მარიამ ბოლქვაძე
„დავით გარეჯის პრობლემას უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს. ბევრი მათგანი გადავწყვიტეთ, მაგრამ მის ბოლომდე მოგვარებას დრო და სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, დელიმიტირების პროცესი მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი თქმით, დავით გარეჯის პრობლემის მოსაგვარებლად ერთი ცალსახა პასუხი არ არსებობს და ამ საკითხზე დისკუსია მინისტრის თანამდებობაზე მისი ყოფნის დროსაც მიმდინარეობდა.
„დელიმიტაციის პროცესი არის არსებული კარტოგრაფიული მასალის ურთიერთშედარებით იმ ხაზის დადგენა, რომელიც რეალურად ერთმანეთისგან ყოფდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ სწორედ იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ უნდა დაფიქსირებულიყო სახელმწიფო საზღვარი. ეს სივრცე უკვე საბჭოთა პერიოდში იმგვარად იყო განაწილებული, რომ თემა იყო საკამათო.
„ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროსაც ამგვარი დისკუსიის პროცესი მიმდინარეობდა. ეჭვი არ მეპარება, რომ დღესაც საკითხი ამ პირობების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრას.
„საბჭოთა კავშირის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრის გარდა, არსებობდა შიდა ადმინისტრაციული საზღვრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრგან ამგვარი ხაზები კარგად დაფიქსირებული არც ყოფილა და მათი დადგენისათვის სხვა უამრავი მასალის გამოყენება გვიხდებოდა. ესენი იყო სამეურნეო, კოლმეურნეობების ფარგლები და სხვა. ამიტომაც, ამგვარი მასალა ძეგლის სივრცეში ქმნიდა პრობლემას, რომ საჭირო იყო დამატებითი შეთანხმების მიღწევა, რისი ძიებაც მიმდინარეობდა და როგორც ვიცი, ამჟამადაც დღის წესრიგში იგივე პროცესია.
„ჩვენი ამოცანაა, რომ საზღვარმა გაიაროს ისე, რომ იგი მაქსიმალურად ასახავდეს ისტორიულ-სამართლიან მიდგომას, ასახავდეს მეზობელი სახელმწიფოების, ხალხების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტერესების გათვალისწინების პირობებს.
„ახლა ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, იმგვარ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი ისტორიული ძეგლი მაქსიმალურად საქართველოს კონტროლის ქვეშ იყოს. მაგრამ ამ ყველაფერს ძალის ზემოქმედებით ხომ არ გააკეთებ? ისეთი შეთანხმების მიღწევაა საჭირო, რომელიც ორივე მხარესათვის, მისაღები იქნება. ეს მარტივი არაა, მაგრამ როგორმე უნდა მოხერხდეს," - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.