თამარ შუკვანი
04.05.2019

 „ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ფაქტების განხილვა სასამართლოში ინდივიდუალურად მოხდება. არსებობს ორი კრიტერიუმი: ობიექტური, რომლითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ყველა პირის მიმართ მსგავსი ქმედება იქნება აღქმული, როგორც სექსუალური შევიწროება; და სუბიექტური მომენტი, როდესაც ინდივიდუალური მახასიათებლების გამო გარკვეული მოქმედება, სიტყვები და ფრაზები აღქმული იქნება, როგორც სექსუალური შევიწროება. ამ ორი ელემენტის ერთობლიობა შექმნის დანაშაულს," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პარლამენტის მიერ საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შესახებ საუბრისას, რომლის მიხედვითაც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება.

პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით - 102 ხმით დაამტკიცა. სექსუალური შევიწროება 300 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა - 500 ლარით დაჯარიმებას ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

ამასთანავე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

უფლებადამცველი განმარტებას აკეთებს და კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს - კონკრეტული პირის მიმართ რა შემთხვევაში აღიძრება საქმე და სექსუალურ შევიწროებად რა ქმედება იქნება მიჩნეული.

„ცუდი (ბილწი) სიტყვების გამოყენება, ობიექტურად ყველასთვის შეურაცხმყოფელია და შევიწროების ნიშნებს შეიცავს, თუ სექსუალური ხასიათის მინიშნებები და ფრაზეოლოგიაა გამოყენებული, თუმცა ვიღაცის თავმოყვარეობა შეიძლება სუბიექტურად შედარებით მაღალია, ვიღაცის შედარებით დაბალია, მაგრამ გონივრული განსჯის შედეგად, სასამართლომ უნდა დაასკვნას, ასეთი მიმართვა იქნებოდა თუ არა ყველასთვის სექსულაური შევიწროების ნიშნის მატარებელი.

„იგივე შეეხება ქცევასაც; ამაში იგულისხმება არა უშუალოდ სექსუალური აქტი, არამედ ხელის შეხება, მოქმედებები. ყოველ კოკნრეტულ შემთხვევაში მოხდება განსჯა - რასთან გვქონდა საქმე, რაში გამოიხატებოდა ეს ქმედება და რა შედეგი დადგა კონკრეტული პირის მიმართ.

„მაგალითად, სამსახურში ხუთი ქალი და ხუთი მამაკაცი მუშაობს. ამ ხუთი მამაკაციდან ერთი მამაკაცი ერთ-ერთის მიმართ სექსუალური ხასიათის კომენტარებს აკეთებს, რაც მან დამამცირებლად მიიჩნია და ასევე, სხვა კოლეგებთან მიმართებით დამამცირებელ მდგომარეობაში ამყოფებს. ეს არ არის ერთჯერადი - ცუდად შემომხედა, ცუდად შემეხო. ამას უნდა ჰქონდეს განმეორებითი ხასიათი და მიზანიც უნდა იყოს - ამ ადამიანში სირცხვილის, დამცირების, შეურაცხოფის განცდა გამოიწვიოს.

„მამაკაცები ქუჩაში დასეირნობენ ღამით, ქალისთვის ეს არ არის მთლად უსაფრთხო. თუ მაინცდამაინც სეირნობა მოუნდა, ორნი უნდა იყვნენ, ან თანხლები მამაკაცით. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ჩვენ ერთი და იგივე სივრცეში ვცხოვრობთ და ჩვენთვისაც ისევე უნდა იყოს შესაძლებელი ღამით გასეირნება, როგორც მამაკაცისთვის," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×