მიწის კანონი თითქმის მიღებულია, პროექტში ცვლილებები აღარ შევა
მარი ჩიტაია
03.05.2019

 ზაფხულში საქართველოს ახალი მიწის კანონი ექნება. მანამდე, პირველი მოსმენით, პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე ორგანული კანონის პროექტი მიიღო. სპეციალისტების ნაწილს შენიშვნები ამ ეტაპზეც აქვს, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, საბოლოოდ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შევა ან იქნება მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილება. 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტს 111 ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. მასთან ერთად მიიღეს "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი. 

პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძლება ფლობდეს: სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკა, მუნიციპალიტეტი; საჯარო სამართლის იურიდიულ პირი; საქართველოს მოქალაქე და ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი, თუ დომინანტი პარტნიორი არის საქართველოს მოქალაქე ან ზემოთ აღნიშნული რომელიმე სუბიექტი. 

ასევე განსაზღვრულია მთავრობის დისკრეცია, სადაც გაწერილია კონკრეტული გარემოებები, თუ რა პირობებში შეიძლება მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიწის უცხოელზე გასხვისების შესახებ. კანონპროექტი ასევე მემკვიდრეობით ნაწილს ითვალისწინებს. 

"ველოდი, რომ მხარდაჭერა გვექნებოდა და ასეც მოხდა. ეს კანონი არის ხვალინდელი დღისთვის აუცილებელი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მხარს გვიჭერს, ვთვლი, რომ ამ პროცესში დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მიმდინარე სასესიო პერიოდის დასრულებამდე დავასრულოთ ეს პროცესი. ბევრი ტრანზაქცია არის შეჩერებული და სოფლის მეურნეობაში, სეზონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დროულად იყოს კანონი მიღებული, წესები ნორმები და შესაბამისი სახელმძღვანელოები არსებობდეს, რათა არ დაზიანდეს და არ შეფერხდეს სოფლის მეურნეობის განვითარება", - განუცხადა "რეზონანსს" აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ. 

რაც შეეხება სპეციალისტების რეკომენდაციებს, დანელიას თქმით, ნაწილი კანონპროექტში გათვალისწინებულია, მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებთან დაკავშირებით, თუმცა მოსაზრებას ტერმინ "მდგრად მართვასთან" დაკავშირებით პარლამენტი არ იზიარებს, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც დეპუტატი ამბობს, მზად არიან განსხვავებული არგუმენტები მოისმინონ. 

"ჩემი აზრით, ცვლილებები აღარ იქნება. უკვე გავიზიარეთ შენიშვნები და განისაზღვრა კატეგორიები, მათ შორის, ერთ-ერთია საკარმიდამო, რომელიც სუფთა დარგობრივი თვალსაზრისით, აქამდე არ არსებობდა. რაც შეეხება "მდრადი მართვას", მსჯელობა იყო, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკით ვიხელმძღვანელეთ. მიუხედავად ამისა, მზად ვართ მომავალშიც ვიმსჯელოთ ამ ტერმინთან დაკავშირებით და არგუმენტები მოვისმინოთ", - განაცხადა დანელიამ. 

აგრარული დარგის სპეციალისტებს შენიშვნა ისევ აქვთ. ანზორ მესხიშვილის თქმით, გარკვეული ეს ეხება განსაკუთრებით მიწის საკუთრების ნაწილს, ასევე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხსაც.

"ჩემი აზრით, 1996 წელს მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონი ძალადაკარგულად უნდა გამოეცხადებინათ. ამ ერთი კანონის ნაცვლად ღებულობდნენ 2 კანონს: ერთია, სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შეასხებ კანონი და მეორე - მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ. 2 კანონის მიღებას ჯობდა, 1 მიწის კოდექსი მიეღოთ. ამასთან, ამ მეორე კანონში, მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და მდგრადი მართვის შესახებ, სიტყვა მდგრადი არ არის მიზანშეწონილი, ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ამოეღოთ. 

პირადად ვიყავი წინააღმდეგი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის დროს უნდა გათვალისწინებულიყო სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვა და შემდეგ იყო მთელი რიგი ლაბირინთები, რომელიც გაართულებდა მიწის გაყიდვაზე ტრანზაქციის აქტებს და ხელს შეუწყობდა კორუფციას და თაღლითობას. ამ თვალსაზრისით, ზედმეტი ბიოროკრატია იყო. ასევე კატეგორიულად მოვითხოვდი დამატებულიყო მუხლი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საკუთრებაში ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, და მას დანიშნულებისამებრ არ იყენებს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში, ჩამოერთვას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და გადაეცეს სახელმწიფოს. ეს არ გაითვალისწინეს. რაც მთავარია, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ საფინანსო და საბანკო ინსტიტუტებს მიწა მიეცეს საკუთრებაში, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - აღნიშნა "რეზონანსთან" მესხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×