ეკატერინე ბასილაია
05.05.2019

 ორ კვირაში შუალედური არჩევნები ტარდება, თბილისში, მთაწმინდაზე - პარლამენტში დეპუტატობისთვის, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში - მერობისთვის და დიდი ინტერესია, გაუჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ რომელიმე ოლქში გამარჯვება, ან ელოდება თუ არა დამარცხება თუნდაც ერთ ოლქში, რადგან, პოლიტოლოგების შეფასებით, თუკი „ოცნების“ კანდიდატმა ერთ ოლქში მაინც წააგო, ეს მმართველი პარტიისთვის დამარცხების მძიმე პრეცენდენტს შექმნის, ოპოზიციას კი უფრო თავდაჯერებულს გახდის.

მთაწმინდა, ზუგდიდი და მარნეული - დიდი ინტერესი სწორედ ამ სამ ოლქზეა, ამათგან კი ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ზუგდიდისკენაა, სადაც მერობისთვის „ოცნების“ მთავარი კონკურენტი „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსია, რის გამოც მიიჩნევა ზუგდიდი მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ადგილად. 

რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ტარდება. პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება მთაწმინდის ოლქში, მერების არჩევნებია 5 ქალაქში - ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულში, ხულოსა და ზესტაფონში.

 

მთაწმინდა

მთაწმინდაზე „ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძეა. მის კონკურენტად ძალიან მრავალფეროვანი ფიგურები არიან, მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი შალვა შავგულიძეც, რომლის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში შავ პიარს აქტიურად აწარმოებს „ოცნება“. უფრო მეტიც, სტრასბურგში მოგებული გირგვლიანის საქმის გასაკრიტიკებლად შავგულიძეს დებატებში ყველაზე ოდიოზური ფიგურა, მოსამართლე ლევან მურუსიძეც დაუსვეს.

რა შანსები აქვთ შავგულიძეს და კახაძეს, რაიმე კვლევა არ არსებობს. არსებობს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც მთაწმინდაზე ლადო კახაძემ პარტიიდან „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ იყარა კენჭი და მხოლოდ 3% მიიღო, ამ ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. შალვა შავგულიძეს კი 2016 წლის არჩევნებზე საბურთალოზე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ მიღებული აქვს 7%. ამ ოლქში „ოცნებიდან“ ლევან გოგიჩაიშვილმა გაიმარჯვა. ექსპერტების პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ ბოლო დროს ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და მოსამართლეების შესახებ კანონის მიღების გამოც ბევრი მომხრე გაუნაწყენდა, გამარჯვების შანსი მაინც „ოცნების“ კანდიდატს აქვს.

 

ზუგდიდი

რაც შეხება მერების არჩევნებს, ექსპერტების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან, პრინციპული ბრძოლის ადგილად ზუგდიდი მიიჩნევა, რადგან ყოფილი პირველი ლედი არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი და „ოცნებამ“ უნდა დაამტკიცოს, რომ მათი ლოზუნგი - „ანტიმიშა“ ისევ მუშაობს და ამომრჩეველი სააკაშვილის ცოლს მხარს არ დაუჭერს.

ამიტომაც დიდი აქტურობაა ზუგდიდში, სადაც ამომრჩევლებთან შეხვედრებისას „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსისთვის ხელის შეშლა არაერთხელ სცადეს „ოცნების“ აქტივისტებმა. 

ზუგდიდში „ოცნების“ მერობის კანდიდატი მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შენგელიაა. მისი წინამორბედი კორუფციული სკანდალის გამო გადადგა თანამდებობიდან.

ზუგდიდის არჩევნებში ერთგვარი გამოცდილება სანდრა რულოვსს გააჩნია. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც მან და ვერც „ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღო 50%-ზე მეტი ხმა, თოლორაიამ მიიღო - 47%, რულოვსმა - 46%. მეორე ტურში მონაწილეობაზე კი რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ „პირველივე ტურში გაიმარჯვა“ და რეალურად მას ეს არჩევნები „მოპარეს“.

ექსპერტების აზრით, ზუგდიდში ყველაზე დიდი შანსია, რომ მეორე ტური შედგეს, თუმცა თვლიან, რომ მეორე ტურში მაინც „ოცნებას“ აქვს გამარჯვების შესაძლებლობა. ანალიტიკოსები ზუგდიდში არჩევნების დღეს პროვოკაციებსაც პროგნოზორებენ.

 

მარნეული

ასევე არც თუ მშვიდი არჩევნების მოლოდინია მარნეულში, სადაც ერთგვარ ტრადიციისამებრ არჩევნებზე შეხლა-შემოხლა ხდება ხოლმე. „ოცნების“ კანდიდატი არის ზაურ დარგალი. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი კი აკმამედ იმამკულიევია, რომელთანაც ბრძოლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებას“ გაუჭირდა. იმამკულიევი „ნაცმოძრაობის“ სახელით მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და პირველ ტურში „ოცნების“ კანდიდატზე 5%-ით მეტი ხმა მოაგროვა - 48%. ახლაც მოლოდინია, რომ დაძაბულობა იქნება, თუმცა ექსპერტების თქმით, დიდი ალბათობით, მაინც „ოცნება“ გაიმარჯვებს.

