რეზონანსი
04.05.2019

 ქართულ პორტებში ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული ამერიკული სამხედრო ხომალდების სტუმრობა კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს... შავი ზღვის პორტებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების სტუმრობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ნატომ შავი ზღვის რეგიონში გააქტიურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის პორტში წელს უკვე მეორედ ჩაუშვა ღუზა აშშ-ის საზღვაო ძალების ერთ-ერთმა ყველაზე მრისხანე - "არლი ბიორკის" ტიპის სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანმა.

საგულისხმოა, რომ "დონალდ როსს" ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსვლისთანავე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი სამხედრო ხომალდი აედევნა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე "მოაცილეს".

რითი დაიმსახურა ასეთი "საპატიო" რუსული ესკორტი ქართული სანაპიროსკენ მცურავმა ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა? საქმე ის არის, რომ "დონალდ როსი" აღჭურვილია "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების 90 ვერტიკალური უნივერსალური გასაშვები მოწყობილობით, საიდან სტარტაღებულ "ტომაჰავკებსაც" 200 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინებით 2,5 ათას კმ-მდე შეუძლიათ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების განადგურება.

მარტო ერთ "დონალდ როსს" თავისი სარაკეტო ბირთვული პოტენციალით ერთი საშუალო ზომის ქვეყნის განადგურება შეუძლია. სწორედ ეს გარემოება აშინებს კრემლს, რადგან "ტომაჰავკები" შავი ზღვიდან მოსკოვს ძალიან იოლად მისწვდებიან.

ძნელი სათქმელია, ბათუმის პორტის სტუმარ "დონალდ როსს" ახლა "ტომაჰავკებზე" აქვს თუ არა ბირთვული ქობინები, თუმცა ბირთვული იარაღით აღჭურვილი სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლა აკრძალული არ არის.

(პალიტრა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×