ელზა პაპოშვილი
03.05.2019

 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობა, სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე თქვა, რომ აზერბაიჯანთან კომუნიკაცია ყველა მინისტრს დაავალა. 

„ამის შემდეგ დელიმიტაციის საკითხებზე საუბარი ორი ქვეყნის კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება. პრემიერის აზრით, კომისიას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე,  კომისიის განახლება მოხდება. ის დარწმუნებულია, რომ დავით გარეჯის საკითხს აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ისე გადაწყვეტენ, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება.

ვინ იქნებიან იმ კომისიის წევრები, რომლებაც დავით გარეჯში შექმნილი პრობლემა უნდა მოაგვარონ და აზერბაიჯანთან საზღვარი დაადგინონ - კითხვას პრემიერ-მინისტრი არ პასუხობს.

საბჭოს წევრთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით  არ აქვს არც განათლების მინისტრს. შს მინისტრმა კი პარლამენტში თქვა, რომ დემარკაციის ახალი კომისია დაკომპლექტდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი „რეზონანსთან“  განმარტავენ, რომ კომისიის  შემადგენლობაში ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და დემარკაციის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. თუმცა  ოპოზიციას  ეეჭვება, რომ ამ კომისიამ  საკითხის გადაწყვეტა შეძლოს. 

მათი შეფასებით, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო და საკითხი უმაღლესი თანამდებობის პირების დონეზე უნდა გადაწყდეს.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ პრობლემა ხელისუფლების შესაბამისი შტოების ჩართულობით, უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

 „მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს შემადგენლობის განსაზღვრა საგარეო უწყების ბაზაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით იქნება შემადგენლობა წარმოდგენილი. როგორც თავდაცვის, ასევე ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებული უწყებების წარმომადგენლები. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კულტურის უწყების ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრის გზა იქნება მოძებნილი,“ - ამბობს მარიამ ჯაში.

კომისიის მუშაობის შედეგად, დავით გარეჯის ტერიტორიასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების იმედი არ აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყნის ხელმძღვანელების დონეზე.  

 „აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა ვერანაირად ვერ მოხდება კომისიის ფარგლებში ტექნიკურ დონეზე, თუ არ იქნა მიღებული სტრატეგიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება, უმაღლეს დონეზე ქვეყნის ხელმძღვანელებს შორის და ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი ვინ უნდა იყოს ალიევთან მოლაპარაკებებში საერთოდ გაუგებარია, იმიტომ, რომ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც კონსტიტუციური უფლებამოსილება არ გააჩნია,“ - აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, დაუყოვნებლივ, ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, კომისიის შემადგენლობა შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: აზერბაიჯანის ხელისუფლება და მათივე სასულიერო პირები და საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობით. გარდა ამისა, მისივე ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაუსაბუთებენ და გააგებინებენ, რომ დავით გარეჯი არის ქართული კულტურის ძეგლი და არა ალბანური.

“აუცილებელია, რომ სასწაფოდ კომისია შეიქმნას, სადაც  როგორც სახელმწიფოების – აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები, ასევე, ქრისტიანული და აზერიჯანელთა სასულიერო პირები შევლენ. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა გაირკვეს, თუ ვისია დავით გარეჯი. ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, თუ რატომ კეტავს აზერბაიჯანელების მხარე ამ ტერიტორიას პერმანენტურად“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ. 

მისივე თქმით, დავით გარეჯის მონასტერი, მოქმედი და არამოქმედი ტაძარი, 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.

რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას, როგორც ანდრიაძე ამბობს,  დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა დაუსაბუთონ, რომ ეს ძეგლი ქრისტიანულია.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყველა მნიშვნელოვანი სტუმარი სწორედ გიშში ჩაჰყავს და მას სტუმრებს ისე აცნობენ, როგორც ალბანურ ძეგლს. იგივე დამოკიდებულებაა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებითაც. ამიტომ, უნდა შეიქმნას კომისია. არდა ამისა, ჩვენ ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც დიპლომატიური კორპუსი იქნება წარმოდგენილი. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები მათ დაუსაბუთებენ და გააგებინებენ, რომ ეს არის ქართული კულტურული ძეგლი და არა ალბანური“, – აღნიშნა ანდრიაძემ. 

თითქმის ორი კვირაა დავით გარეჯში ვითარება დაძაბულია.  უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. 4 დღის განმავლობაში ტერიტორია მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო. ამ დროისთვის ტერიტორია ღიაა, თუმცა არსებული ინფორმაციით, დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა შესაძლოა 5-დან 15 მაისამდე პერიოდში ისევ ჩაიკეტოს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×