 

პროგნოზები

ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში ექსპერტებს „ოცნების“ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებათ. ამბობენ, რომ ამ ოლქებში მმართველ პარტიას პირველივე ტურში აქვს გამარჯვების შანსი. 2016 წელს ხულოში „ოცნებამ“ პირველივე ტურში მოიგო,  ზესტაფონსა და ჭიათურაში გასამარჯვებლად კი მეორე ტური დასჭირდათ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ნეგატიური განწყობა გაზრდილია, ყოველ წელს და ყოველ ჯერზე  ძალაუფლების უფრო და უფრო დიდი მონოპოლისტი ხდება „ოცნება“ და შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენს ნაკლები პერსპექტივა აქვს, რომ გაიმარჯვოს.

ის ეჭვობს, რომ რომელიმე ოლქში განსაკუთრებულად გაუჭირდეს გამარჯვება მმართველ პარტიას.

„ძალიან დაბალი რეიტინგი და ძალაუფლებას შორის განსხვავება არის დიდი, ამიტომ ბოლო წლებში არჩევნები არის ძალაუფლებების შეჯიბრებაზე. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რომ  ამომრჩევლების აქტივობა არის ძალიან დაბალი და შესაბამისად, გავლენა და აქტივისტების მობილიზაციის მეტი უნარი ვისაც გააჩნია, ის იმარჯვებს. ეს აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმაც. 

„მე ვფიქრობ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ძალიან დიდია და შესაბამისად, ნაკლები პერსპექტივა აქვს ყველა სხვა დანარჩენს, რომ გაიმარჯვოს და კონკურენცია გაუწიოს. „ოცნება“ გაიმარჯვებს არა იმის გამო, რომ ან ნდობა აქვს, ან დადებითი რეიტინგი, უბრალოდ, იმიტომ რომ, „ოცნების“ ძალაუფლება, ადმინისტრაციული რესურსები ყველგან ძალიან მაღალია. ამიტომ დიდ სიურპრიზებს არ ველოდები. 

„თუ ყველზე გამორჩეულ შემთხვევაში დავუშვებთ მეორე ტურის შესაძლებლობას, შეიძლება ეს იყოს იმ ოლქებში, სადაც მოსალოდნელია, მაგრამ მთლიანობაში ვეჭვობ, რომ სადმე „ოცნება“ დამარცხდეს. 

„მეორე ტურს მთაწმინდაზე ნაკლებად ვვარაუდობ, მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდაზე საკმაოდ საინტერესო სახეებია მობილიზებული ხელისუფლების ოპონენტებად. შეიძლება მეორე ტური იყოს მარნეულსა და ზუგდიდში. შეიძლება ამ რეგიონებში გარკვეულწილად დაიძაბოს სიტუაცია არჩევნების დღეს, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ამ ოლქებში „ოცნებამ“ მანდატები დათმოს“, - ამბობს გამზარდა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამ არჩევნებზე ზუგდიდი არის „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ძალთა დატოლების და ბრძოლის პოლიტიკური არენა.

„ორი ტიპის მეტოქე ჰყავს ამჟამად „ოცნებას“, ერთი პოლიტიკური მეტოქე და მეორე - მოსახლეობა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კონკურენტმა კი არ გაიმარჯვა, არამედ მოსახლეობამ დაამარცხა „ოცნება“, ახლაც არის ეს ფაქტორი. შეიძლება მოსახლეობამ დაამარცხოს „ოცნება“ იმით, რომ სულ ერთი იქნება ვის მისცემს ხმას, ოღონდ ხმა არ მისცეს „ოცნებას“. აი, ეს ფსიქოლოგიური კლიმატი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე ძლიერი. 

„მიუხედავად ამისა, დღეისთვის რასაც ვუყურებ, საარჩევნო კამპანიები არ ხმაურობენ ისე მკაფიოდ. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში ჰყავს მთავარი ფალავანი გამოყვანილი ოპოზიციას, არაფერი არ ისმის იქიდან. მკაფიო საარჩევნო მოვლენები არ არის, ამიტომ მე მგონი, მაინც ამ მოდუნებული საარჩევნო კამპანიის ფონზე „ოცნება“ გაიმარჯვებს, თუ მოსახლეობამ არ დაამარცხა და მასზე გაბრაზების გამო არ თქვას მათ კანდიდატზე უარი. ეს ფაქტორი თუ შემოვიდა, ბევრი რამ აირევა. ამ ფაქტორის გარეშე კონკურენტების ბრძოლის შემხედვარეს არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნება“ სადმე წააგებს,“ - მიიჩნევს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×