საქართველოსთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია, თავშესაფრის მთხოვნელი ქართველების რაოდენობის უკიდურესად გაზრდის გამო და ამაზე უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოუხშირეს გამაფრთხილებელი განცხადებები, არამედ ექსპერტებიც აქტიურად საუბრობენ.
„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამჯერად საფრანგეთშია და თუ საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა არ შემცირდება, დიდი საფრთხეა, რომ საქართველოს მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 9 თვით შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა შენგენის მთელ ზონაში.
გოგოლაშვილის თქმით, ძალიან გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავშესაფარს ითხოვს და ევროკავშირის მხრიდან სერიოზული პრეტენზიებია საქართველოს მიმართ.
„შარშან 18 000-მ ადამიანმა მოითხოვა ევროკავშირში თავშესაფარი. ევროკავშირმა 2017 წლის მარტში მიიღო რეგულაცია, რომელიც აწესებს ზღვარს, რომელთა შორის ერთ-ერთია ის, რომ თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 50%-ით გაიზრდება, იმ ქვეყანას უვიზო მიმოსვლის გაუქმება ემუქრება. ასევე, თუ 50%-ით გაიზრდება საზღვარზე უარის თქმის რიცხვი და ევროპაში არალეგალად დარჩენილების რიცხვი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ჩვენთვის ახლა ყველაზე დიდ საფრთხე მოდის იმისგან, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ითხოვენ ინტენსიურად. ბოლო ხანებში განსაკუთრებლად საფრანგეთში მოიმატა თავშესაფრის მოთხოვნებმა. ადრე პრობლემა იდგა გერმანიასთანაც. ახლა გერმანიაში ცოტა შემცირდა, მას შედეგ, რაც გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა და სწრაფად ეუბნება უარს ჩვენს მოქალაქეებს. თავშესაფრის მთხოვნელთა სამეულშია ჩვენი მოქალაქეები ასევე ირლანდიაშიც, ჩეხეთშიც, დანიაშიც, ეს რიცხვი მომატებულია იტალიაშიც, თუმცა ამ მომენტში ყველაზე დიდ პრობლემას საფრანგეთი წარმოადგენს. თუ საფრანგეთმა შეიტანა ევროკავშირის საბჭოში შეჩერების მოთხოვნა, გამორიცხული არ არის მას სხვა ქვეყნებმაც დაუჭირონ მხარი დროებით შეჩერებას, პირველ ეტაპზე ის გულისხმობს 9 თვით შეჩერებას და ქვეყანაზე დაკვირვებას,"- ამბობს გოგოლაშვილი.
მისი თქმით, ევროკავშირში მიგრაციის თემა ისედაც ძალიან არაპოპულარულია და ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ უვიზო მიმოსვლა დროებით შეჩერდეს.
„ამ პრობლემის გადასაჭრელად დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება გამკაცრდეს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში გასვლა,"- აღნიშნავს გოგოლაშვილი და განმარტავს, რომ შეიძლება ქართულმა მხარემ არ გაუშვას საზღვარზე ყველა და შემოწმება მოხდეს.
„ევროკავშირის რეგულაციებით, თუ ევროკავშირის ქვეყნები საზღვარზე უარის თქმის მაჩვენებელი გაიზრდება, ესეც შეიძლება გახდეს უვიზო მიმოსვლის ოფიციალური გაუქმების მიზეზი. ამიტომ ჩვენ არ გვაწყობს იქ შევიდეს მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც, დიდი ალბათობით, იქ პოტენციურად არალეგალურად დამრჩენია. დღეს ქართველი მესაზღვრეები არ ამოწმებენ, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ მოქალაქეებს ყველგან წასვლის უფლება აქვთ. თუმცა კონსტიტუცია არ ამბობს იმას, რომ სხვა ქვეყნის ყველა მოქალაქის შემოშვების ვალდებულება გვაქვს. ასეა ევროპაშიც. ამიტომ, გასვლაზე შეზღუდვა დემოკრატიის შეზღუდვაა, თუმცა ის დაშვებულა გარკვეულ შემთხვევებში, თუ ის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხის გამოა. ასეთი მნიშვნელოვანი საფრთხე კი ჩვენთვის არის ევროკავშირის პროცესის შეჩერება და უკან დახევა. ეს ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხეა და ამიტომ, შესაძლოა ყველა არ გაუშვან ევროპის მიმართულებით, ისი მოქალაქეები ვინც პოტენციურად შეიძლება არალეგალურად დამრჩენი იყოს. თუმცა ეს რთული განსახორციელებელიც იქნება, ადამიანები ბილეთებს აიღებენ მესამე ქვეყანაში, მაგალითად თურქეთამდე და შემდეგ თურქეთიდან შევლენ ევროკავშირის ქვეყნებში", - ამბობს გოგოლაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედებულა. საქართველოს მსგავსად კი საფრთხე ალბანეთს ემუქრება.
„თუმცა ალბანეთიდან არალეგალების და თავშესაფრის მთხოვნელების კლების ტენდენციაა ბოლო დროს, ჩვენგან კი ტენდენცია მზარდია... ჩვენ, ალბათ, დრო გვჭირდება, რომ ამ ტენდენციამ კლება დაიწყოს ,"- დასძენს გოგოლაშვილი.
აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის მთხოვნელები ქართველების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს საქართველოში საფრანგეთის ელჩიც.
პასკალ მენიეს თქმით, საქართველოს მოქალაქეები რაოდენობრივად იკავებენ პირველ ადგილს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის მიხედვით და ეს რაოდენობა მზარდია, რაც, ცოტა არ იყოს, მისთვის გაუგებარია, რადგან საქართველოში არ არის ომი, დევნის არანაირი საფრთხე, რომ მოქალაქეებმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ.