თამარ შუკვანი
03.05.2019

 „ლევან კობერიძის გადაწყვეტილება კი არ არის გასაკვირი, დანარჩენების პოზიცია მაკვირვებს, არ ვგულისხმობ კობახიძის გუნდს. იქ არიან ადამიანები, ვინც 2011-12 წლებში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ სწორედ ასეთი უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ, დღეს რა დაემართათ ასეთი, რომ ყველაფერზე მიდიან და ყველა მორალურ ზღვარს გადადიან?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე მმართველი გუნდის რიგების დატოვების შესახებ დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ანი მიროტაძე: კობერიძის გადაწყვეტილება არ არის გასაოცარი, ეს ცოტა ადრეც უნდა გაეკეთებინა. მე დანარჩენების მიკვირს, - ვისთან და რასთან დარჩნენ? მკვლელებთან და მკვლელების ხელის დამფარებლებთან? მერე რას აპირებენ? - ხვალ, ზეგ როგორ უნდა გააგრძელონ ამ საზოგადოებაში ცხოვრება და რა უნდა უთხრან საზოგადოებას, რომელიც ადგა და ტოტალური დაშინების ფონზეც კი ყველანაირი შიშის ზღვარი გადალახეს და დადგნენ იქ, სადაც სიმართლე იყო.

ყოველდიურად ვრწმუნდები იმაში, რომ სწორედ მორჩილების მაღალი ხარისხის ნიშნით შეირჩნენ პარლამენტში ადამიანები, გასაკუთრებით უმრავლესობაში, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა. ასევე მავნებლურია ის დამოკიდებულება, რაც ზოგადად ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს.

„რეზონანსი": მმართველი გუნდის რიგებიდან, კობერიძესთან ერთად, მოსამართლეებზე კანონს კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა მხარი. როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი, „ოცნების" დატოვება, კვლავ გაგრძელდება?

ა.მ: პროცესი შეუქცევადია. ეს კანონპროექტი და კიდევ სხვა პროცესებიც, უმრავლების შეთხელებაზე აუცილებლად გავლენას მოახდენს. რატომ დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს? რადგან ბიძინამ თქვა ასე, ბიძინას უნდოდა და ვინ არის ბიძინა? - ხალხი მიიღებს აბსოლუტურად ადეკვატურ გადაწყვეტილებას და მოიქცევა ისე, როგორც მის მიმართ უნდა მოიქცეს. როგორც ჩანს, ის ყველაზე ფლობს გარკვეული ტიპის ინფორმაციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, რომ ისინი მართოს.

2020 წელს საქართველოს მოსახელობამ უნდა იყოჩაღოს, რომ უპრინციპო და მონებად ქცეულ ადამიანებს უარი უთხრას, მიუჩინოს თავისი ადგილი. ამ ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის. ძალიან უხერხულია. არ ვიცი, რატომ არ უყურებენ საკუთარ თავს გვერდიდან. რამდენი გამონაკლისი შემიძლია ვთქვა, - ყველაზე დიდი ათი დეპუტატი, რომელზეც შეიძლება ლაპარაკი. დანარჩენზე, მორალური ღირებულბების მდგრადობის შესახებ არ შემიძლია რაიმე კარგი და დადებითი გითხრათ, გვიჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რატომ უნდა იყვნენ ისინი პარლამენტში?

„რ": პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამას როგორ შეაფასებთ?

ა.მ: რას ელოდებოდით აბა, არ მოაწერდა? ნებისმიერ სხვა კანონს მოაწერს ხელს, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. ზურაბიშვილი ერთადერთ შემთხვევაში გააპროტესტებს თუ რაიმე მის კეთილდღეობას და პოზიციას შეეხება. როგორც ჩანს, ეს ამბავი მას არ ეხება.

ზურაბიშვილმა ჯერ ვერ გააცნობიერა, რომ ქვეყნის მთავარსარდალია და ის, პირველ რიგში, ვალდებულია ადამიანის უფლებები დაიცვას და მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. მან არ იცის, როგორ წაიკითხოს მისი უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები.

კარგად მესმის ამ ყველაფერს რატომაც ლობირებდა კობახიძის, მდინარაძის და ზარდიაშვილის გუნდი. არც არის მოულოდნელი, რომ ეს კანონპროექტი ასე გავიდა. ერთი არის, რომ ლობირებდნენ ისინი, მაგრამ ვისი ინტერესი იყო, - ესეც გასათვალისწინებელია. ეს რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, გამორიცხულია ეს კანონპროექტი ასეთი მაღალი მხადაჭერით გასულიყო. ბიძინა ივანიშვილი უსამართლობის მხარეს დარჩა და მისი გემოვნების ნაწილი კოლექტიური მურუსიძეები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×