ტატა შოშიაშვილი
04.05.2019

 ვენესუელას ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლო ორი თვის განმავლობაში საიდუმლოდ ხვდებოდნენ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებსა და არმიის ხელმძღვანელობას. საუბრის თემა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო. ყველანი შეთანხმდნენ, რომ მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადურო უნდა წასულიყო პოსტიდან. თუმცა, ბოლო მომენტში შეთანხმება ჩაიშალა. ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი წერს".

გამოცემის ცნობით, შეხვედრები დომინიკის რესპუბლიკაში, კოლუმბიასა და პანამაში ტარდებოდა. ოპოზიციამ ხუან გუაიდოს მეთაურობით ვენესუელას თავდაცვის მინისტრ პადრინო ლოპესთან მიაღწია შეთანხმებას, რომ სამხედროები აღარ დაუჭერდნენ მადუროს მხარს, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი აირია და შეთანხმებაც დაირღვა.

შეთანხმების ჩაშლის მიზეზი ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს გუაიდოს ბოლო ხმაურიანი განცხადების გამო მოხდა. კერძოდ, 30 აპრილს ვენესუელას ოპოზიციონერმა ლიდერმა გამოაქვეყნა სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა „ლა კარლოტაზე" გადაღებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს ოპერაცია „თავისუფლების" ბოლომდე მიყვანასა და ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს პოსტიდან გადაგდებას. გუაიდოს თქმით, ეს არის ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ფინალური ეტაპი.

ვიდეოში ხუან გუაიდო აცხადებს, რომ კარაკასში მას მხარს უჭერენ „მამაცი ჯარისკაცები". კადრში ჩანს, რომ გუაიდოს გვერდით დგას ლეოპოლდო ლოპესი -ერთერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც 2009 წელს გუაიდოსთან ერთად მემარცხენე ცენტრისტული პარტია „ერის ნება" დააარსა. შემდგომში ლოპესი დააპატიმრეს და ტერორიზმის ბრალდებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი თქმით, იგი პატიმრობიდან ხუან გუაიდოს მხარდამჭერმა სამხედროებმა გაათავისუფლეს.

„ლა კარლოტას" ავიაბაზიდან გუაიდომ სხვა სამხედროებსაც მოუწოდა, რომ მას მხარი დაუჭირონ და მივიდნენ სამხედრო ბაზაზე, რათა, მისი თქმით, უზურპატორი მადუროს მმართველობას ბოლო მოუღონ.

„ახლა მე ვხვდები ჩვენი შეიარაღებული ძალების ძირითადი დანაყოფების მეთაურებს, რათა სათავე დავუდოთ ოპერაცია „თავისუფლების" ფინალურ სტადიას", - წერს გუაიდო თავისი „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×