ტატა შოშიაშვილი
04.05.2019

 „საგანგაშო არაფერი არ ხდება, ისევე, როგორც კახიმ თქვა... მე დაპირისპირების არანაირ საფუძველს ვერ ვხედავ და გამორიცხულად მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდეს", - ასე შეაფასა უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა „რეზონანსთან" საუბრისას დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თხოვნა, რომ „ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან" არ გავაიგივოთ".

კითხვას, თუ რას ნიშნავდა კახი კალაძის ეს განცხადება და უნდა გაიგივდეს თუ არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მოსაზრებები მმართველი გუნდის პოზიციებთან, შოთა ხაბარელმა პასუხი არ გასცა.

„მოდით, ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

დეპუტატის თქმით, ის გამორიცხავს, რომ მომავალში შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი და მმართველი პარტია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რადგან „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს როგორც აქამდე უჭერდა მხარს, ისევე აგრძელებს:

„მე დაპირისპირების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ და გამორიცხულად მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდეს. ჩვენ ვიყავით მისი მხარდამჭერნი და დავრჩებით ბოლომდე.

„საგანგაშო არაფერი არ ხდება, ისევე, როგორც კახიმ თქვა. ჩვენ ვიყავით სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები და დღესაც ვაღიარებთ, რომ ასე იყო - მე პირადად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მის საარჩევნო კამპანიაში და არა მხოლოდ მე, საუბარია მთლიანად „ქათული ოცნების" ყველა წევრზე", - განმარტავს ხაბარელი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 მაისს თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას, აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადება „ქართული ოცნების" პოზიციაა, თუ მხოლოდ პრეზიდენტის განმარტა, რომ „ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არა აქვს ქართულ ოცნებასთან. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგიავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×