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ყოველწლიური ანგარიში უკვე წარადგინა და კითხვა-პასუხის ნაწილი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. გადაწყვეტილება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ მიიღო.

ოპოზიცია სხდომის ღია ფორმატში გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კობახიძის გადაწყვეტილებით, გომელაურის ყოველწლიური მოხსენება ოფიციალურად დაიხურა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მიზეზად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო ინფორმაცია დაასახელა.

„გთხოვთ, რომ სანამ დაიწყება ბატონი გომელაურის გამოსვლა, ვიცოდეთ დეპუტატებმა, თუ გვექნება იმის საშუალება, რომ დებატები შედგეს საჯარო ფორმატში. ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულია, რომ ასეთი ტიპის უწყების ანგარიშის განხილვა ხდება საჯაროდ, თუმცა თუ არის რაღაც რაიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც უნდა გაჟღერდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაიხუროს," - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის" დეპუაუტმა თინა ბოკუჩავამ.

მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სხდომის ღია ფორმატში გაგრძელებას ითხოვდა:

„მას შეუძლია თავი შეიკავოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან ან უბრალოდ გადავა სხვა კითხვაზე. ვფიქრობ, რომ ღია უნდა იყოს სხდომა, რადგან ანგარიშის ირგვლივ გვექნება საუბარი. გაერთიანებულ კომიტეტებზე დაისვა კითხვები და პასუხები მივიღეთ. ახლა, მე ვფიქრობ, რომ უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი უნდა წარსდგეს მოსახლეობის წინაშე, რათა ადამიანებმა ნახონ პირდაპირ ეთერში ის, როგორც მათი უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი. მნიშვნელოვანია, რომ სხდომა იყოს ღია," - განუცხადა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სუს-ის მიმართ კითხვები ბევრ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

„მთავარი და საჯარო პრობლემა, რომელიც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებასთან და კონკრეტულად სუს-თან დაკავშირებით გვაქვს, არის ის, თუ რაზე აქვთ მათ ფოკუსი - ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე უსაფრთხოებაში.

„ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი; შიდა ექსტრემისტული ჯგუფები, ვინც ისევ და ხშირად რუსეთთან არის დაკავშირებული, თუ პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები, რასაც ყოველდღე ვხედავთ: არჩევნებში ჩარევა და უკანონობა, როცა ეს მმართველ პარტიას სჭირდება. ეს მთავარი გამოწვევაა და კონკრეტული საკითხები გვაქვს, სადაც გომელაურმა პასუხი უნდა გაგვცეს, რას აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები, როგორც ჩრდილოელი, ისე - ტერორისტული საფრთხისგან," - განაცხადა ბოკერიამ.

სხდომის დახურვის თემაზე აღნიშნა, რომ მისი ნაწილი საჯარო უნდა იყოს:

„მეორე საკითხია საზოგადოებისა და პარლამენტის მიმართ პატივისცემა. არის საკითხები, რომელიც უნდა იყოს დახურული, მაგალითად, მიმდინარე ოპერაციის დეტალები, მაგრამ არსებობს საჯარო დისკუსიის საკითხები," - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×